სასამართლოსგან უარია - საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სახალხო დამცველის მონიტორინგის ჩატარების მოთხოვნაზე მოსარჩელე ორგანიზაციას „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) განჩინება 27 აპრილს ჩაბარდა.
სასამართლომ, ფაქტობრივად თქვა, რომ „სახალხო დამცველის პანსიონში არშეშვება არ ნიშნავს იმას, რომ თავშესაფარში ბავშვთა უფლებები ირღვევა და ბავშვთა მიმართ ძალადობა ხდება“ - ამბობს ადვოკატი ანა არგანაშვილი.
ორგანიზაცია PHR-მა სასამართლოს გზით ბრძოლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ცნობილი გახდა, რომ ნინოწმინდის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში არც სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფს უშვებენ და არც სახელმწიფო სოციალურ მუშაკს.
ორგანიზაცია მოითხოვდა ჯანდაცვის სამინისტროს და ნინოწმინდის ბავშვთა თავშესაფარს სასამართლოს გზით დავალებოდა, ხელი არ შეეშლა სახალხო დამცველისთვის პანსიონში სრულყოფილი მონიტორინგის ჩატარებაში.
PHR სასამართლოსგან ასევე მოითხოვდა, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთვის დაევალებინა დაუყოვნებლივ შესულიყო თავშესაფარში იქ არსებული ვითარების შესასწავლად.
ასევე ნახეთ ნინოწმინდის ჩაკეტილი ბავშვთა პანსიონი - რატომ დუმს სახელმწიფო?მოსამართლე ბაია ოტიაშვილმა ასე არ ჩათვალა და ორგანიზაციას დროებითი განჩინების გამოტანაზე უარი უთხრა.
მოსამართლემ PHR-ს განუცხადა, რომ ორგანიზაციას უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს როგორც სპეციალურმა მოსარჩელემ, შშმ პირთა მიმართ სისტემური პრობლემის, უფლებადარღვევის და დისკრიმინაციის შესახებ, მაგრამ ასევე თქვა, რომ ნინოწმინდაში შშმ ბავშვები არ არსებობენ.
ადვოკატი ანა აბაშიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ეს არის უსაფუძვლო განცხადება, რადგან მათ სასამართლოში წარადგინეს ამონარიდები სახალხო დამცველის რამდენიმე მონიტორინგის ანგარიშიდან, სადაც პირდაპირ წერია, რომ ამ დაწესებულებაში არიან ბავშვები ფსიქო-ემოციური საჭიროებებით, შშმ ბავშვები.
„სწორედ ამის ნიველირება გააკეთა სასამართლომ , გვითხრა, რომ ჩვენ ვართ არასათანადო მოსარჩელეები და რომ იქ არ არიან შშმ ბავშვები, რომელთა დაცვის მიზნითაც შეგეძლოთ მოგემართათო. და ეს არის მართლა შოკისმომგვრელი პასუხი“.
მეორე და როგორც ანა შენიშნავს, მთავარი, მოსამართლის უარში იყო ის, რომ მან ვერ დაინახა ნინოწმინდაში ბავშვთა უფლებების დარღვევის მაღალი საფრთხე.
მოსამართლეს ჰქონდა სახალხო დამცველის გასული წლების ანგარიშები, სადაც ბავშვების მიმართ არაადამიანურ მოპყრობაზე იყო საუბარი.
ანა ამბობს, რომ მართალია ეს იყო, რამდენიმე წლის წინანდელი ანგარიშიები, მაგრამ მოსამართლეს კითხვა რომც გასჩენოდა, რატომ არ არის ეს ანგარიში გუშინდელი, მასვე უნდა გაეცა ლოგიკური პასუხი, რომ უკვე წლებია, სახალხო დამცველს ეკრძალება კონკრეტულად ამ დაწესებულებაში შესვლა.
ასევე ნახეთ გალავანს მიღმა - რა ხდება რელიგიური კონფესიების ბავშვთა თავშესაფრებში?მეტიც, ეს აკრძალვა ეხება არა მხოლოდ მხოლოდ სახალხო დამცველს, არამედ სახელმწიფო უწყების წარმომადგენელ სოცმუშაკესაც.
„ანუ რა გამოვიდა: მოსამართლემ დაინახა, რას წერდა ომბუდსმენი, დაინახა, რომ ნინოწმინდის თავშესაფრის კარი წლებია დახურულია და ამის ფონზე გვეუბნება, რომ რატომ არ არის მტკიცებულება, მაგალითად, გუშინდელი, სადაც აღწერილი იქნებოდა ამ წუთას ბავშვები როგორ არიან. მოსამართლე თავად გახდა საკუთარი ლოგიკის მსხვერპლი ბავშვების საზიანოდ“.
ანა აბაშიძე ამბობს, რომ დღეს ბუნებაში არ არსებობს სხვა შესაძლებლობა, რომელიც გაგვაგებინებდა რეალურად რა მდგომარეობაში არიან დღეს იქ ბავშვები.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც იქ არსებული ვითარება სახალხო დამცველმა აღწერა, არ ჩატარებულა არანაირი აღწერა, არ განხორციელებულა რეფორმა, რაც, ანას ვარაუდით, იმას ნიშნავს, რომ იქ იგივე პრაქტიკაა დღესაც, რაც იყო რამდენიმე წლის წინ. მითუმეტეს, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ თავშესაფრის მესვეურები სახალხო დამცველის ანგარიშის არც ერთ პუნქტს არ ეთანხმებოდნენ.
„უკვე ის ფაქტი, რომ იქ ვერ შედის სახელმწიფო, ეს უკვე არის კანონის ამწუთიერი დარღვევა. მოსამართლემ საერთოდ დააიგნორა ბავშვის ის უფლება, რომლის მიხედვითაც, მასთან მუდმივად უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს კონტაქტი - მოსამართლემ ბავშვები სერიოზულ განსაცდელშიმდახურულს კარგს მიღმა დატოვა“, - უთხრა ანა აბაშიძემ რადიო თავისუფლებას.
ეს კი, დაახლოებით იგივეა, პენიტენციურ დაწესებულებებში შეხედვა რომ აეკრძალოს მას, ვისაც ამის კონსტიტუციური უფლება აქვს.
ეს უარი, ანა აბაშიძის განცხადებით, აუცილებლად გასაჩივრდება ჯერ სააპელაციო სასამართლოში, ხოლო თუ მანაც უარი თქვა განჩინების გაუქმებაზე, საქმე საერთაშორისო სასამართლოში წავა.
PHR-ისთვის ეს პრეცედენტული საქმეა და ორგანიზაცია დანებებას არ აპირებს.