ბელარუსში პატიმრობა მიესაჯა სვიატლანა ციხანოუსკაიას ოთხ თანამებრძოლს

სვიატლანა ციხანოუსკაია

ბელარუსის ქალაქ გომელში 6-დან 6,5 წლამდე პატიმრობა მიესაჯა ოთხ ოპოზიციონერს, რომლებსაც ბრალი ედებათ შენობების ხელში ჩაგდებისა და არეულობის მზადებაში.

იური ვლასოვი, ტატიანა კანევსკაია, დმიტრი ივაშკოვი და ალექსანდრ შაბალინი პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, სვიატლანა ციხანოუსკაიას ნდობით აღჭურვილი პირები იყვნენ. ისინი 9 აგვისტოს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დააპატიმრეს.

სასამართლოში მტკიცებულების სახით წარმოდგენილ იქნა სამწუთიანი რედაქტირებული ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ბრალდებულები თითქოს ციხანოუსკაიასთან ერთად მსჯელობენ, როგორ ჩაიგდებენ ხელში ადმინისტრაციულ შენობებს და დანიშნავენ საკუთარ წარმომადგენლებს ქალაქის აღმასრულებელ კომიტეტში.

ბრალდებულები თავს დამნაშავედ არ ცნობენ.

სასამართლო სხდომაზე არ დაუშვეს დამოუკიდებელი ჟურნალისტები. ამის მიზეზად ხელისუფლებამ ადგილების შეზღუდული რაოდენობა დაასახელა.

2020 წლის აგვისტოდან მინსკსა და ბელარუსის სხვა მსხვილ ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს. მათი მონაწილეები მიიჩნევენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც ოფიციალურ გამარჯვებულად ალიაქსანდრ ლუკაშენკა გამოცხადდა, გაყალბებული იყო. დემონსტრანტები მოითხოვენ, გამარჯვებულად აღიარებულ იქნეს ციხანოუსკაია, რომელიც ახალი თავისუფალი კენჭისყრის დაპირებით გამოვიდა.

ევროკავშირის რიგი ქვეყნები, ასევე დიდი ბრიტანეთი, აშშ და კანადა არ აღიარებენ ლუკაშენკას ლეგიტიმურობას და სანქციები შემოიღეს ბელარუსის ხელისუფლების წინააღმდეგ. ისინი ახალი არჩევნების ჩატარების მოწოდებით გამოდიან.