ვაქცინაციის პროცესში დღეიდან მთავრობის წევრები ჩაერთვებიან

კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში დღეიდან მთავრობის წევრები ჩაერთვებიან. არსებული ინფორმაციით, დღეს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აიცრებიან. ვაქცინაციას ისინი ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში (ყოფილი რესპუბლიკური კლინიკა) ჩაიტარებენ.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მიმდინარე კვირაში მთავრობის წევრებთან ერთად ვაქცინაციის პროცესში უნდა ჩაერთონ ასევე პარლამენტის წევრები.

გარდა ამისა, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ვაქცინაციის პრიორიტეტულ ჯგუფებს დაემატებიან ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორში დასაქმებული პირები, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები და კონტროლიორები.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში 15 მარტიდან დაიწყო და პირველ ეტაპზე გავრცელდა სამედიცინო პერსონალსა და 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე. 5 აპრილიდან, კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება შეუძლიათ 55 წლის ასაკს ზემოთ მყოფ მოქალაქეებს, ასევე, დიალიზზე მყოფ და ორგანოგადანერგილ პაციენტებს.

დღეს ქვეყანაში აცრა სამი ტიპის ვაქცინითაა შესაძლებელი - „ფაიზერით“, „ასტრაზენეკათი“ და „სინოფარმით“. ამ უკანასკნელით ვაქცინაცია 4 მაისიდან 18 წლის ზემოთ მოქალაქეებისთვის დაიწყო.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 47 949 აცრა, აქედან სრულად აცრილია 7009 ადამიანი.