ერგნეთში განიხილავენ უკანონო პატიმრების გათავისუფლების საკითხს

ერგნეთი

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში მიმდინარეობს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების 99-ე შეხვედრა. ქართული მხარე კიდევ ერთხელ დააყენებს უკანონო პატიმრობაში მყოფი მოქალაქეების გათავისუფლების საკითხს და მოითხოვს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებთან, ტახტისძირსა და ღოღეთთან ბოლო დღეებში განახლებული ე.წ. ბორდერიზაციის შეწყვეტას.

შეხვედრის დაწყებამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა, რომ უკანონო პატიმრები ოჯახებს რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაუბრუნდნენ და როცა საქმე ეხება ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ ჰუმანიტარული მიდგომა. ანთაძის თანახმად, ყველა სხვა პრობლემურ საკითხზე შესაძლებელია კონსტრუქციული დიალოგი, თუმცა, ქართული მხარე „შეურიგებელია უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის მიმართ“.

ერგნეთის დღევანდელ შეხვედრაზე ქართული მხარე ასევე, დააყენებს საკითხს, რომ აღდგომის დღესასწაულისას, რომელსაც საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს აღნიშნავენ, დაცული იყოს ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოება.

ამჟამად ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში არიან ზაზა გახელაძე, გენადი ბესტაევი და ლაშა ხეთერელი.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე 2020 წლის ზაფხულში დააკავეს ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის, მოგვიანებით ბრალი წაუყენეს მკვლელობის მცდელობაშიც და 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარის მცხოვრები, 2019 წელს დაკავებული გენადი ბესტაევი ე.წ. საზღვრის დარღვევის გარდა, ნარკოტიკის კონტრაბანდის ბრალდებით გაასამართლეს და სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ერთწლიან უკანონო სასჯელს იხდის ლიახვის ხეობიდან დევნილი ლაშა ხეთერელი, რომელიც ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის 2020 წლის ზაფხულში დააკავეს. ხეთერელი ამ ბრალდებით ადრეც არაერთხელ იყო დაკავებული.