ლგბტქ ადამიანთა უფლებების დამცავი 6 არასამთავრობო ორგანიზაცია ბოლო დროს ქვეყანაში ჰომოფობიური ძალადობის გაძლიერების ტენდენციაზე ამახვილებს ყურადღებას და სახელმწიფოს ამ მიმართულებით არსებული პოლიტიკის შეცვლისკენ მოუწოდებს.
განცხადებაში აღწერილია ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, 2021 წლის 20 და 24 აპრილს მომხდარი შემთხვევები, რომელთა საფუძველზეც ორგანიზაციები შენიშნავენ, რომ ჰომოფობიური ძალადობა და მასთან ბრძოლა კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს საქართველოში.
განცხადების ხელისმომწერი ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის მიერ გატარდა მთელი რიგი პოზიტიური ღონისძიებები, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების მონიტორინგისა და პოლიტიკის კოორდინირების მიზნით, სახელმწიფოს რეაგირება ამგვარი ძალადობის და მიუღებლობის პრაქტიკების მიმართ კვლავ ფრაგმენტული და სუსტად კოორდინირებული ჩანს.
„სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ეფექტიანი პრევენცია პოლიციისთვის კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. სუსტია ამგვარი ძალადობის მსხვერპლების მხარდაჭერის, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები. სახელმწიფოს თითქმის არ აქვს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებისთვის ბრალდებული პირების რესოციალიზაციისა და ტრანსფორმაციის ქმედითი პოლიტიკა. ლგბტი ადამიანების ნდობა პოლიციისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ კვლავ დაბალია[3], რაც გარდა იმისა, რომ მიმდინარე რეფორმებს რეალური სოციალური გავლენის არ არსებობის პრობლემას აჩვენებს, ის ლგბტი ადამიანების ყოფის სიმძიმეს და ძალადობის მიმართ დაუცველობას კიდევ ერთხელ ადასტურებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, სახელწიფოს პოლიტიკა ჰომოფობიას და ტრანსფობიას, ისევე, როგორც გენდერულ უთანასწორობას, დღემდე არ იაზრებს სისტემურ და სტრუქტურულ პრობლემად, რის გამოც ჰომოფობიის წარმოჩენა ხდება მხოლოდ ინდივიდუალურ საკითხად და, შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ ჰომოფობიასთან ბრძოლის წინააღმდეგ დასახულ მთავარ სტრატეგიად კვლავ მის ინდივიდუალურ გამოვლინებებზე შერჩევითი სადამსჯელო პასუხი რჩება. ამავე განცხადების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ მესამე პირთა მხრიდან ჰომოფობიური ძალადობისა და თავდასხმის ტენდენციამ იკლო, ის არ ასახავს ლგბტქ ადამიანთა ყოველდღიურ რეალობას და მეტწილად დაკავშირებულია პანდემიით გამოწვეულ კრიზისთან და ამ კრიზისის მართვისას მთავრობის მიერ შემოღებულ შეზღუდვებთან.
განცხადების ხელისმომწერი ორგანიზაციები შესაბამის პასუხისმგებელ ორგანოებს შემდეგი რეკომენდაციებით მიმართავენ:
შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას
- ორივე საქმესთან დაკავშირებით, წარმართოს დროული და ეფექტიანი გამოძიება, და მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რომელიც უზრუნველყოფს რელევანტური მტკიცებულებების მოგროვებას სავარაუდო დისკრიმინაციული მოტივის იდენტიფიცირებისთვის, ასეთის არსებობის შეთხვევაში;
- დაუყოვნებლივ მიანიჭოს დაზარალებულის სტატუსი დანაშაულის სავარაუდო მსხვერპლებს და მისცეს სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობა
საქართველოს მთავრობას
- შეიმუშავოს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ეფექტიანი პრევენციისა და რეაგირების პოლიტიკა, რომელიც ამ პროცესში თანადროულად დაინახავს სამართალდამცავი, სოციალური, პენიტენციალური და განათლების პოლიტიკის მიმართულებებს და რელევანტური უწყებების ქმედით და რეალურ კოორდინაციას დაეფუძნება;
- უზრუნველყოს საზოგადოებაში არსებული ძალადობრივი და უთანასწორობის შემქმნელი წინასწარგანწყობების და კულტურის ცვლილებაზე მიმართული გრძელვადიანი საგანმანათლებლო და საინფორმაციო პოლიტიკის გატარება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან თანამშრომლობით
- ხელი შეუწყოს მსხვერპლთა დაცვისა და მხარდაჭერის მოქნილი ფსიქო-სოციალური, ჯანდაცვისა და იურიდიული სერვისების განვითარებას, რომელიც მსხვერპლის ინდივიდუალურ საჭიროებებს გაითვალისწინებს და ადამიანის უფლებების მიდგომებზე იქნება დაფუძნებული.
განცხადებას ხელს აწერენ: „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი WISG”, „თანასწორობის მოძრაობა“, „იდენტობა იუს“, „თბილისი პრაიდი“ და ქვიარ ასოციაცია „თემიდა“.
2021 წლის 20 აპრილს თბილისში საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ლესბოსელ წყვილს, არასრულწლოვანი ბავშვის თანდასწრებით, ჰომოფობიურ ნიადაგზე, მეზობელი კაცი დაესხა თავს.
ასევე ნახეთ ლესბოსელი წყვილი მეზობელ მამაკაცს თავდასხმაში ადანაშაულებსბრალდებული წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 მუხლის საფუძვლით დააკავეს, რადგანაც შემთხვევის ადგილზე გამოძახებული პოლიციის მისვლის შემდეგაც აგრძელებდა სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ბრალდებულებისთვის.[1] გამოძიებამ მას ასევე ბრალი წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის 1 ნაწილით (იძულება), 151-ე მუხლის 1 ნაწილით (მუქარა) და 284-ე მუხლის 1 ნაწილით (კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა). თუმცა, 23 აპრილს სასამართლომ თავდამსხმელი კაცი 3000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა.[2]
24 აპრილს, 2021 წლის 24 აპრილს, ღამით ქ. თბილისში ორ ახალგაზრდა ქალს სავარაუდო გენდერული და ჰომოფობიური მოტივით, თავს დაესხა ბინის გამქირავებელი მამაკაცი. საქმის ფაქტობრივი გარემოებებით დგინდება, რომ ახალგაზრდა ქალები საკუთარ მობილურ ტელეფონში მუსიკას უსმენდნენ, რამაც ბინის გამქირავებლის მოულოდნელი გაღიზიანება გამოიწვია და მამაკაცმა ორივე ახალგაზრდა ქალს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. კერძოდ, ორივე მათგანს რამდენჯერმე დაარტყა სხეულის სხვადასხვა ადგილას, აგინებდა და მათი მისამართით გენდერული ნიშნით დამამცირებელ სხვადასხვა გამოთქმას იყენებდა. ადგილზე გამოძახებულმა პოლიციის თანამშრომლებმა სავარაუდო მოძალადის მიმართ გამოსცეს შემაკავებელი ორდერი და იგი განარიდეს სავარაუდო მსხვერპლების საცხოვრებელ ადგილს, თუმცა არ დაუკავებიათ.
მომხდარის ირგვლივ დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ძალადობას ორი ან მეტი პირის მიმართ. ამ დროისათვის, საქმეზე ტარდება სხვადასხვა საგამოძიებო, საპროცესო მოქმედება.