300-მდე თანამშრომელი „რუსთავის აზოტის“ ადმინისტრაციული შენობის წინ დგას და მენეჯმენტისგან პასუხს ელოდება.
ამავე დროს, გაფიცულები საწარმოში არ უშვებენ არავის, ,მათ შორის სატვირთო მანქანებს, იმათ გარდა, რომლებიც ჟანგბადს დაატარებენ.
„მანქანებს ცისტერნებით ჟანგბადი საავადმყოფოებში მიაქვთ. ამათი გატარება აუცილებელია, მით უმეტეს, პანდემიის დროს, როცა ბევრი ავადმყოფი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული“, თქვა 30 წლამდე მამაკაცმა, რომელიც საწარმოს საქვაბეში მუშაობს.
მართლაც, „აზოტის“ შესასვლელიდან დაახლოებით 100 მეტრში მძიმე სატვირთო მანქანების გრძელი რიგი დგას. საწარმოდან ამონიუმის გვარჯილა აქვთ გამოსატანი.
საწარმოში დაბალი რანგის თანამშრომლების საშუალო ხელფასი, როგორც თავად აცხადებენ, 500 ლარია. ეს იმ ფონზე, როცა, მათივე თქმით, მენეჯმენტის ხელფასი 5-6 ათასი და უფრო მეტია.
„დოლარი გაძვირდა. ადრე 400 დოლარის ეკვივალენტს ვიღებდით, ახლა - 200 დოლარისას. ფასებმა კატასტროფულად მოიმატა. სახლში ორი შვილი, მეუღლე და მოხუცი მშობლები მყავს. მხოლოდ მე ვმუშაობ. რომ არა ჩემი ემიგრანტი დების დახმარება, შიმშილით დავიხოცებოდით", უთხრა რადიო თავისუფლებას გაფიცულმა გიორგი კაპანაძემ.
„აზოტის“ კიდევ ერთმა თანამშრომელმა, გელა მუშკუდიანმა, „აზოტში“ მუშაობა 8 წლის წინ დაიწყო. იხსენებს, რომ ბოლოს ხელფასი ორი წლის წინ 75 ლარით მოუმატეს და სამომავლოდ კიდევ 125 ლარის მომატებას დაჰპირდნენ.
„მაჩვენეთ აქ მდგომი მუშა, რომელსაც ბანკის ვალი არ აქვს. ოჯახში მარტო მე ვარ დასაქმებული და 580 ლარი თვიდან თვემდე არ მყოფნის. დირექტორია თუ მისი მოადგილე, იმასაც არ კადრულობენ, რომ ჩამოვიდნენ და გაგვესაუბრონ ", თქვა მუშკუდიანმა.
გაფიცული 40 წლამდე ქალი, რომელიც ლაბორატორიაში მუშაობს, ხელფასის მომატებასთან ერთად სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვს.
Your browser doesn’t support HTML5
„ჩვენთან, ლაბორატორიაში, ზაფხულში ისე ცხელა, ძლივს ვუძლებთ. ზამთარში ვერ ვთბებით. სკამიც კი არ გვაქვს, რომ დავსხდეთ“, თქვა რესპონდენტმა. მას გვერდით მდგომი 50 წლამდე მამაკაცი დაეთანხმა და დაამატა, მავნე მუშაობისთვის რძესაც კი არ გვაძლევენო, როგორც ადრე ხდებოდა.
„საწარმოს ტერიტორიაზე მტვერს და ამიაკს ვსუნთქავთ. რესპირატორებიც ხან გვაქვს, ხან არა. ესეც რომ არა, ზენორმატიული მუშაობისთვის საათში მხოლოდ 40 თეთრს გვიხდიან “, თქვა მამაკაცმა.
გაფიცულები რამდენჯერმე შეეცადნენ ადმინისტრაციულ შენობაში შესულიყვნენ, მაგრამ მათ წინ პოლიციის თანამშრომლები და საწარმოს დაცვა გადაუდგა.
ნაშუადღევს საწარმოს ხელმძღვანელობამ გაფიცულებს შესთავაზა გაფიცულთაგან 15-20 თანამშრომელი საწარმოს საკონფერენციო დარბაზში მედიის გარეშე შესულიყო მოსალაპარაკებლად, რაზეც მუშებმა უარით უპასუხეს. მხოლოდ მედიის თანდასწრებით შეგხვდებითო, განაცხადეს გაფიცულებმა.
ბოლოს „აზოტის“ მუშებთან გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი მივიდა, რომელმაც შუამავლის როლი იკისრა. გაფიცულთა განცხადებით, თუ შეთანხმება ვერ შედგა და მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, გრძელვადიან აქციებს დაიწყებენ და საწარმოს წინ კარვებსაც გაშლიან.