კანონი დაჩქარებული წესით და არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკული შეფასებების ფონზე შეიცვალა. უფლებადამცველები თვლიან, რომ საბჭოთა კავშირის დროს მიღებული კოდექსი სრულად შესაცვლელია და ამის ნაცვლად იმ მუხლების გამკაცრება, რომელიც ყველაზე ხშირად გვხვდება საპროტესტო აქციების მონაწილეების დაკავების დროს მათ ბრალში, ხელისუფლების მხრიდან ხისტი ნაბიჯია, რაც გამოხატვის თავისუფლებასა და საპროტესტო მოძრაობებზე მსუსხავ ეფექტს იქონიებს.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების კანონპროექტი პარლამენტში 26 აპრილს დარეგისტრირდა, პირველი მოსმენა 28 აპრილს გაიმართა, რის შემდეგაც იყო საკომიტეტო განხილვა ამავე დღის გვიან საღამოს გაიმართა და ცვლილებების პირველადი ვერსია მცირედით შერბილდა. 29 აპრილს პლენარულ სხომაზე მეორე და მესამე მოსმენა ერთი საათის შუალედით გაიმართა და 72 დეპუტატის თანხმობით ცვლილებები პარლამენტმა დაამტკიცა. საპარლამენტო განხილვებს არ ესწრებოდა შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში შესული ოპოზიციის უმეტესობა. დარბაზში მეორე განხილვისას იყვნენ მხოლოდ ანა ნაცვლიშვილი “ლელოდან” და თეონა აქუბარდია “სტრატეგია აღმაშენებლიდან” და უმრავლესობის, მოქალაქეების და ევროპელი სოციალისტების შენიშვნების მოსმენაც მათ მოუწიათ იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიცია ჩართული უნდა ყოფილიყო ამგვარი მნიშვნელობის მქონე ცვლილებების განხილვისას.
“ამ კანონპროექტს არ ჰქვია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები. ამ კანონპროექტს ჰქვია „ქართულ ოცნებას” ეშინია“ კანონი. რისი გეშინიათ, აგიხსნით: ერთი, გეშინიათ ხალხის პროტესტის, რომელიც მხოლოდ მოიმატებს და გაზრდილი სანქციები ვერ შეაშინებს მოქალაქეებს და მეორე – გეშინიათ, რომ პოლიციელები ჩამოგეშლებიან, იმიტომ, რომ იმ ადამიანებს, მიუხედავად იმისა, რომ უკანონო და უღირს ბრძანებებს აძლევთ და, სამწუხაროდ, ბევრი მას ასრულებს, მათ ჰყავთ ოჯახები და აქვთ ღირსება. არავის უნდა თქვენ გამო ესროდნენ ტალახს და ეძახდნენ მონას და გეშინიათ, რომ ეს საპოლიციო სისტემა ჩამოგეშლებათ და ამიტომ იღებთ ამ კანონს, „შიში“ ჰქვია ამას“, – თქვა ანა ნაცვლიშვილმა, პარტია ლელოდან პარლამენტში კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას. მმართველი პარტია არ ეთანხმება არც იმ აზრს რომ საკანონმდებლო ცვლილებები დემოკრატიზაციის გზაზე უკან გადადგმული ნაბიჯია და არც იმას, რომ ამ ცვლილებების მიზანი თავისუფალ აზრთან და დემონსტრაციების მონაწილეებთან ბრძოლის გამკაცრებაა.
რა შეიცვალა საბოლოოდ კანონში?
მეორე მოსმენაზე კანონპროექტის ავტორმა, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ კრიტიკის შემდეგ გარკვეული ცვლილებები შეიტანეს, პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა თქვა, რომ როცა დანარჩენი ოპოზიცია “იმაზე მსჯელობდა, ვისთვის დაეჭირათ მხარი თვითმმართველობის არჩევნებში”, თვითონ და მისი თანაგუნდელი უმრავლესობას აიძულებდნენ შეერბილებინათ დაგეგმილი ცვლილებები.
საკანონმდებლო ცვლილებები საბოლოოდ ასე განხორციელდა:
166-ე მუხლი
“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილების პროექტით, კოდექსის 166-ე მუხლს მე-2 ნაწილი დაემატა, რომლითაც განისაზღვრება, რომ წვრილმანი ხულიგნობის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 5-დღიდან 15 დღემდე ვადით.
ამ დრომდე მოქმედი ნორმა ითვალისწინებდა 166-ე მუხლის შემთხვევაში ჯარიმას 500-დან 1000 ლარამდე თანხით ან 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელი იყო 5 დღეზე ნაკლები დღით პატიმრობაც, რაც ცვლილებების შემდეგ შეუძლებელი იქნება და ასევე მნიშვნელობა არ ჰქონდა კანონდარღვევის სიხშირეს.”
173-ე მუხლი
ახალი რედაქციით ყალიბდება, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 173-ე მუხლი, რომლითაც განისაზღვრება, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების ერთხელ ჩადენა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო ამავე ქმედების განმეორებით ჩადენა - სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7-დღიდან 15 დღემდე ვადით.
ამ დრომდე მოქმედი ნორმით ჯარიმა იყო 1000-დან 4000 ლარამდე თანხა ან ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე.
247-ე მუხლი
„ადმინისტრაციული დაკავების დროს დაკავებული პირი პირველი შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს 24 საათისა, წარედგინება სასამართლოს“.
ამ დრომდე ეს მუხლი ფუნქციონირებდა ასე: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის ადმინისტრაციული დაკავების ვადა არ უნდა ყოფილიყო 12 საათზე მეტი, თუმცა მუხლის მეორე პუნქტი ადგენდა, რომ არასამუშაო დროს დაკავებისას დაკავების საერთო ვადა 48 საათს არ უნდა აღემატებოდეს.
ასევე ნახეთ აქტივისტები პოლიციელთა სიტყვისა და საბჭოთა კოდექსის პირისპირროგორ აისახება ცვლილებები კონკრეტული აქტივისტების ცხოვრებაზე
აქტივისტებს ან საპროტესტო აქციების მონაწილეებს დაკავების შემდეგ ბრალს ძირითადად ორივე მუხლით უყენებენ, სასამართლოში ან ორივე მტკიცდება, ან ერთ-ერთი. იშვიათია შემთხვევა, როცა დაკავებული სრულად მართლდება.
ირაკლი ფავლენიშვილი, რომელიც სამჯერ დააკავეს და ბიუჯეტში სამართალდამცველებისთვის დაუმორჩილებლობის გამო 2 500 ლარი აქვს გადახდილი, მესამე სასამართლო პროცესს ელოდება. მას ორივე ამ დრომდე გამართულ პროცესზე ხულიგნობას და სამართალდამცველის დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ, 166-ე მუხლი, ანუ წვრილმანი ხულიგნობა ვერ დაუმტიცეს და პირველ ჯერზე 1 300 ლარით, მეორედ კი 1 200 ლარით დააჯარიმეს.
დღეს მიღებული ცვლილებების მიხედვით, ადამიანი, ვინც ირაკლისავით 2-ჯერ გასამართლდება პოლიციელის დაუმორჩილებლობისთვის, მინიმალური ჯარიმის შემთხვევაშიც კი 5 500 ლარის გადახდა მოუწევს. ირაკლის კი მესამე სასამართლოზე, როგორც დანაშაულის მესამედ ჩამდენს, შესაძლოა 1000-დან 4 000-მდე ლარის ფარგლებში ჯარიმის ნაცვლად, 3500-დან 4500 ლარამდე ოდენობის ჯარიმა გამოუწერონ.
ირაკლის მსგავსად არაერთხელ არის დაკავებული და დაჯარიმებული აქტივისტი შუშანა მაცაბერიძე. სამართალდამცველების დაუმორჩილებლობისთვის მას ორი, 1500 და 1600 ლარის ოდენობის ჯარიმა აქვს დაკისრებული. დღევანდელი ცვლილებების მიხედვით, მას მინიმალური ოდენობის ჯარიმის გამოწერის შემთხვევაში 5 500 ლარის გადახდა მოუწევდა, მაქსიმალურის შემთხვევაში 7 500 ლარით.
ასევე ნახეთ აქტივისტის გზამკვლევი - რა უნდა იცოდე, თუ პოლიცია გაკავებსროგორ აფასებს საკანონმდებლო ცვლილებებს არასამთავრობო სექტორი
სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით, ადმინისტრაციული კოდექსი ამ ცვლილებების შემდეგ უფრო რეპრესიული გახდება, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო თვლის, რომ პოლიციის დაუმორჩილებლობაზე პასუხისმგებლობის გამკაცრება სამოქალაქო სივრცის შეზღუდვისკენ გადადგმული ნაბიჯია, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ამ მუხლების ნორმატიულ შინაარსს არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ დაგეგმილი ცვლილებები დამაზიანებლად იმოქმედებს ადამიანის უფლებებზე.
საქართველოში თავისუფლების ხარისხი და უფლებრივი მდგომარეობა წლიდან წლამდე უარესდება და ამის ფონზე მმართველი პარტიის მიერ დაინიცირებული ცვლილება კი ცხადჰყოფს ხელისუფლების რეალურ ზრახვებს, ებრძოლოს კრიტიკულ აზრს საპოლიციო ძალით - ასე შეაფასა ხელისუფლების ინიცირებული ცვლილებები საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ.
ქართულმა ოცნებამ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მან ვალდებულებად აიღო საბჭოთა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არსებული მანკიერი პრაქტიკის დაძლევა და როგორც რეპრესიული პოლიტიკის შემცირება, ასევე ახალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიღება. ამის საპირისპიროდ, 2018 წლის თებერვალში, საქართველოს პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და ყველაზე პრობლემურ 166-ე და 173-ე მუხლებში ჯარიმების ოდენობა შესაბამისად (1) 100-დან 500-დან 1000 ლარამდე და (2) 250-2000 ლარიდან 2000-4000 ლარამდე გაზარდა. ადმინისტრაციული კოდექსის შეცვლის პირობას დღესაც დებდა პარლამენტის ტრიბუნიდან მმართველი პარტია, თუმცა ჯერჯერობით ახალი კოდექსის ნაცვლად მხოლოდ ძველი კოდექსში ყველაზე პრობლემურ მუხლებზე გამკაცრებული სანქციები დაამტკიცა.
ასევე ნახეთ სამოქალაქო აქტივისტები ეხმაურებიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს