დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს, რომ ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე ხვალ, 4 მაისს, აიცრება „სინოფარმის" ვაქცინით.
კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას გამყრელიძე რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაიკეთებს.
ასევე ნახეთ რა ვიცით „სინოვაკის“ შესახებვაქცინაციისთვის საჭიროა 2 დოზა და ის 21 დღის ინტერვალით კეთდება. ვაქცინის შენახვის პირობები 2-დან 8 გრადუსამდეა.
ოფიციალური ცნობით, ვაქცინების მთელი ქვეყნის მასშტაბით განაწილების სქემა, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს. ამ ეტაპზე ვაქცინაციის პროცესში 93 სამედიცინო დაწესებულებაა ჩართული.
დღეს ქვეყანაში აცრა ორი ტიპის ვაქცინითაა შესაძლებელი - „ფაიზერით“ და „ასტრაზენეკათი“. 4 მაისიდან 18 წლის ზემოთ მოქალაქეების ვაქცინაცია ჩინური წარმოების „სინოფარმითაც" დაიწყება.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში 15 მარტიდან დაიწყო და პირველ ეტაპზე გავრცელდა სამედიცინო პერსონალსა და 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე. 5 აპრილიდან, კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება შეუძლიათ 55 წლის ასაკს ზემოთ მყოფ მოქალაქეებს, ასევე, დიალიზზე მყოფ და ორგანოგადანერგილ პაციენტებს.