“ოსკარის ღამის” მოლოდინში

25 აპრილს ამერიკის კინოაკადემია “ოსკარის” ლაურეატებს გამოაცხადებს. ზეიმი არ იქნება ისეთი პომპეზური, როგორიც არის ხოლმე, თუმცა ზეიმი მაინც იქნება. პანდემიის მიუხედავად, 2020 წელს მოხერხდა კარგი და ძალიან კარგი ფილმების დასრულება. უმრავლესობა “ფინალში” გავიდა და ნომინანტებს შორის დასახელდა. დღეს გაგახსენებთ ამ სურათებს და “ოსკარის” ცერემონიალის დაწყებამდე გირჩევთ საუკეთესოთა შორის საუკეთესო ფილმების ნახვას. ცხადია, ეს არჩევანი, როგორც ყველაფერი ამ რუბრიკაში, სუბიექტურია. წინასწარმეტყველად არ ვივარგებ და არ მაქვს პრეტენზია, რომ ჩემი გემოვნება კინოაკადემიკოსების გემოვნებას დაემთხვევა.

წლის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი:

  • “თრობა” “Another round” (დანია)
  • “კოლექტივი” “Collective” (რუმინეთი)
  • “კაცი, რომელმაც გაყიდა საკუთარი კანი” (ტუნისი)
  • “საით მიდიხარ, აიდა” (ბოსნია და ჰერცოგოვინა)
  • “უკეთესი დღეები” (ჰონკონგი).

ამერიკელი კინოაკადემიკოსები ტრადიციას არ ღალატობენ და ამ ნომინაციის ფინალში ყველაზე უცნაურ ფილმებს ასახელებენ. 2020 წლის უამრავი კარგი არაამერიკული სურათი ვერ მოხვდა ნომინანტებს შორის, მათ შორის დეა კულუმბეგაშვილის “დასაწყისი”, რომელმაც შარშან სან-სებასტიანის ფესტივალის მთავარი პრიზი მოუგო (ჩემი აზრით, სამართლიანად) დანიელი რეჟისორის, თომას ვინტერბერგის, “თრობას” - უცხოენოვანი ფილმის ნომინაციის ლიდერს. “თრობას” კრიტიკოსთა აბსოლუტური უმრავლესობა “ოსკარს” უწინასწარმეტყველებს. ფილმის თაყვანისმცემლები, ჩემგან განსხვავებით, “თრობაში” უფრო მეტს ხედავენ, ვიდრე მხოლოდ ეკრანიდან სწორხაზოვნად დასმულ კითხვას: “დალიო თუ არ დალიო?”, რომელზეც პასუხი ორაზროვნადაა გაცემული - “როგორც გენებოთ”. ამ ნომინაციაში ჩემი არჩევანი სულ სხვა ფილმია - “უკეთესი დღეები” - აქტუალურზე აქტუალური ისტორია ბულინგზე უფროსკლასელებს შორის. მეჩვენება, რომ “უკეთეს დღეებში” ზედმეტადაა იდიალიზებული ჩინური პოლიცია და სასამართლო (ამიტომაცაა, ალბათ, რომ ჰონკონგელი რეჟისორის ფილმს არანაირი პრობლემა არ ჰქონია ჩინეთის ცენზურასთან), მაგრამ ახალგაზრდა რეჟისორი იმდენად კარგად ფლობს კინოჟანრებს და ისე საინტეროდ ჰყვება ისტორიას, რომ ეს პროპაგანდისტული პათოსი ნამდვილად ეპატიება.

საუკეთესო მუსიკა:

  • “ხუთნი, ერთი სისხლით” ( რეჟისორი სპაიკ ლი, კომპოზიტორი ტერენს ბლანშარი)
  • “მანკი” (კომპოზიტორი ატიკუს როსი)
  • “მინარი” (კომპოზიტორი ემილ მოსერი)
  • “მთელი სამყაროს ახალი ამბები” ( კომპოზიტორი ჯეიმს ჰოვარდი)
  • “სული” (რეჟისორი პიტ დოქტერი, კომპოზიტორი ატიკუს როსი)

ატიკუს როსი უკვე არის “ოსკარის” ლაურეატი ფილმისთვის “სოციალური ქსელები”. თუმცა ნომინანტებს შორის ყველაზე მეტი შანსი აქვს ხელახლა მოიგოს, როგორც საუკეთესო კომპოზიტორმა (ერთდროულად ორი მისი ნამუშევარი მოხვდა ფინალში). “მანკის” საუნდტრეკი ნამდვილად ცალკე ხელოვნებაა - კომპოზიციების უმრავლესობა 30-იანი წლების ფილმების სტილიზაციაა, აი ზუსტად იმ ფილმებისა, რომლებსაც მუსიკა პირველი კადრიდან ფინალამდე უწყვეტად დაჰყვებოდა. “მანკი”, როგორც ფილმი, ორი ზედაპირის ერთობლიობაა - დრამის და ირონიის. ასეთია ამბავი, რომელსაც გვიამბობენ სურათის ავტორები, ასეთია ფილმის მთავარი გმირი და ასეთია მუსიკაც - თითქმის საათნახევრიანი საუნდტრეკი, რომელშიც მხიარული და დრამატული ყველა კომპოზიციაში გადაჯაჭვულია.

საუკეთესო სიმღერა:

  • “ჩიკაგოს შვიდეულის სასამართლო”
  • “იუდა და შავი მესია”
  • “ევროვიზია: ცეცხლოვანი საგის ისტორია”
  • “მთელი ცხოვრება წინაა”
  • “ერთი ღამე მაიამიში”

სელესტას პოპულარობას თუ გავითვალისწინებთ, დიდია შანსი, რომ პოპ-ვარსკვლავმა არა მარტო იმღეროს “ოსკარების” ღამეს, არამედ ლაურეატიც გახდეს საუკეთესო სიმღერის ნომინაციაში. ძალიან მოუხდა მისი სტილი “ჩიკაგოს შვიდეულის სასამართლოს” ოდნავ სოცრეალისტურ პათოსს - მე ვიტყოდი, უფრო ადამიანური გახადა. ისე, ამ ნომინაციაზე წარდგენილი სიმღერები მეტისმეტად ჰგავს, მგონი, ერთმანეთს. რაღაც ახალი მოდაა?

საუკეთესო ორიგინალური სცენარი:

  • “იუდა და შავი მესია”
  • “მინარი”
  • “იმედის მომცემი ახალგაზრდა ქალი”
  • “მეტალის ხმა”
  • “ჩიკაგოს შვიდეულის სასამართლო”

სცენარზე მსჯელობა ისე, რომ სცენარი არ გქონდეს წაკითხული, საშინელი უსამართლობა მგონია და ამ ნომინაციას სიამოვნებით გამოვტოვებდი, მაგრამ თუკი მხოლოდ ამბის განვითარებაზე, პერსონაჟებზე, სოციალურ თუ ისტორიულ ფონზე ვიმსჯელებთ, “ჩიკაგოს შვიდეულის სასამართლო” ნამდვილად ლიდერად უნდა ვაღიაროთ ნომინაციაში “საუკეთესო სცენარი”. ამ ფილმის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ

საუკეთესო სცენარი-ადაპტაცია:

  • “ბორატი 2”
  • “მამა”
  • “მომთაბარეთა მიწა”
  • “ერთი ღამე მაიამიში”
  • “თეთრი ვეფხვი”

ჩემი არჩევანია “მამა”, პოპულარული პიესის უაღრესად კინემატოგრაფიული ინტერპრეტაცია. სპექტაკლი არ მინახავს - ვიცი, რომ ფლორიან ზელერის პიესა დიდი წარმატებით იდგმება მთელ მსოფლიოში, მაგრამ ფაქტია - “მამაში” ავტორის და განსაკუთრებით მსახიობების სათქმელი მხოლოდ და მხოლოდ კინოს ენით გამოიხატება. ამ ფილმის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ

მეორე პლანის როლის საუკეთესო შემსრულებელი მამაკაცი:

  • საშა ბარონ კოენი - “ჩიკაგოს შვიდეულის სასამართლო”
  • დანიელ კალუია - “იუდა და შავი მესია”
  • ლესლი ოდომი - “ერთი ღამე მაიამიში”
  • პოლ რეისი - “მეტალის ხმა”
  • ლაკიტ სტენფილდი - “იუდა და შავი მესია”

კალუია “შავი პანტერების” ლიდერის როლში არაჩვეულებრივია. იშვიათია მსახიობი ასე იცვლებოდეს ყველა კადრში და, რაც მთავარია, აიძულებდეს მაყურებელს შეცვალოს პერსონაჟის მიმართ დამოკიდებულება, ახლებურად გაიაზროს იგი ყველა სცენაში. ამ როლისთვის მსახიობი უკვე დააჯილდოეს “ოქროს გლობუსით”, თუმცა ეს არაფერს ცვლის - კონკურენციის მიუხედავად, კალუიას აქვს შანსი გახდეს “ოსკარის” ლაურეატი.

მეორე პლანის როლის საუკეთესო შემსრულებელი ქალი

  • მარია ბაკალოვა - “ბარატი 2”
  • გლენ კლოუზი - “ელეგია ჰილბილი”
  • ოლივია კოლმანი - “მამა”
  • ამანდა საიფრედი - “მანკი”
  • იუნ ეჯონი - “მინარი”

გლენ კლოუზი შვიდჯერ იყო წარდგენილი “ოსკარზე”, მაგრამ არასდროს მოუგია. ვფიქრობ, წელს ეს მსახიობი განსაკუთრებით ახლოსაა გამარჯვებასთან”. თავისთავად უცნაურია, რომ მისი პერსონაჟი კინოაკადემიკოსებმა “მეორე პლანის გმირად” წარმოგვიდგინეს. კლოუზის გმირი არის ერთგვარი ფუნდამენტი საოჯახო კლანისა ფილმში “ელეგია ჰილბილი”. ერთადერთი, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს მსახიობს გამარჯვებაში, ეს... თავად ფილმია. ცოტა არ იყოს “ტრამპისტული პასაჟებით”, ტრადიციული ამერიკული ოჯახისა და ფასეულობების კულტით.

წლის საუკეთესო ოპერატორი:

  • ერიკ მასერშმიტი - “მანკი”
  • ჯოშუა რიჩარდსი - “მომთაბარეთა მიწა”
  • დარიუშ ვოლსკი - “მთელი სამყაროს ახალი ამბები”
  • ფიდონ პალამაიკლი “ჩიკაგოს შვიდეულის სასამართლო”
  • შონ ბობიტი - “იუდა და შავი მესია”

ამ ნომინაციაში გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი ჯოშუა რიჩარდს აქვს - “მომთაბარეთა მიწაში”პეიზაჟი უფრო მეტია, ვიდრე “ლამაზი კადრი”. ოპერატორი ზოგჯერ სრულიად განტვირთულ, “ცარიელ” კადრსაც კი სიღრმესა და ხასიათს ანიჭებს. თუმცა ჩემი ფავორიტი მაინც ერიკ მასერშმიტია და მისი ნამუშევარი ფილმში “მანკი”. წარმოუდგენელ ეფექტს მიაღწია ამ ოპერატორმა. გრეგ ტოლანდის, “მოქალაქე კეინის” ოპერატორის ხელწერა თავიდან ზუსტად გაიმეორა, შემდეგ კი თანდათან, ფილმის მსვლელობის პროცესში, დასცილდა მას და სადღაც ბოლოს თითქმის ალტერნატიულ სტილს მიაღწია. ასეთი გადაწყვეტა ძალიან მოუხდა ფილმის მთავარ გზავნილს - “მანკი” ესაა არა იმდენად სამართლიანობის აღდგენა კინოს ისტორიაში, რამდენადაც განთავისუფლება ორსონ უელსისა და “ყველა დროის საუკეთესო ფილმის” აჩრდილისგან.

წლის საუკეთესო მსახიობი ქალი:

  • კერი მალიგანი - “იმედისმომცემი ახალგაზრდა ქალი”
  • ვანესა კირბი - “ქალის ფრაგმენტები”
  • ფრენსის მაკდორმანდი - “მომთაბარეთა მიწა”
  • ანდრა დეი - “აშშ ბილი ჰოლიდეის წინააღმდეგ”
  • ვიოლა დეივისი - “მა რეინი: ბლუზის დედა”

თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ამ ნომინაციაში ფრენსის მაკდორმანდი გაიმარჯვებს. არადა, ვფიქრობ, რომ მაკდორმანდს ეყოფა ის აღიარება, რაც “მომთაბარეთა მიწით” მოიპოვა. უფრო სამართლიანი იქნება წლის საუკეთესო მსახიობ ქალად ვიოლა დეივისი დაასახელონ; “მა რეინი” დიდი მსახიობის ბენეფისია - იგი ძერწავს როლს ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, და, რაც მთავარია, ამ პროცესში ჩვენც გვრთავს, მაყურებელს. შეიძლება მისი დამსახურებაა სწორედ ის, რომ ცოტა არ იყოს ძველმოდური ამერიკული ფილმი ასე ძლიერ მოქმედებს მაყურებელზე.

წლის საუკეთესო მამაკაცი:

  • ენტონი ჰოპკინსი - “მამა”
  • რიზ აჰმედი - “მეტალის ხმა”
  • გარი ოლდმენი - “მანკი”
  • სტივენ იანი - “მინარი”
  • ჩედვიკ ბოუსმენი (გარდაცვალების შემდეგ) - “მა რეინი: ბლუზის დედა”

“ოსკარით”, როგორც ჩანს, ჩედვიკ ბოუსმენის ნამუშევარი აღინიშნება. კინოაკადემიკოსებს ექნებათ სურვილი სწორედ “ოსკარით” გამოხატონ აღფრთოვანება ბოუსმენის ნიჭის მიმართ და კიდევ ერთხელ გაიხსენონ დიდი არტისტი, რომელიც გასულ წელს, ბევრისთვის სრულიად მოულოდნელად, კიბოთი გარდაიცვალა. მაგრამ მე აზრი არ შემიცვლია - “ოსკარი” ეკუთვნის ენტონი ჰოპკინსს. ის, რასაც აკეთებს ჰოპკინსი, არის “როლში სიკვდილი”, ერთგვარი რეინკარნაცია, რომელიც, თავის მხრივ, მთელ ფილმს მაგიურ ძალას ანიჭებს.

წლის საუკეთესო რეჟისორი:

  • თომას ვიტენბერგი - “თრობა”
  • დევიდ ფინჩერი - “მანკი”
  • ლი ისააკ ჩანგი - “მინარი”
  • ქლო ჟაო “მომთაბარეთა მიწა”
  • ემერალდ ფენელი “იმედის მომცემი ახალგაზხრდა ქალი”

თეორიულად “ოსკარი” ეკუთვნის დევიდ ფინჩერს. რეჟისორული თვალსაზრისით, მისი “მანკი” გასული წლის ამერიკული კინოპროდუქციის ყველაზე ძლიერი ფილმია, გამორჩეული სწორედ ატმოსფეროს, ეპოქის სახის შექმნის უნარით.

ასევე ნახეთ “ოსკარის” რეალური კანდიდატი გამოჩნდა

თუმცა მე “მინარის” არ დავჩაგრავდი - ეს არის კინო, რომელმაც თანამედროვე ჰოლივუდს გაუცოცხლა იასუძირო ოძუ და ის გამჭვირვალე, პოეტური სამყარო, რომელიც თითქმის სრულიად დაიკარგა კინოხელოვნებაში. “მინარიში” არის რამდენიმე ეპიზოდი, რომელზეც უბრალოდ გული გიჩერდება, ხვდები, რომ აღმოსავლეთმა ახლა უკვე ჰოლივუდის გადარჩენა გადაწყვიტა... გადარჩენა მომაბეზრებელი, სწორხაზოვანი, მხატვრული თვალსაზრისით ღარიბი სოცრერალიზმისგან.

წლის საუკეთესო ფილმი:

  • “მამა”
  • “მანკი”
  • “იუდა და შავკანიანი მესია”
  • “მომთაბარეთა მიწა”
  • “მინარი”
  • “იმედის მომცემი ახალგაზრდა ქალი”
  • “მეტალის ხმა”
  • “ჩიკაგოს შვიდეულის სასამართლო პროცესი”

დიახ, მიუხედავად პანდემიისა, წლევანდელი “ოსკარების” ფინალში ნამდვილად კარგი ფილმები ვიხილეთ. გარკვეული თვალსაზრისით, პანდემიამ კარგი კინოს პოპულარიზაციას ხელიც კი შეუწყო. დიდმა სტუდიებმა უარი თქვეს თავიანთ მასშტაბურ პროექტებზე და “დაუთმეს ადგილი” დამოუკიდებელ სტუდიებს. შედეგიც მივიღეთ: მთავარი ამერიკული “ოსკარის” ნომინანტებს შორის ვხედავთ არა ბლოკბასტერებს, არამედ შედარებით მცირებიუჯეტიან ფილმებს. გამარჯვების შანსი კი აქვს სურათს, რომელმაც უკვე მოიგო ყველაფერი, რისი მოგებაც შეიძლებოდა - “მომთაბარეთა მიწას”. ყველაფერთან ერთად “ოსკარის” ფინალურ ნომინანტებს შორის არც ერთი სურათი არ გამოხატავს ასე ზუსტად განწყობილებას, რომელიც დაგვეუფლა ადამიანებს მთელ მსოფლიოში, როგორც “მომთაბარეთა მიწა”. ფილმის შესახებ ჩემს აზრს შეგიძლიათ აქ გაეცნოთ.