სასამართლომ 5 000 ლარით დააჯარიმა ნამახვანჰესის ინვესტორი კომპანია "ენკა"

წყალტუბოს მაგისტრატმა სასამართლომ განიხილა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე კომპანია „ენკა რინიუებზლის“ მიმართ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული მთელი რიგი პირობების დარღვევის გამო და ნამახვანჰესის ინვესტორ კომპანიას დააკისრა ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით. კომპანიას ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის 10 დღე აქვს.

მოსარჩელე მხარე ამ საქმეზე იყო გარემოს დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული უწყება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, რომელიც შპს „ენკა რინიუებზლს“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 28 თებერვლის #2-91 ბრძანების საფუძველზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებითა და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობას ედავებოდა. თავად ინვესტორი კომპანია სასამართლო პროცესს არც ამ და არც წინა ორ სხდომაზე არ დასწრებია.

სასამართლო პროცესის პარალელურად "რიონის ხეობის მცველები" აქციას მართავდნენ. მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძის მიერ გამოტანილი განაჩენის შემდეგ აქცია წყალტუბოს მერიასთან გადაინაცვლებს.

ნამახვანჰესის საწინააღმდეგო პროტესტი 183 დღეა გრძელდება. 3 აპრილის შემდეგ საპროტესტო მოძრაობა ნამოხვანიდან გუმათშია დაბანაკებული. მთავრობასთან წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ "რიონის ხეობის მცველებმა" 23 მაისს თბილისში დაგეგმეს მასშტაბური აქცია.