სოციალური მომსახურების სააგენტომ დისციპლინური წარმოება დაიწყო რამდენიმე თანამშრომლის მიმართ, რომლებმაც სოციალურ ქსელ ფეისბუკზე კრიტიკული კომენტარები დაწერეს. სოციალურ აგენტებს - რომლებიც სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ - გადაცდომის დამტკიცების შემთხვევაში, შეიძლება გამოუცხადონ საყვედური, ან გაათავისუფლონ სამსახურიდან.
„ნებისმიერი [ფეისბუკ] კომენტარი არის ადამიანების აზრი და სააგენტოს ნაბიჯი ამ აზრის ჩახშობას და დასაქმებულთა დაშინებას ისახავს მიზნად. მათ უბრალოდ სურთ, რომ სოც. აგენტებმა არ ისაუბრონ ცუდ სამუშაო პირობებზე“, - ამბობს დავით ომსარაშვილი, იურისტი.
თეა ნარიმანიშვილმა დამსაქმებლისგან წერილი 27 აპრილს მიიღო, სამსახურში, დახურული ფორმით, „მაგრამ ყველას დასანახად“. თეა 16 წელია სოციალურ აგენტად მუშაობს და ბოლო წელია ხმამაღლა ითხოვს შრომის პირობების გაუმჯობესებას.
„ჩემ [ისანი-სამგორის] რაიონში მხოლოდ მე მომივიდა, იმიტომ, რომ ყველაზე მეტს მე ვხმაურობ“, - ამბობს ის.
წერილში მითითებულია, რომ სავარაუდო გადაცდომაზე მოკვლევა დაიწყო სოციალური მომსახურების სააგენტოს ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნებული გადაცემის ქვეშ ნარიმანიშვილის კომენტართან დაკავშირებით.
თუმცა კომენტარის ზუსტი ფორმულირება წერილში არ წერია. თეამ არ იცის, კონკრეტულად რომელ კომენტარზე ედავებიან, რადგან საკუთარ აზრს ფეისბუკზე ხშირად წერს სხვადასხვა პოსტის ქვეშ.
„სააგენტოს უფროსი გამოდის და ამბობს, რომ თურმე გვემსახურება ტრანსპორტი. ჩემი გამოცდილება დავაფიქსირე, რომ არანაირი ტრანსპორტი არ მემსახურება. დავუწერე, რომ ეს არის სიცრუე“, - ამბობს თეა და ვარაუდობს, რომ შესაძლოა მოკვლევა სწორედ ამ კომენტარს უკავშირდება.
ნარიმანიშვილი აქტიურადაა ჩართული პროფკავშირის საქმიანობაში, რომელიც სოციალურმა აგენტებმა გასულ წელს ჩამოაყალიბეს. ისინი მოითხოვენ ხელფასების მატებას, ტრანსპორტირების ხარჯის ანაზღაურებას, უფასო დაზღვევას და სხვა სამუშაო პირობების გაუმჯობესებას.
ასევე ნახეთ „ჩვენ თავად გავხდით ბენეფიციარები“ - სოციალური აგენტები დახმარებას ითხოვენ„შოკი მივიღე, რომ იმის გამო, რომ სადღაც რაღაც დავწერე, თუნდაც ოფიციალურ გვერდზე, ეს ქმედება არის დასჯადი. დარწმუნებული ვიყავი, რომ საქართველოში არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება კანონით დაცული. მართლა არ ველოდი, თუ ვინმე რამე დარღვევად ჩამითვლიდა საკუთარი აზრის გამოთქმას“.
იმავე შინაარსის წერილი მიიღო გიორგი აფციაურმა, რომელიც დუშეთის რაიონს ემსახურება. რომელ კომენტართან დაკავშირებით ედავება დამსაქმებელი, არც აფციაურთან გაგზავნილ წერილში წერია.
„მგონი ორი კომენტარი გავაკეთე. დაახლოებით სამი კვირის წინ იყო და ყველა კომენტარს ვერ დაიმახსოვრებს ადამიანი“, - ამბობს გიორგი და განაგრძობს: „ყოველთვის ვცდილობ, რომ ვიყო კორექტული და კანონის ჩარჩოებში მოქცეული“.
რადიო თავისუფლებამ გადაამოწმა სოციალური მომსახურების სააგენტოს ოფიციალური ფეისბუკ გვერდი. აპრილის თვის პოსტების ქვეშ არც თეა ნარიმანიშვილის და არც გიორგი აფციაურის კომენტარები არ იძებნება. თუმცა არის კიდევ ერთი სოციალური მუშაკის, გიორგი აფციაურის კრიტიკული კომენტარები. აი რას წერს ის:
აფციაური ერთ-ერთია საერთო ჯამში 7 სოციალური მუშაკთაგან, რომელთაც სავარაუდო დისციპლინურ გადაცდომასთან დაკავშირებით წერილების მიღება ადვოკატს შეატყობინა. დავით ომსარაშვილის თქმით, მათ აერთიანებთ პროფკავშირი, კრიტიკული კომენტარების ფეისბუკზე და ზოგიერთ შემთხვევაში ტელე-გადაცემებში.
ჯანდაცვის სამინისტროში რადიო თავისუფლების კითხვებს არ პასუხობენ.
ომსარაშვილის თქმით, დასაქმებულთა ნაწილმა უკვე მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა ყველა დოკუმენტაცია იმისთვის, რომ გაერკვნენ, რას ედავება მათ დამსაქმებელი. ამის შემდეგ, ისინი მიმართავენ სახალხო დამცველს და საჭიროების შემთხვევაში სასამართლოს.
გადაცდომის დამტკიცების შემთხვევაში, სოციალურმა აგენტებმა შეიძლება მიიღონ სიტყვიერი გაფრთხილება, საყვედური. ყველაზე მკაცრი სანქცია კი სამსახურიდან გათავისუფლებაა.
„ბევრი მილაპარაკია. ახლა კი მეშინია, თქვენს სტატიაშიც რომელიმე სიტყვა რომ არ მოეწონოთ, რა სანქციას დამადებენ არ ვიცი“, - ამბობს თეა ნარიმანიშვილი.
Your browser doesn’t support HTML5