საქართველოს Pfizer-თან მოლაპარაკებები აქვს მილიონი დოზა ვაქცინის მიღებაზე

ვაგრძელებთ ინტენსიურ მოლაპარაკებებს ვაქცინების მწარმოებლებსა და პარტნიორ სახელმწიფოებთან, ვაქცინის დამატებითი დოზების რაც შეიძლება მოკლე ვადაში მობილიზების მიზნით, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი “ფეისბუკში“ საკუთარ გვერდზე. მისი სტატუსიდან ირკვევა, რომ სატელეფონო საუბარი ჰქონდა Pfizer-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესა და აღმასრულებელ დირექტორ ალბერტ ბურლასთან, სადაც Pfizer-ის მილიონი დოზის მოწოდების საკითხი განიხილა.

„ვისაუბრეთ საქართველოში Pfizer-ის დამატებითი დოზების მიღების კუთხით ლოჯისტიკურ და ტექნიკურ მზადყოფნაზე, მათ შორის ულტრა ცივი ჯაჭვის სისტემის კუთხით, ასევე ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობაზე. აღვნიშნე, რომ Pfizer-ის ვაქცინა საქართველოში მაღალი სანდოობით სარგებლობს.

ყურადღება გავამახვილეთ ვაქცინაციის ეროვნულ გეგმაზე, რომელიც წლის ბოლომდე მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციას ისახავს მიზნად და ამისთვის ვაქცინის შესაბამისი დოზების დროულად მობილიზების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე.

მჯერა, მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგად, ჩვენი ქვეყანა Pfizer-ის დამატებით დოზებს რაც შეიძლება მოკლე ვადაში მიიღებს“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.