„19 აპრილის შეთანხმება უნდა შესრულდეს ყოველგვარი გადახვევის გარეშე და სრულად“ - აცხადებს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით ხელმოწერილი შეთანხმების შესახებ და ამ პროცესს ის პირდაპირ უკავშირებს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალს.
თავისი 3-დღიანი ოფიციალური ვიზიტის ბოლო დღეს, 29 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შიდა პოლიტიკური სიტუაციის სრულად მოგვარება და სრულყოფილად მოქმედი პარლამენტი“, რადგან შეთანხმების შესრულება ხალხის მიერ არჩეული ყველა პოლიტიკური ძალის ერთობლივ მუშაობას მოითხოვს. ლანდსბერგისი ამბობს, რომ შეთანხმების ხელმოწერა მხოლოდ დასაწყისია და პირველ ნაბიჯს წარმოადგენს.
„შეთანხმება არ წარმოადგენს ფინიშის ხაზს. შეთანხმების ხელმოწერა ძალიან მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია. შემდგომი ნაბიჯები მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიც არის პოლიტიზებულ მართლმსაჯულებასთან გამკლავება, ამბიციური საარჩევნო და სასამართლო რეფორმები და ასევე - ძალთა გადანაწილება პარლამენტში. ნება მომეცით, ძალიან ნათლად ვთქვა, რომ 19 აპრილის შეთანხმება უნდა შესრულდეს ყოველგვარი გადახვევის გარეშე და სრულად“ - აცხადებს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.
Your browser doesn’t support HTML5
28 აპრილს, გაბრიელიუს ლანდსბერგისთან რამდენიმე საათიანი შეხვედრის შემდეგ, ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა განაცხადეს, რომ ლიეტუვა მზად არის ჩაერთოს „შარლ მიშელის შეთანხმების“ მკაცრად გაკონტროლების პროცესში.
29 აპრილს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა მონიტორინგისთვის მზადყოფნა მედიასთანაც დაადასტურა და კონკრეტული მექანიზმად საქართველოში მოქმედი ლიეტუვის საელჩოს აქტიურობა და პირადად მასთანაც ნებისმიერ დროს თანამშრომლობა დაასახელა. თუმცა ლანდსბერგისი მაინც ფიქრობს, რომ შეთანხმების შესრულება, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს პოლიტიკური მოთამაშეების პასუხისმგებლობაა და ევროპას მხოლოდ დახმარება შეუძლია.
„ჩვენი გამოცდილებით შეგვიძლია დაგანახოთ კარი, გაგიღოთ კარი, გაგიძღვეთ კარისკენ, მაგრამ ამ კარში საქართველოს მოქალაქეები თავად უნდა შევიდნენ“ - განაცხადა მან.
ასევე ნახეთ ამნისტია - მელიასთვის თუ მელიას წინააღმდეგ?შექმნილ ვითარებაში გაბრიელიუს ლანდსბერგისი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ ისარგებლოს „შარლ მიშელის შეთანხმების“ ფარგლებში შეთავაზებული გარანტიით, რაც ევროკავშირის თავდებობით გირაოს თანხის "ევროპის დემოკრატიული ფონდის" მიერ გადახდას გულისხმობს.
თავად ნიკა მელია ამ დრომდე უცვლელ პოზიციას ინარჩუნებს --"ევროკავშირის გირაოს" იმ შემთხვევაში დაეთანხმება, თუკი პარლამენტი უარს იტყვის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული ამნისტიის კანონზე. საქართველოს პარლამენტში ამნისტიის ორი პროექტია დარეგისტრირებული, ერთი "ქართულ ოცნებას", ხოლო მეორე იმ ოპოზივიონერ დეპუტატებს ეკუთვნით, რომლებიც "შარლ მიშელის შეთანხმების" ხელმოწერის შემდეგ, 27 აპრილს შევიდნენ პარლამენტში.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრამდე, 28 აპრილს. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრები გამართა: საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და საქართველოს პრეზიდენტთან.
„ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე და ამ გზაზე ლიეტუვის მტკიცე მხარდაჭერაზე. მთავრობის მეთაურის თქმით, ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის მტკიცე არჩევანია და საქართველო 2024 წელს ევროკავშირის წევრობისთვის განაცხადის შეტანისთვის ემზადება. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობა აფასებს ლიეტუვის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“ - წერია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
29 აპრილს გაბრიელიუს ლანდსბერგისი საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე სოფელ ოძისში ჩავიდა. ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ტვიტერზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მინისტრმა საკუთარი თვალით ნახა „რუსეთის მიერ წარმართული უწყვეტი ბორდერიზაციისა და მასშტაბური სამხედრო ინვესტირების პროცესი“. განცხადებაში ხაზგასმულია მოწოდება რუსეთის მისამართით, რომ შეწყვიტოს „ძირის გამოთხრა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისთვის“.
საქართველოში ყოფნისას, მინისტრმა ლანდსბერგისმა მრავალჯერ განაცხადა, რომ ლიეტუვა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ხოლო რუსეთი განაგრძობს საერთაშორისო სამართალთან შეუსაბამო დესტრუქციულ ქმედებებს.
28 აპრილს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გვირგვინით შეამკო საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი.