პოლიტიკურ პარტიებს დეზინფორმაციის გავრცელებისაგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს თბილისის საქალაქო სასამართლო. ის პასუხობს ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც ბრალდებული პოლიტიკოსის, გოგი წულაიას შესახებ განცხადება გაავრცელეს.
სასამართლო განმარტავს, რომ სქესობრივი ძალადობით ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებით დანაშაულის შესაძლო ჩადენისათვის სასამართლომ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ გასულ წლებში პატიმრობა გამოიყენა. როგორც სასამართლო აღნიშნავს, მცდარია და სიმართლეს არ შეესაბამება განცხადებაში აღნიშნული მოსაზრება, რომ მოცემული სახის დანაშაულის შესაძლო ჩადენისათვის აღკვეთის ღონისძიების მკაცრი ფორმა - პატიმრობა არასდროს გამოყენებულა.
„2019-2021 წლებში აღნიშნული ბრალდებით თბილისის საქალაქო სასამართლოში შემოვიდა 7 შუამდგომლობა, საიდანაც მოსამართლის განჩინების საფუძველზე 6 შემთხვევაში ბრალდებულის მიმართ გამოყენებულ იქნა პატიმრობა, ხოლო ერთ სისხლის სამართლის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების შუამდგომლობის განხილვის ეტაპზე მხარეებს შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, სადაც ბრალდებულს სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა", - ვკითხულობთ განცხადებაში.
22 პოლიტიკური პარტია გოგი წულაიას მხარდამჭერ განცხადებაში მიუთითებს პოლიტიკურ ანგარიშსწორების შესახებ.
ისინი წულაიას დაპატიმრებას ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობით გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოხატულ პოზიციას უკავშირებენ.
„ამ განცხადებით არ ვაპირებთ ავტომატურად ეჭვქვეშ დავაყენოთ მომჩივანის მიერ გამოთქმული ბრალდებები, მაგრამ ის ფაქტი რომ პროკურატურის მოთხოვნით და მორჩილი სასამართლოს დასტურით, გოგი წულაიას აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა როცა ანალოგიური ბრალდებების დროს პრაქტიკულად არასდროს აღმკვეთი ღონისძიების ეს ფორმა არ გამოიყენება, უდავოდ მიუთითებს შერჩევით სამართალსა და ხელისუფლების პოლიტიკურ მოტივზე", - აცხადებენ პოლიტიკური პარტიები.
პოლიტიკოსი გოგი წულაია ძალადობის ბრალდებით 17 მარტს დააკავეს. მოგვიანებით მას ბრალდება დაუმძიმდა. საქართველოს პროკურატურამ ბრალი გოგი წულაიას 18 მარტს წარუდგინა. ბრალდება ითვალისწინებს ძალადობით ჩადენილ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას (სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილი), რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა გოგი წულაია მას შემდეგ დააკავეს, რაც მან ნაქირავებ ბინაში ნაცნობ ქალზე იძალადა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ძალადობაში ბრალდებულ გოგი წულაიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ის ამ დრომდე პატიმროებაში რჩება.