ოპოზიციის კანონპროექტით, 20 ივნისის საქმის მონაწილეს ამნისტიაზე უარის თქმა შეეძლება

ოპოზიციური პარტიების მიერ 2019 წლის 19-21 ივნისის საქმეებზე შექმნილი "ამნისტიის პროექტის" მიხედვით, პირს, რომელსაც ამნისტია შეიძლება შეეხოს, უარის თქმის საშუალება ექნება. დოკუმენტში, რომელიც რადიო თავისუფლებამ მოიპოვა, გათვალისწინებულია კანონპროექტის გასაჩივრების მექანიზმიც.

"ბრალდებულ/მსჯავრდებულ პირს უფლება აქვს, პირადად ან მისი ადვოკატის მეშვეობით, მის მიმართ ამ კანონის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება გაასაჩივროს ერთჯერადად, აღნიშნული გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატაში", - ვკითხულობთ დოკუმენტში.

ამ ეტაპზე დოკუმენტი შემუშავებული აქვს მმართველ პარტიასაც. დოკუმენტი რადიო თავისუფლებამ ჯერ ვერ მოიპოვა.

უკვე რამდენიმე დღეა ოპოზიციასა და მმართველ პარტიაში ამნისტიის კანონზე დაიწყეს მუშაობა. ოპოზიციის ნაწილს მიაჩნია, რომ კანონი სამოქალაქო აქტივისტებსა და უკვე ბრალდებულ პოლიციელებზე უნდა გავრცელდეს და "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გაათავისუფლოს პასუხისმგებლობისგან, მმართველი პარტია კი ფიქრობს, რომ ის თანაბრად უნდა გავრცელდეს ყველაზე, მათ შორის, სხვა მუხლებით გამოძიების დაწყების შემთხვევაშიც, თუმცა არა საერთაშორისო კონვენციით დაცულ მუხლებზე - ღირსების შელახვაზე ან არაადამიანურ მოპყრობაზე.