სააკაშვილი: „მე საქართველოში გიჟური მხარდაჭერა მაქვს, ნავალნის რუსეთში ასეთი არ აქვს“

მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ საქართველოში ახლო მომავალში ხელისუფლება შეიცვლება. ამის შესახებ მან Deutsche Welle-ს რუსულ სამსახურთან ინტერვიუში განაცხადა:

„მე ვფიქრობ, რომ წელს საქართველოში ხელისუფლება ნებისმიერ შემთხვევაში შეიცვლება. მათ მოიპარეს არჩევნები, მაგრამ შემდეგ ევროპელები ჩაერივნენ. მიღწეულია შეთანხმება, რომელიც სრულყოფილებისგან შორსაა, მაგრამ იგი ხსნის საკითხს რეფერენდუმისთვის ხელისუფლების შეცვლის შესახებ მიმდინარე წლის შემოდგომაზე. მე პირადად და ჩემი პოლიტიკური ძალა მოვემზადებით. ჩვენ ბოლომდე მივალთ და არ მივცემთ მათ ქვეყნის განადგურების უფლებას“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა, რომ საქართველოს ხელისუფლება მას ისევე მოექცეს, როგორც რუსეთი მოექცა ნავალნის, მან განაცხადა:

„მე ვფიქრობ, რომ რუსეთისგან განსხვავებით, ქართველი ხალხი საკმარისად მობილიზებულია. მე უბრალოდ გიჟური მხარდაჭერა მაქვს. ნავალნის მე გმირად მივიჩნევ, მაგრამ მას ჯერ მთელი რიგი მიზეზების გამო ასეთი მხარდაჭერა არ აქვს, მაგრამ დროთა განმავლობაში ექნება, თუ გადარჩება“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი ინტერვიუში აღნიშნავს, რომ მას ნავალნისგან უსიამოვნო რაღაცებიც ახსოვს, თუმცა რუს ოპოზიციონერს „წინააღმდეგობის გმირობის სიმბოლოდ“ მიიჩნევს.