როდის გამოვა მელია საპატიმროდან?

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ (ენმ) არ ადასტურებენ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ საპატიმრო შესაძლოა მიმდინარე კვირაში დატოვოს.

როგორც ენმ-ში „რადიო თავისუფლებას“ უთხრეს, ამ დრომდე მათ არ სმენიათ ახალი ინფორმაცია, „ევროკავშირის გირაოზე“ ნიკა მელიას შეცვლილ პოზიციასთან დაკავშირებით. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერის შესაძლო გათავისუფლების მოლოდინი გაჩნდა მას შემდეგ, რაც 1 მაისს ის რუსთავის ციხეში „ლელოს“ ლიდერმა, დეპუტატმა მამუკა ხაზარაძემ მოინახულა.

  • რა გზები არსებობს ნიკა მელიას გასათავისუფლებლად და როდემდე შეიძლება გაგრძელდეს მისი პატიმრობა?
  • აუცილებელია თუ არა ნიკა მელიას წერილობითი თანხმობა „ევროკავშირის გირაოს“ მექანიზმის გამოსაყენებლად?
  • აქვს თუ არა აზრი პარლამენტში 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული საგამოძიებო კომისიის შექმნას „ოცნების“ ფართო ამნისტიის პარალელურად?

„ლელოს“ ლიდერთან, მამუკა ხაზარაძესთან შეხვედრის შემდეგ ენმ-ის თავმჯდომარეს საპატიმროდან ახალი განცხადება აღარ გაუკეთებია და, შესაბამისად, თანაგუნდელები მისი ბოლო პოზიციით ხელმძღვანელობენ. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას, ამ ეტაპზე ვერ ხედავს ვერანაირ საფუძველს მელიას მიერ უახლოეს დღეებში საპატიმროს „ევროკავშირის გირაოს“ საფუძველზე დატოვების მოლოდინისთვის.

„ნიკა მელია აცხადებდა, რომ ევროკავშირის გირაოს მხოლოდ ამნისტიის პროექტის უკან გაწვევის შემთხვევაში დათანხმდებოდა. ამ დრომდე ამნისტია უკან არავის გაუწვევია და ამიტომ ვერ გეტყვით, რას ეფუძნება ეს მოლოდინი (რომ ის ევროკავშირის გირაოს საფუძველზე მალე გათავისუფლდება)...

ხელისუფლებას აქვს ახლა მისი გათავისუფლების გასაღები და თეორიულად, თუ მოინდომებს, შეუძლია ოთხშაბათსაც გაათავისუფლოს, სამშაბათსაც, ხუთშაბათსაც და პარასკევსაც - ვინ იცის... მე ერთი ვიცი, რომ ნიკა მელია არ იცვლის ასე სწრაფად პრინციპულ გადაწყვეტილებებს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ლევან ხაბეიშვილმა.

4 მაისს, რუსთავის ციხეში ნიკა მელიას ადვოკატები მოინახულებენ და ენმ-ის წარმომადგენლებსაც ახალ ინფორმაციას სწორედ ისინი შეატყობინებენ. თუმცა ადვოკატები წინასწარვე უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ, თითქოს, ენმ-ის თავმჯდომარემ ხელი უნდა მოაწეროს რაიმე სახის დოკუმენტს - ევროკავშირის მიერ შეთავაზებული გირაოს მექანიზმზე დათანხმების მიზნით.

ასევე ნახეთ ამნისტია - მელიასთვის თუ მელიას წინააღმდეგ?

მოლოდინი, რომ მელია საპატიმროს უახლოეს დღეებში სწორედ „ევროკავშირის გირაოს“ საფუძველზე დატოვებს, რუსთავის ციხეში მასთან „ლელოს“ ლიდერის, დეპუტატ მამუკა ხაზარაძის შესვლის შემდეგ გაჩნდა. 1 მაისს, მელიას საკნიდან გამოსულმა ხაზარაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ენმ-ის თავმჯდომარე პრინციპულად ეთანხმება როგორც „ევროკავშირის გირაოს“ არსს, ასევე - პარლამენტში 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული საგამოძიებო კომისიის შექმნას.

ხაზარაძემ ასევე თქვა, რომ გირაოს გადახდის პროცესში ევროკავშირისგან იმგვარ მიდგომას მოელის, რომელიც არ დაჩრდილავს ნიკა მელიას თავმოყვარეობას:

  • „პრინციპულად იგი იზიარებს პოზიციას, რომ ევროკავშირის გირაო არის მართლაც უპრეცედენტო რამ, რომელიც ადასტურებს, რომ ევროკავშირი დამნაშავეებისთვის გირაოს არ იხდის“;
  • „აქ, სამწუხაროდ, ისე აღიქმება, რომ ნიკა უნდა დაეთანხმოს, რომ მერე „ოცნებამ“ დაამადლოს, რომ შენ დაეთანხმე გირაოს... ეს ასე არ მოხდება".
  • „ვფიქრობ, ევროკავშირი გადაწყვეტილებას მიიღებს ისე, რომ ნიკას თავმოყვარეობას არ შეეხოს და იმ პრინციპს არ შეეხოს, რისთვისაც ის ამდენხანს ციხეშია... ევროკავშირი გადაიხდის და დამთავრდება ამით“.
ასევე ნახეთ ხაზარაძე მიმართავს ნიკა მელიას: ბრძოლა ციხიდან ვერ გაგრძელდება

1 მაისს რუსთავის ციხეში შემდგარი საუბრის დეტალებზე „ლელოში“ არ ლაპარაკობენ. თუმცა პარტიის წარმომადგენელი, იურისტი კახა კოჟორიძე გვეუბნება, რომ „ევროკავშირის გირაო“ წარმოადგენს შეთანხმებულ მექანიზმს, რომელიც ამ დრომდე ძალაშია.

სჭირდება თუ არა ამ მექანიზმის ამოქმედებას ნიკა მელიას თანხმობა? ამ შეკითხვის საპასუხოდ კოჟორიძე იხსენებს, რომ ევროკავშირისთვის გირაოს გადასახდელად ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ნიკა მელიას თანხმობა და გირაო ამ დრომდე სწორედ ამიტომ არ არის გადახდილი:

„მოლაპარაკებების პროცესშიც და შიდა საუბრებშიც ევროპელები მუდმივად ამბობდნენ, რომ ევროკავშირის საშუალებით გირაოს გადახდა იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუკი ნიკა მელია იქნებოდა თანახმა. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ გადაიხდიდნენ, რადგან ამ ადამიანის ნებას პატივს სცემდნენ“, - გვეუბნება კახა კოჟორიძე.

ასევე ნახეთ კობახიძე: მელიას ნებისმიერ დროს შეუძლია გამოვიდეს ციხიდან, მაგრამ ვერ გამოეტია ციხის კარებიდან

ნიკა მელია „ევროკავშირის გირაოზე“ იმ მოტივით ამბობდა უარს, რომ მისთვის მიუღებელი იყო 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული ფართო ამნისტია, რასაც „ქართული ოცნების“ კანონპროექტი ითვალისწინებს.

არის თუ არა საჭირო წერილობითი თანხმობა?

პროკურატურისა და „ქართული ოცნების“ განმარტებით, ნიკა მელიას გირაოს საფუძველზე ნებისმიერ დროს შეუძლია ციხის დატოვება. თუმცა ამ ეტაპზე ენმ-ის თავმჯდომარეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული და, იურისტების განმარტებით, სამართლებრივად დღის წესრიგიდან საერთოდ მოხსნილია გირაოს გადახდის საკითხი.

საია-ს წარმომადგენელი, მერაბ ქართველიშვილი გვეუბნება, რომ დაკავებული პირის გირაოს საფუძველზე გასათავისუფლებლად აუცილებელია, რომ საპატიმრო აღკვეთის ღონისძიება შეიცვალოს გირაოთი და ეს აუცილებლად სასამართლოს სხდომაზე უნდა მოხდეს.

„არ გვახსენდება სხვა პრეცედენტი, როცა პროკურატურა პატიმრობაშეფარდებულ ბრალდებულზე ამბობს - გირაო გადაიხადოს და გამოვაო. თუკი პატიმრობა აქვს შეფარდებული, მაშინ გირაოს საკითხი საერთოდ გაუქმებულია და სასამართლო სხდომაზე თავიდან უნდა მოხდეს გირაოს დაწესება...

თეორიულად, ყველა საქმეს აქვს უნიკალური კოდი, რომლის გამოყენებითაც ხდება გირაოს გადახდა. როგორც წესი, ჩვენს საქმეებში ამ კოდის საკითხს პროკურორთან ვარკვევთ ხოლმე, გირაოს თანხის გადახდა როცა გადაწყდება...

თუკი ბრალდებული ამბობს - გირაოს არ გადავიხდიო, დაცვის მხარე ამ კოდს ვერავის მისცემს, მაგრამ კანონში არ არის ჩანაწერი - რომ ამ კოდის სხვა მხარისთვის გადაცემა პროკურატურას ეკრძალებოდეს“, - გვეუბნება ქართველიშვილი და შექმნილ „უპრეცედენტო სიტუაციაში“ მოვლენების განვითარებას არცერთი სცენარით არ გამორიცხავს, რადგან, მისი თქმით - მელიას საკითხში „პოლიტიკა ძალიან ღრმად არის შეჭრილი“.

ქართველიშვილის განმარტებით, კანონმდებლობა გირაოს გადასახდელად ბრალდებულის წინასწარ წერილობით თანხმობას არ ითხოვს და ოქმს მოგვიანებით, სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ეწერება ხელი.

ასევე ნახეთ პაპუაშვილი მელიაზე: თუკი ევროკავშირის გირაოს თანხმდება, ვერ ვხვდები თავად რატომ არ იხდის

საია-ს წარმომადგენლის ვარაუდით, თუკი მელია წინააღმდეგი არ იქნება ევროკავშირის შუამავლობით გირაოს გადახდაზე, მისი ზეპირი თანხმობით შესაძლოა მოვლენები ორი სცენარით განვითარდეს:

  • გირაოს თანხა წინასწარ ჩაირიცხოს და ამის შემდეგ მიმართოს სასამართლოს პროკურატურამ შესაბამისი შუამდგომლობით საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით;
  • პროკურატურამ ჯერ იშუამდგომლოს სასამართლოსთან საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით და ამის შემდეგ მოხდეს გირაოს თანხის გადახდა.
ასევე ნახეთ ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გადაიდო

ნიკა მელიას 29 აპრილის სასამართლო პროცესი 13 მაისისთვის გადაიდო. ადვოკატებმა სასამართლო სხდომის გადადება იმ მიზეზით მოითხოვეს, რომ პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე, სხდომებში მონაწილეობა „მართლმსაჯულების იმიტაციად“ მიაჩნიათ.

ამნისტია და საგამოძიებო კომისია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით მიმდინარე პროცესში, ნიკა მელიას გათავისუფლების ორგვარი შესაძლებლობა გამოიკვეთა:

  • ზეპირი შეთანხმების მიხედვით - ევროკავშირის თავდებობით გირაოს გადაიხდიდა ევროპის დემოკრატიული ფონდი, რის შემდეგაც პატიმარი უმოკლეს ვადებში დატოვებდა საკანს;
  • წერილობითი შეთანხმების პირველი პუნქტის მიხედვით - მელიას გათავისუფლება შესაძლებელია ამნისტიის შესახებ კანონით, რომელიც შეეხება „2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას“.

„ევროკავშირის გირაოს“ პარალელურად, ამნისტიის მიღების შეთანხმება მაინც ძალაში რჩება და პარლამენტში გამორიცხავენ ხელისუფლებისა და ოპოზიციის მიერ ინიცირებული კანონპროექტების უკან გაწვევას.

ამნისტიის კანონის დამტკიცების შემთხვევაში ნიკა მელიას ისედაც მოუწევს საპატიმროს დატოვება.

ასევე ნახეთ მელია: არავინ მაკადროს გათავისუფლების სანაცვლოდ, 20 ივნისის დამნაშავეების ამნისტია

„ოცნების“ თავდაპირველი ინფორმაციით, ამნისტიის კანონპროექტების განხილვის პროცედურები 4 მაისს, ბიუროს სხდომაზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა 3 მაისს გაირკვა, რომ პროცესი COVID-19-ის მიზეზით 11 მაისამდე გამოცხადებული არდადეგების გამო გადაიდო.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა 3 მაისს ჟურნალისტებს უთხრა, რომ პროექტები ბიუროს სხდომაზე „უქმე დღეების შემდეგ“ დარეგისტრირდება. შემდეგ პროცედურა საჭიროებს საკომიტეტო მოსმენებსა და სამი მოსმენით დამტკიცებას პლენარულ სხდომებზე.

  • თუკი თავდაპირველად დასახელებულ 25-დღიან სავარაუდო ვადას, 11 მაისამდე დარჩენილ დროის მონაკვეთსაც დავუმატებთ, ამნისტიის კანონის მიღებამდე თვეზე მეტი რჩება.
  • თუკი მელია „ევროკავშირის გირაოს“ არ დაეთანხმება, გამოდის, რომ ის თვეზე მეტი ხნით დარჩება საპატიმროში.
  • შესაბამისად, ამავე პერიოდით გადაიდება ენმ-ის ბლოკის 30-ზე მეტი დეპუტატის პარლამენტში შესვლის საკითხის განხილვა და გადაწყვეტა, რაზეც მელიას გამოსვლამდე პარტიამ მორატორიუმი გამოაცხადა.

კახა კოჟორიძე გვეუბნება, რომ „ლელო“ არავითარ შემთხვევაში არ დაუჭერს მხარს „ოცნების“ მიერ ინიცირებულ ამნისტიის პროექტს და აუცილებლად მიიჩნევს, რომ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნას.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საგამოძიებო კომისიის შექმნას სულ მცირე 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტის დღევანდელი შემადგენლობით ოპოზიცია ამ მიზნის მიღწევას ვერ შეძლებს, თუკი მას არ შეუერთდება „ნაციონალური მოძრაობა“.

ასევე ნახეთ მამუკა ხაზარაძე 20 ივნისის საქმეზე საპარლამენტო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის

როგორც მამუკა ხაზარაძემ 1 მაისს განაცხადა, ნიკა მელია უახლოეს პერიოდში გააკეთებს განცხადებას საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით. თუმცა, როგორც ენმ-ის წარმომადგენელმა, ლევან ხაბეიშვილმა გვითხრა, „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილი ფართო ამნისტიის პირობებში საგამოძიებო კომისია მთლიანად კარგავს აზრს.

„თუკი ამნისტიის საკითხი არ შეჩერდება, ჩვენ ვისი დანაშაული უნდა გამოვიძიოთ?! და დამნაშავეებს რომ დავადგენთ, მერე უნდა მივმართოთ სახელებით - თქვენ თავისუფლები ხართო?!

რა აზრი აქვს საგამოძიებო კომისიას, თუკი დამნაშავეების მასობრივი შეწყალება მოხდება?! (ევროპული) კონვენციის მუხლები არ შევიტანეთო, რომ ამბობენ, ამ მუხლებს ისედაც ვერ შეეხებოდნენ და ამ ამნისტიის შემდეგ, ელემენტარულად, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლითაც (სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლი) ვერავის წაუყენებენ ბრალს“, - გვეუბნება ხაბეიშვილი.

ასევე ნახეთ "ამნისტიის კანონის" ოპოზიციის ვერსია - ვის ეხება და რა შემთხვევაში

კანონში არ არის არანაირი მექანიზმი იმისა, რომ საგამოძიებო კომისიის ამოქმედებამ შეაჩეროს ამნისტიის საკითხის განხილვა-დამტკიცების პროცესი ანდა ამნისტირებულ პირებს დაეკისროთ პასუხისმგებლობა საგამოძიებო კომისიის მიერ დადგენილი ფაქტების შესაბამისად.

მიუხედავად ამისა, „ლელოს“ წარმომადგენელი, კახა კოჟორიძე მაინც ფიქრობს, რომ „ქართული ოცნების“ ამნისტიის დამტკიცების შემთხვევაშიც კი, „ღირებული“ იქნება საგამოძიებო კომისიის მიგნებები, რადგან ეს პროცესი „საზოგადოების სამსჯავროზე გამოიტანს სიმართლეს“ და კომისიის მიერ შეგროვებული ინფორმაცია შესაძლოა საყურადღებო იყოს კოდექსის იმ მუხლებთან მიმართებით, რომლებზეც არ გავრცელდება ამნისტია.