განდევნილის დაბრუნება: ეგნატე ნინოშვილის დამზაფვრელი აჩრდილები

„ასათიანის კუთხის“ დღევანდელი ეპიზოდი ეძღვნება ეგნატე ნინოშვილს, და იმ შეუცვლელ და უცნაურად მნიშვნელოვან ადგილს, რომელიც მას საქართველოს პოლიტიკურ და კულტურულ ისტორიაში უჭირავს.

სალომე ასათიანის პოდკასტი

Your browser doesn’t support HTML5

განდევნილის დაბრუნება: ეგნატე ნინოშვილის დამზაფვრელი აჩრდილები

„ასათიანის კუთხის“ დღევანდელი ეპიზოდი ეძღვნება ფიგურას, რომელსაც შეუცვლელი და უცნაურად მნიშვნელოვანი ადგილი აქვს თანამედროვე, როგორც იტყვიან „მოდერნული“ საქართველოს ისტორიაში - როგორც მის პოლიტიკურ ისტორიაში, ისე კულტურისაში. დღეს გავიხსენებთ კაცს, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს, 1894 წელს, 35 წლის ასაკში ჭლექს ემსხვერპლა - და რომლის დაკრძალვის დღე და ჩოჩხათის სასაფლაოზე დადებული ფიცი იქცა ქართული მემარცხენეობის, „მესამე დასად“ წოდებული ჯგუფის პოლიტიკურ ძალად კრისტალიზაციის ისტორიულ მომენტად. ვილაპარაკებთ მწერალზე, რომლის ტექსტიც საფუძვლად დაედო პირველ ქართულ მხატვრულ ფილმს, პირველ ქართულ ოპერას, სხვადასხვა პერიოდის ქართველი მხატვრების ნახატებს. ავტორზე, რომელიც აღწერს მეცხრამეტე საუკუნის ბოლო პერიოდის საქართველოს ერთ-ერთ პერიფერიას, გურიას - და თან, ამ ძალიან სპეციფიკური სივრცის ლოკალური ისტორიის აღწერით, იმ დროის მღელვარე გლობალურ ისტორიასაც მწვავედ და კომპლექსურად ირეკლავს.

ეს ფიგურა ეგნატე ნინოშვილია - უფრო სწორად, ნინოშვილის სახელით ცნობილი ეგნატე ინგოროყვა. კაცი, რომელსაც, როგორც სიცოცხლეში, ისე ავტორის რანგშიც უცნაური და სევდიანი ბედისწერა ერგო.

ნინოშვილის მხატვრულ ტექსტებს თავიანთი პოლიტიკური მსოფლმხედველობის, თუ პროგრამის ერთ-ერთ ფუნდამენტად მიიჩნევდნენ ქართველი მენშევიკები, განწირული, 1918-1921 წლების პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი მამები - მათ შორის თავად ნოე ჟორდანია. შემდეგ კი ნინოშვილის მემკვიდრეობა საბჭოეთის იდეოლოგიურ-პროპაგანდისტული მანქანის საკეპში მოხვდა. სტალინური და მის შემდგომი საბჭოეთი ნინოშვილის პერსონაჟების - გოგია უიშვილის, კაცია მუნჯაძის - შემზარავ ყოფას იყენებდა თავისი გიგანტური სოციალური ინჟინერიის ლეგიტიმაციისთვის, „ნახეთ უწინ ღარიბი ხალხი რა დღეში იყო, სანამ საბჭოთა მშრომელთა გამარჯვების ფერხულში ჩაებმებოდა“ პათოსით.

აი პოსტსაბჭოთა წლებში კი ეგნატე ნინოშვილს და მის მემკვიდრეობას სხვაგვარი ბედი ერგო. საბჭოთა კავშირის იდეოლოგიური აპარატების მიერ მისმა მისაკუთრებამ შედეგად მოიტანა ის, რომ ჩვენს წარმოსახვაში ნინოშვილი იქცა ავტორად, რომელიც უბრალოდ „გაჭირვებულ ხალხზე წერდა“ და რომელიც, ამის გამო, საბჭოეთმა ზედმეტად და დაუმსახურებლად აღაზევა. ეგნატე ნინოშვილის ტექსტები რამდენიმე წლის წინ სასკოლო პროგრამიდანაც კი ამოიღეს.

ლუკა ნახუცრიშვილი

მაგრამ ეს ვითარება, დიდი ალბათობით, მალე შეიცვლება. ახლა ეგნატე ნინოშვილის და იმ პერიოდის გურიის მღელვარე ამბების შესახებ დიდი და, ჩემი აზრით, ბრწყინვალე გამოკვლევა იწერება, ლიტერატურათმცოდნეობის დოქტორის, ილიას უნივერსიტეტის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის მკვლევრის, ლუკა ნახუცრიშვილის მიერ. ეგნატე ნინოშვილი ბევრად მეტია, ვიდრე „გაჭირვებული ხალხის მიმართ თანაგრძნობის მქონე“ მწერლის სენტიმენტალური სახე - წავიკითხავთ ამ გამოკვლევაში. ნინოშვილთან ვიპოვით როგორც მოდერნული საქართველოს ფორმირების ძალაუფლებრივ ისტორიას, ისე ლიტერატურას, რომელიც ბოლომდე ვერც ერთმა იდეოლოგიურმა მსოფლმხედველობამ, პოლიტიკურმა ჩარჩომ თუ სოციოლოგიურმა წაკითხვამ ვერ დაიმორჩილა.

ლუკა ნახუცრიშვილი „ასათიანის კუთხის“ ამ ეპიზოდის სტუმარია. ის გვიყვება ნინოშვილის პერსონაჟებზე, რომლებიც უბრალოდ კი არ „იჩაგრებიან“, არამედ რუსული კოლონიური მმართველობის და იმპერიული მოდერნიზაციის პირობებში ისტორიისთვის ფაქტობრივად აღარ არსებობენ, ვეღარსად ეწერებიან, ზედმეტები არიან. ნინოშვილი აღწერს ხალხს, რომლებსაც მოგვიანებით დიდი იტალიელი მარქსისტი მოაზროვნე, ანტონიო გრამში „სუბალტერნს“ უწოდებს - მათ, ვინც ისტორიის გარეთ რჩება, ვინც წაშლილია, ვინც ისტორიაში ვერ ლაპარაკობს და „ხმა“ აქვს წართმეული - როგორც კაცია მუნჯაძეს, რომელიც მოდერნიზაციის არქეტიპულ სიმბოლოს, მატარებელს, უხმოდ, უბრძოლველად, ჭანჭიკივით ეწირება.

პოდკასტის ამ ეპიზოდში ვლაპარაკობთ იმ პერიოდის საქართველოს პოლიტიკურ და ინტელექტუალურ ცხოვრებაში მიმდინარე დინამიკურ და სიღრმისეულ დისკუსიებზეც - პირველ, მეორე, მესამე დასებზე და მათ განსხვავებულ ხედვებზე ეკონომიკის, სოციალური რეალობის, ეროვნული განვითარების შესახებ. ლუკა ნახუცრიშვილი გვიყვება ქართულ სოციალ-დემოკრატიაზე და მის იდეურ სხვაობებზე „პირველი დასელების“ და ილიასეული ხედვებისგან.

ვიხსენებთ საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე უცნაურ და ამაღელვებელ მომენტს - გურიის რესპუბლიკას, რომელიც გურულმა გლეხებმა 1905 წელს, რუსეთის იმპერიული დომინაციის, ფაქტობრივად პოლიციური რეჟიმის პირობებში შექმნეს. ლუკასთან, და ასევე საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტიან მკვლევართან, სტივენ ჯონსთან ერთად ვცდილობთ მივხვდეთ, მაინც როგორ მოხდა, რომ ის პერსონაჟები, რომლებიც ნინოშვილმა დაბეჩავებულ, უუფლებო, გამოუვალ ვითარებაში დატოვა, რამდენიმე წელიწადში აჯანყდნენ და ეს, იმ დროისთვის გასაოცრად პროგრესული, თანასწორი, თვითმმართველი ფორმაცია ჩამოაყალიბეს, თუნდაც ძალიან მცირე დროით.

ცხადია, ვიხსენებთ ნინოშვილის მხატვრულ ტექსტებსაც - „ქრისტინეს“, „განკარგულებას“, „პალიასტომის ტბას“, „მუშათა თავშესაფარს“. პოდკასტის ეპიზოდი ყველაზე საინტერესო ბოლო მონაკვეთში ხდება - როცა ლუკა ნახუცრიშვილი იმ უცნაურ და იდუმალ განზომილებაზეც მოგვიყვება, რომელიც ნინოშვილის მოთხრობებს, ფხიზელ რეალიზმთან ერთად, მუდამ თან სდევს. ესაა ერთგვარი დამზაფვრელობის, შემზარაობის, გაუცხოების ატმოსფერო - რომელსაც გალაკტიონ ტაბიძემ, თავის დროზე, „მიმზიდველით და საზიზღარით შობილი საშინელი მელანქოლია“ უწოდა.

სწორედ ამ განზომილების გამო, გვეუბნება ლუკა, ნინოშვილს ბოლომდე ვერც ერთი იდეოლოგიური „წაკითხვა“ ვერ დაიმორჩილებს. მისი სახეები - კაცია მუნჯაძის მოწყვეტილი თავი, ადამიანის გახელებული, პირზე თეთრ დორბლმოყენებული მტერი, პალიასტომის ტბა, რომელიც გურულ გლეხებს ფოთში გადასვლას არ ანებებს, თავად ქალაქი ფოთი, რომელიც გლეხების წარმოსახვაში მუდმივად „სადღაც გადააქვთ“, გოგია უიშვილის პატარა თებრო, რომელიც გაუსაძლისი ჩაგვრისგან ჭკუიდან გადასული დედის მიერ ყელგამოღადრული ლოგინზე დევს და ჭილობზე ფეხის გასმით ესალმება თავის უმანკო სიცოცხლეს, წყალში ნაპოვნი „ბნელი საგანი“, გაუპატიურებული დარიას გვამი, რომელსაც გლეხები ხან თავდაღმა კიდებენ, ხან მდინარის პირას დაარბენინებენ, დამხრჩვალის სული ჯერ კიდევ აქ იქნება და ეგება მოვიძიოთო - ტექსტებიდან აჩრდილებივით გადმოდიან და ყველა დროში თუ ეპოქაში დაგვზაფრავენ. ყოველთვის, სანამ იარსებებს სასოწარკვეთა, გარიყულობა, უხმო და უჩინარი ადამიანები - რომლებსაც თანამედროვეობა ზედმეტ, არასაჭირო, უფუნქციო და სანაგვეზე გადასაგდებ არსებებად ჩათვლის. და რომელთა დასახიჩრებული სხეულებიც ჩუმ, მაგრამ ჯიუტ აჩრდილებად გაყვება კომფორტულ ისტორიებს „მოდერნიზაციის“, „განვითარების“, თუ „პროგრესის“ შესახებ.