პანდემიის პირობებში საქართველოს ეკონომიკა პირველად გაიზარდა

საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის პირველ კვარტალში - იანვარ-მარტში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 4,2 პროცენტით შემცირდა. ეს წინასწარი მონაცემებია და შესაძლო, დაზუსტდეს.

წინასწარი მონაცემებითვე, 2021 წლის მარტში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, მშპ 4 პროცენტით გაიზარდა. 2020 წლის მარტში საქართველოში "ლოკდაუნი" გამოცხადდა და საწარმოების დიდ ნაწილს გაჩერება მოუწია, დღეს გაჩერებული საწარმოების წილი გაცილებით ნაკლებია.

2021 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით:

  • ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ვაჭრობა, დამამუშავებელი მრეწველობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, ტრანსპორტი და დასაწყობება, ინფორმაცია და კომუნიკაცია;
  • კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის, სამთომოპოვებითი მრეწველობის, ხელოვნების, გართობისა და დასვენების სექტორებში.

ბოლო 1 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიაა, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა.