ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გადაიდო

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიდო. პროცესი სულ რამდენიმე წუთს გაგრძელდა.

შემდეგი სხდომა 13 მაისს 12:00 საათზე ჩაინიშნა. ყოველი მომდევნო სხდომა კი რამდენიმედღიანი ინტერვალით - 21, 25 და 27 მაისს.

ადვოკატებმა სასამართლო სხდომის გადადება იმ მიზეზით მოითხოვეს, რომ პოლიტიკური კონიუქტურიდან გამომდინარე, სხდომებში მონაწილეობა "მართლმსაჯულების იმიტაციად" მიაჩნიათ.

"ეს არის პოლიტიკური მართლმსაჯულება. თუ დავიწყებდით რაღაც სამართლებრივ არგუმენტებზე საუბარს, ეს იქნებოდა თავის მოტყუება. ამიტომ მოვითხოვეთ იმ ვადით, რაც საჭიროა პოლიტიკურ უმაღლეს ხელისუფლებაში აგადაწყვეტილების მისაღებად და სასამართლოსთვის და პროკურატურისთვის დირექტივების მისაცემად", - თქვა სხდომის დასრულების შემდეგ ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა.

ნიკა მელია სხდომას არ ესწრებოდა, რადგა ის წინა პროცესზე მოსამართლემ სხდომათა დარბაზიდან გააძევა.

ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან გამართული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით.

მელია 23 თებერვალს დილით, საპოლიციო ძალებმა ოპოზიციური პარტიის ლიდერი „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარ ოფისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააპატიმრეს. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის დაკავებამ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი გააღრმავა. რამდენიმე კვირიანი მოლაპარაკებების შემდეგ კი შედგა შეთანხმების დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც მელია პარლამენტმა "ამნისტიის კანონით" უნდა გაათავისუფლოს.

ასევე ნახეთ ამნისტია - მელიასთვის თუ მელიას წინააღმდეგ?