ზუგდიდიდან ვრცელდება ცნობები პოლიციის მიერ ორი პირის დაჭრის შესახებ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ აბასთუმანში პოლიციელებმა ესროლეს მამა-შვილს, რომლებსაც სავარაუდოდ, ოკუპირებული აფხაზეთიდან მოჰქონდათ უაქციზო სიგარეტი. ადგილობრივ მცხოვრებთა თანახმად, პოლიციამ მამას და შვილს მას შემდეგ ესროლა, რაც ისინი სამართალდამცავების მოთხოვნას არ დაემორჩილნენ და გაქცევა სცადეს.

მამა-შვილი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მოათავსეს. ოჯახის წევრმა, ხათუნა ოკუჯავამ ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ მის ქმარს და შვილს უაქციზო სიგარეტი ჰქონდა, თუმცა, უარყო, რომ ისინი ოკუპირებული აფხაზეთიდან მოდიოდნენ. ოკუჯავას მტკიცებით, პოლიციელების მხრიდან გაფრთხილება არ ყოფილა, ისინი აგრესიულად იქცეოდნენ და დამიზნებით ისროლეს.

„კარგით, ვთქვათ, რომ არის კონტრაბანდისტი, ტყვიის სროლა რა საჭიროა. ორივე არის დაჭრილი. დააწვინეს და ზურგში ესროლეს. ერთ-ერთი მიახტა ბავშვს, დააგდო ძირს და დამიზნებით ესროლა. მამა-შვილი ერთად იყვნენ, ჰქონდათ 2 ყუთი სგარეტი. არ გვაქვს არანაირი საშუალება. გვაქვს ბანკის ვალი და არ გვაქვს სხვა გზა“ , - განაცხადა ხათუნა ოკუჯავამ.

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის კლინიკური მენეჯერის, სულხან ორჟონიას ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცს „გულმკერდის მეოთხე მალის განივი მორჩის მოტეხილობა და ზურგის ტვინის დაჟეჟილობა აქვს, მამას კი ტერფის არეში ნაფლეთ-ნაგლეჯი ჭრილობა“. როგორც ორჟონია აცხადებს, ორივეს მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

მომხდარის გამო შსს-ს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.