ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში ახალი სარჩელი შეიტანეს

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში მეორე გამოძიება დაიწყო.

ყოფილი ცოლის მიმართ ძალადობის საქმეზე ბრალდებულ სპორტსმენს ახალი მომჩივანი გამოუჩნდა, აბსოლუტურად განსხვავებული ბრალდებით - ბიზნესმენი ირაკლი კაჭარავა ბასილაშვილს ექვსი წლის წინ გაფორმებული ხელშეკრულების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს.

ბიზნესმენის ადვოკატის - მარიკა არევაძის განცხადებით, ირაკლი კაჭარავამ ნიკოლოზ ბასილაშვილის სპორტულ კარიერაში ინვესტიცია ჯერ კიდევ 2015 წელს ჩადო და წლების განმავლობაში, ჩოგბურთელს უნაზღაურებდა მთელ რიგ ხარჯებს. იმავე ხელშეკრულებაში ჩადებული იყო პუნქტი, რომლის თანახმადაც, თუკი ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს რეიტინგის ორმოცდაათეულში შევიდოდა, მაშინ მისი საპრიზო და სარეკლამო ჰონორარებიდან წილი ირაკლი კაჭარავასაც უნდა მიეღო. ბასილაშვილი ორმოცდაათეულში ოთხი წლის წინ შევიდა, მაგრამ ხელშეკრულების პირობების შესრულებისგან დღემდე თავს იკავებს და მას შემდეგ, რაც კაჭარავამ სპორტსმენის ოჯახის წევრებთან მოლაპარაკების იმედი საბოლოოდ დაკარგა, სასამართლოს მიმართა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი კაჭარავას სარჩელი წარმოებაში 2021 წლის 27 აპრილს მიიღო.

რადიო თავისუფლებამ სცადა ბასილაშვილის ადვოკატ ირმა ჭკადუასთან დაკავშირება, მაგრამ ჩოგბურთელის ინტერესების დამცველი კომენტარისგან თავს იკავებს. ამჯერად კომენტარს არ აკეთებენ არც სპორტსმენის ოჯახის წევრებიც, თუმცა ცნობილია მათი პოზიცია: ნიკოლოზ ბასილაშვილის ახლობლები ბიზნესმენ კაჭარავას გამომძალველს უწოდებენ.