გომელაურის თქმით, ყველა ის პირი დაისჯება, ვინც მელაშვილსა და "მთავარ არხს" თავს დაესხა

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ ყველა ის პირი დაისჯება, ვინც გამოძების შედეგად გამოვლინდება. ამის შესახებ მან დღეს ისაუბრა.

"ყოველგვარი ძალადობა არის მიუღებელი. პირველ რიგში, ჟურნალისტებზე და მოქალაქეებზე. გამოძიებით რაც დადგინდება, დაისჯებიან... მე არ ვარ გამომძიებელი, მე ვარ მინისტრი. რაც მომახსენეს, დავიწყეთ გამოძიებაო. შეიძლება 5 მუხლი დაემატოს, შეიძლება არ დაემატოს", - განაცხადა მან.

ასევე ნახეთ დავითგარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე ივერი მელაშვილსა და "მთავარი არხის" ჯგუფს თავს დაესხნენ

ივერი მელაშვილსა და "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფს თავს დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე დაესხნენ. დაზიანებულია ტელევიზიის კუთვნილი ტექნიკა. როგორც ადგილზე მყოფი "მთავარი არხის" ჟურნალისტი, ნინუცა კეკელია ჰყვება, სამონასტრო კომპლექსში ივერი მელაშვილთან ერთად სიუჟეტის მოსამზადებლად ჩავიდა. შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ივერი მელაშვილს თავს დაესხნენ. მას პატიმრობიდან გათავისუფლებიდან რამდენიმე დღეში ტექნიკის მაღაზიაში მიაყენეს შეურაცხყოფა.

მაშინ მისმა ადვოკატმა, გიორგი მშვენიერაძემ პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისრა.

"პასუხისმგებლობა ამ ყველაფერზე ეკისრება ხელისუფლებას, რომელიც საკუთარი პროპაგანდით მორალურ სასამართლოს უწყობს უდანაშაულო ადამიანებს და ხალხს უბიძგებს მათზე ძალადობრივი იერიშისკენ", - ამბობდა მაშინ მშვენიერაძე.

"კარტოგრაფების საქმეზე" ბრალდებული ივერი მელაშვილი მეორე ბრალდებულ ნატალია ილიჩოვასთან ერთად წინასწარი პატიმრობიდან სასამართლო დარბაზიდან 28 იანვარს გათავისუფლდა. სახელმწიფო ბრალდების მხარე მას მაღალი თანამდებობის პირების დავალებით ქვეყნისთვის საზიანოდ ტერიტორიების შეთანხმებას ედავება აზერბაიჯანის სასარგებლოდ. არც ივერი მელაშვილი და არც ნატალია ილიჩოვა ბრალს არ აღიარებენ.