კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრებ ზაზა გახელაძის დაკავებიდან 291 დღე გავიდა. ამ დროის განმავლობაში გახელაძის ოჯახს სჯეროდა საქართველოს ხელისუფლების დაპირებების, რომ ცხინვალის ციხის პატიმრის გათავისუფლება მალე მოხერხდებოდა, გათავისუფლების იმედი კი ჟენევისა და ერგნეთის შეხვედრებით საზრდოობდა.
არაერთი დისკუსია და შეხვედრა ჩატარდა, მაგრამ ზაზა გახელაძისა და მისი ოჯახისთვის შედეგი არ დამდგარა. ერგნეთის შეხვედრა 27 აპრილსაც გაიმართა. უშედეგო შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ქვემო ჭალაში, გახელაძეების ოჯახში, ჩავიდნენ და კიდევ ერთხელ დაჰპირდნენ, რომ ზაზას მალე გაათავისუფლებენ. მათ და ოჯახის წევრებს შორის ემოციური საუბარი, დაახლოებით, ერთ საათს გაგრძელდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ზაზა გახელაძის ცოლმა და დედამ განაცხადეს, რომ ქუჩაში გავლენ და საპროტესტო აქციებს დაიწყებენ. ზაზა გახელაძის დედა, ნანა ბუნტური, ყველაზე მეტად იმაზეა ნაწყენი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ 7 მარტის ინციდენტი ზაზას გასათავისუფლებლად არ გამოიყენა. მიმდინარე წლის 7 მარტს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები სოფელ ხურვალეთში სროლით შეიჭრნენ და ადგილობრივი მოქალაქის დაკავება სცადეს, თუმცა ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა განაიარაღეს და დააკავეს, ცოტა ხანში კი რუსულ მხარეს გადასცეს. ამ დროს ზაზა გახელაძის დედას ყველაზე მეტად გაუჩნდა იმედი, რომ მისი შვილიც სახლში დაბრუნდებოდა, რაშიც პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარეც არწმუნებდა, მაგრამ...
ზაზა გახელაძის ცოლი, ირმა ბუთხუზი, აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება შესაბამის ძალისხმევას არ მიმართავს მისი ქმრის გასათავისუფლებლად, ამიტომ ოჯახის წევრები, მათი ახლობლები და ნათესავები ქუჩაში გავლენ, მანამდე კი პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრას დაელოდებიან.
ასევე ნახეთ ერგნეთში განიხილავენ უკანონო პატიმრების გათავისუფლების საკითხსზაზა გახელაძის ბიცოლის, იზო გახელაძის, თქმით, 9 თვეა ზაზას დედას თვალზე ცრემლი არ შეშრობია, საქართველოს ხელისუფლებამ კი დაკავებული რუსი ჯარისკაცები ისე გაუშვა, რომ მათთვის პირობებიც კი არ წაუყენებია.
სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრებნი ზაზა გახელაძის ოჯახს სოლიდარობას უცხადებენ და მზად არიან საპროტესტო აქციებზე მათ გვერდით დადგნენ.
ერგნეთის ,,ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ განაცხადა, რომ მეორე მხარესთან დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდა.
ასევე ნახეთ „რატომ არ გაცვალეს?“9 თვეა, გახელაძის ოჯახს ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ესმის, რომ საქართველოს ხელისუფლება ცხინვალის ციხეში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გასათავისუფლებლად მუშაობს და ყოველ შეხვედრაზე დიალოგის გაგრძელებაზე თანხმდებიან, ზაზა გახელაძის დედისა და ცოლისთვის კი ეს დიალოგი უშედეგოდ და უსასრულოდ გრძელდება.
33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავეს. დაკავებისას ე. წ. მესაზღვრეებმა გახელაძე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ფეხში დაჭრეს და უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. 5 თებერვალს ე. წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 291 დღეა, ოჯახი ზაზა გახელაძის გათავისუფლებას უშედეგოდ ითხოვს. მისი ოჯახის წევრები საპროტესტო აქციების რეჟიმში გადადიან.