ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 25 აპრილს ჩატარებული შეხვედრის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ 20 ივნისის მოვლენების მონაწილეთა ამნისტია არ გაითვალისწინებს დანაშაულებს, რომლებიც საერთაშორისო კონვენციებითაა განსაზღვრული.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა: „ერთმნიშვნელოვნად ჩვენი პოზიციაა, რომ კონვენციის დათქმა უნდა ჩაიწეროს, ამასთან დაკავშირებით შევთანხმდით კიდეც და ამასთან დაკავშირებით ორი აზრი არ არსებობს - ეს არის ჩვენი სულისკვეთება“.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ შეხვედრას „პროდუქტიული და საინტერესო“ უწოდა და თქვა, რომ „კონვენციურ დანაშაულებებზე“ ამნისტია არ გავრცელდება და ეს, სავარაუდოდ, კანონში ჩაიწერება. „ესე იგი, ჯალათებზე არ ვრცელდება ამნისტია, ეს რომ დამთავრდეს სპეკულაცია. უამრავი დეტალია ამ კანონში და ყველა შევეცდებით, რომ სამშაბათამდე დაზუსტდეს აბსოლუტურად ყველა დეტალი“, - თქვა გიორგი ვაშაძემ.
„ლელოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ 25 აპრილის შეხვედრა კონკრეტული შედეგით არ დამთავრებულა, თუმცა, „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა თქვეს, რომ კონვენციური დანაშაულების მიმართებაში მათი პოზიციაა, რომ არ უნდა გავრცელდეს იმ დანაშაულზე, რომლებსაც კონვენციები კრძალავსო“.