სამნიძის განცხადებით, შეთანხმებაში ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი არის ამნისტიის აქტის მიღება

ხათუნა სამნიძე

„რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარის ხათუნა სამნიძე მიესალმება ნიკა მელიას გადაწყვეტილებას ამნისტიის საკითხის გამოთხოვის შემთხვევაში ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოზე დათანხმების შესახებ.

„მივესალმები ნიკა მელიას ამ გადაწყვეტილებას იმიტომ, რომ ფაქტია, ევროკავშირის გირაოს შეთავაზების მიღება ნიშნავს, რომ ჩვენი პარტნიორები მას აღიარებენ, როგორც პოლიტიკურ პატიმარს. ასე იყო იმ დღიდანვე, როდესაც შემოთავაზებაში გაჩნდა გირაოს გადახდა ევროკავშირის მხრიდან, ეს კარგია. მეორე მხრივ, ჩვენ გვაქვს ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოვაწერეთ და ვალდებულებაა ამ ხელშეკრულებაში ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი არის ამნისტია. ამიტომ, ჩვენ უნდა შევასრულოთ ეს ვალდებულება და ამ გზას მივყვებით. მეორე ამბავია, რა თქმა უნდა, თუ მედიატორები, რომლებიც ამ დოკუმენტის ავტორები არიან, მათი მხრიდან მოხდება ამ დოკუმენტში რაიმე ცვლილების შეტანა, რა თქმა უნდა, ორივე მხარის თანხმობით, ჩვენ გვახსოვს ხელისუფლების განცხადება, რომ ისინი ხელს მოაწერდნენ დოკუმენტს, თუ მასში ცვლილება აღარ შევიდოდა. ეს არის საკითხი ისევ და ისევ შარლ მიშელის გადასაწყვეტი, ასე ვიტყოდი. ჩვენ ჩვენი ვალდებულებები უნდა შევასრულოთ და ხვალ მივდივართ, რომ დავარეგისტრიროთ“, - ამბობს ხათუნა სამნიძე.

ამ წუთებში „ქართული ოცნების” წევრებისა და ოპოზიციის ნაწილის მონაწილეობით საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ოფისში შეხვედრა მიმდინარეობს. მხარეები ამნისტიის აქტთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.

ასევე ნახეთ ოხანაშვილი: მელიას ნებაზე არაა დამოკიდებული შეთანხმების იმპლემენტაცია 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ სთხოვა ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს „შარლ მიშელის დოკუმენტს" და მიმართა „ქართულ ოცნებას", გაითხოვონ ამნისტიის საკითხი და თავად კი იღებს პასუხისმგებლობას, რომ დათანხმდება ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს და ამ პირობით დატოვებს ციხეს.

„ლელო"-ს გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ დოკუმენტის მოდიფიცირება შეუძლიათ მხოლოდ მედიატორებს.

27 აპრილს პარლამენტში უნდა დარეგისტრირდეს 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული ამნისტიის კანონპროექტი, რომლის შექმნასაც ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ მომზადებული დოკუმენტი ითვალისწინებს. ამ დროისათვის კანონპროექტზე მუშაობა მიმდინარეობს. არ გამორიცხავენ, რომ თუ ერთ კანონპროექტზე შეთანხმება ვერ შედგა, პოლიტიკურმა პარტიებმა ერთზე მეტი კანონპროექტი წარადგინონ.

ამნისტია პარტიებს შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაციით მიღწეული შეთანხმების ნაწილია - ეს არის ერთ-ერთი გზა, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ციხე უნდა დატოვოს. მმართველი პარტია აცხადებს, რომ ამნისტია უნდა გავრცელდეს ასევე სამართალდამცავებზე, რომელთაც გამოძიება უფლებამოსილების გადამეტებას ედავება.

კანონპროექტის პრინციპებზე ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა 25 აპრილს ჩატარებულ შეხვედრაზე იმსჯელეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ მათ განაცხადეს, რომ 20 ივნისის მოვლენების მონაწილეთა ამნისტია არ გაითვალისწინებს დანაშაულებს, რომლებიც საერთაშორისო კონვენციებითაა განსაზღვრული.