წითელი ჯვარი იქ შედის, სადაც კარი ჩაკეტილია და ომებით დაზარალებული, გასაჭირში მყოფი ადამიანების დახმარება სხვას არავის შეუძლია. ძალიან ხშირად ის ერთადერთია, ვის ხელშიცაა საერთაშორისო და შიდა კონფლიქტებით დაზარალებული ადამიანების დაცვა და ყველამ იცის, რომ მთავარი, ამ ჰუმანიტარული ორგანიზაციისთვის, სადაც არ უნდა მუშაობდეს ის, ნეიტრალობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების დაცვაა.
თუ წითელ ჯვარში მუშაობ, იცი, მარტივი სამუშაო არ გელის. მაგრამ ისიც იცი - შენ ადამიანებს ეხმარები.
მისიამ, შეიძლება, მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში გადაგისროლოს. იქ, სადაც ომი ოჯახებს აშორებს, ადამიანები ხშირად სამუდამოდ კარგავენ ერთმანეთს, სადაც ომის მსხვერპლებს არა აქვთ სახლი, სადაც შეიძლება ყველაფერი შეგემთხვეს, რადგან ომია.
ეს უკვე იცის მარეხ შერვაშიძემაც, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ქართველმა დელეგატმა, რომელიც მალე მორიგ საერთაშორისო მისიაში წავა.
ცხინვალიდან თბილისისკენ - შეხვედრის ადგილი ერგნეთი
ამბავი დაიწყო წლების წინ, 2012 წელს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თბილისის დელეგაციაში მისვლით, სადაც მარეხი აფხაზეთის ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულების ოჯახების წევრებისგან ინფორმაციას აგროვებდა. ინფორმაცია, რაც 50-გვერდიანი კითხვარის შევსებით გროვდებოდა, ექსპერტებს ნეშტების მოძიებასა და შემდგომ ამოცნობაში უნდა დახმარებოდა.
ამას მოჰყვა ცხინვალში მცხოვრები ადამიანების სამედიცინო ევაკუაციების ორგანიზება.
2008 წლის აგვისტოს ომი სულ რამდენიმე წლის დასრულებული იყო. ცხინვალის მოსახლეობას ხშირად სჭირდებოდა ისეთი სამედიცინო დახმარების მიღება, რაც ადგილზე შეუძლებელი იყო - ან ვლადიკავკაზში უნდა წაეყვანათ პაციენტი, რამდენიმე საათი გზაზე, ან თბილისში.
შეხვედრის ადგილი იყო ცხინვალიდან ორ კილომეტრში მდებარე სოფელი ერგნეთი. წითელი ჯვრის მანქანა და მარეხი ავადმყოფს იქ ელოდნენ, ხოლო თუ უფრო სასწრაფოდ იყო ვინმე წამოსაყვანი, კატასტროფის ბრიგადა ცხინვალშიც შედიოდა ხოლმე.
მარეხი ცხინვალელ პაციენტებს თბილისამდე, საავადმყოფომდე აცილებდა. საინტერესო იყო მათთან ერთად მგზავრობა - თავიდან, როგორც წესი ჩუმად იყვნენ, თბილისში შემოსულები ხან მდუმარედ აკვირდებოდნენ ქალაქს, სადაც ან საერთოდ არ იყვნენ ნამყოფები, ან ძალიან ბევრი წლის წინ, ხანაც ემოციის შეკავება უჭირდათ.
რამდენიმე თვეში მარეხი უკვე 50 ცხინვალელ ოჯახს მაინც იცნობდა.
„ძალიან უცნაური იყო იმაზე დაკვირვება, როგორ ესხვაფერებოდათ ადამიანებს აქაურობა. უკან დაბრუნებისას უფრო იხსნებოდნენ, ბევრს ვსაუბრობდით“.
თბილისის დელეგაციაში 2015 წლამდე იმუშავა. 2018 წელს კი მარეხ შერვაშიძე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შეუერთდა და საველე დელეგატი გახდა.
ნიგერია, აბუჯა - დაკარგული კავშირების აღდგენაში
2018 წელს ნიგერიის მისიაში წავიდა. დედაქალაქ აბუჯაში. ეს ექვსთვიანი მისია იყო და იქ მარეხს ოჯახური კავშირების აღდგენაზე უნდა ემუშავა. იქ ჩასულმა გაიგო, რომ ესმაზე იყო ორსულად, მაგრამ მისია მისიაა - სამსახური გააგრძელა.
ნიგერიაში არც ცხოვრებაა ადვილი და არც მუშაობა უსაფრთხო, მითუმეტეს, საერთაშორისო წითელი ჯვრისთვის, რომელსაც იძულებით გადაადგილებული, საიდანღაც გამოქცეული ადამიანების ბანაკების გარდა, ციხეებშიც უწევს შესვლა - ყველგან დიდი სიხარულით არ ხვდებიან.
ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების მსხვერპლი ბოლო წლებში ათასობით ადამიანი გახდა, ათობით ათასი ადამიანი დაიკარგა. მათი პოვნა და ოჯახებთან დაბრუნება აღარც არის შესაძლებელი. კონფლიქტია კამერუნის საზღვართანაც, სადაც ძალიან ხშირად წყდება ოჯახური კავშირები.
„საზღვარზე გადასვლა-გადმოსვლისას ადამიანები ძალიან ხშირად იკარგებიან. წლების შემდეგ ისინი შეიძლება რომელიმე სხვა ქვეყნის ციხეში აღმოაჩინო, მაგრამ ოჯახებისთვის ხმის მიწვდენის საშუალება არ არსებობს. იქ ადამიანებს არა აქვთ მობილური ტელეფონები. თითქოს წარმოუდგენელია, 21-ე საუკუნეში ვერ მოახერხო რაიმე გზით კომუნიკაცია, მაგრამ ასეა“, - მოგვითხრობს მარეხი.
იქ ყოფნისას აბუჯას გარეუბანში, იმ ბანაკში მოუწია მუშაობა, სადაც ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან გამოქცეული ხალხი იყო თავმოყრილი. „ქაღალდით, ნაჭრებით, მავთულებით შეწებებულ პატარა ქოხმახებში“ ცხოვრობდნენ და ეს ბანაკი, საინტერესო იყო იმით, რომ მათ ახლოს, თავიანთ მიწურ სახლებში, ცხოვრობდა ადგილობრივი თემი, რომელმაც იძულებით გამოქცეული ადამიანები თავიანთ ტერიტორიაზე მიიღო და იქ დარჩენის უფლება მისცა.
„ნიგერიის მისიიდან ერთი ამბავი მახსოვს გამორჩეულად, 2017 წელს დაკარგული, ჩადისა და ნიგერიის საზღვარზე მცხოვრები ერთი პატარა ბიჭი, 2 წლის შემდეგ ვიპოვეთ ნიგერში. იქაური წითელი ჯვარი ნიგერიის, აბუჯას წითელი ჯვრის დელეგაციას და ხელისუფლებასაც დაუკავშირდა, დადასტურდა, რომ ეს ნამდვილად ის ბავშვი იყო და აბუჯაში ჩამოგვიყვანეს, საიდანაც გადავაფრინეთ ქალაქში, სადაც მას ბებია და ბაბუა და და-ძმა ელოდა. მართლა დაუვიწყარია ოჯახების გაერთიანების მომენტი, რაც ნიგერიის კონტექსტში ძალიან იშვიათადაა შესაძლებელი“, - გვიამბობს მარეხი.
სირია - წერილები ციხიდან დედებისთვის
მეორე მისიაში რომ წავიდა, ესმა უკვე შვიდი თვისა იყო. პირველად დარჩა დედის გარეშე - მარეხს წინ უფრო რთული მისია ელოდა, ვიდრე ნიგერიაში. ამჯერად მას სირიაში, ქურთების კონტროლირებად ტერიტორიაზე, თურქეთის და ერაყის საზღვართან ახლოს, ქალაქ ჰასაქაში უნდა ემუშავა.
იქ არის ერთ-ერთი უდიდესი ბანაკი, სადაც დღემდე ცხოვრობენ ISIS-ის წევრები, მათი ცოლები და შვილები . ეს ბანაკიც ციხეა - საკუთარი ნებით იქიდან ვერავინ გამოვა.
ეს არის ბანაკი, - მოგვითხრობს მარეხი, - სადაც მხოლოდ სირიელები და ერაყელები კი არა, მთელ მსოფლიოში, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ მიერთებული ხალხია თავმოყრილი. ცხოვრებას მათ ყოფას ძნელად დაარქმევ. მათ შორის, ქალები ჩეჩნეთიდან, ჩერქეზეთიდან. ავსტრალიის, ინგლისის, გერმანიის მოქალაქეებიც, ვინც თავის დროზე საკუთარი ბედი ISIS-ის მებრძოლებს დაუკავშირა და მათ იდეოლოგიას დღემდე იზიარებს.
„ახლაც იქ არის დაახლოებით 65 ათასი ადამიანი. 25 ათასი ქალი და 40 000-მდე მცირეწლოვანი ბავშვი. ძირითადად ქალები, რადგან სრულწლოვან ბიჭებს იქ აღარ აჩერებენ და პირდაპირ ციხეში გადაჰყავდათ. 2019 წლის შემდეგ ამ ბანაკს ხალხი აღარ შემატებია, ყველა გაგებით, იქ არსებული უმძიმესი პირობების გამო ეს ბანაკი არ უნდა არსებობდეს, 40 000 ბავშვი არ უნდა ცხოვრობდეს კარვებში, რომელსაც მუდმივად ქარი ფლეთს. ზამთარში კი გაუსაძლისად ცივა. მაგრამ ჯერ არავინ იცის ეს როდის მოხდება“.
ამ ბანაკის დატოვებას მხოლოდ ერთეულები ახერხებენ - იშვიათ შემთხვევებში ხდება მათი რეპატრიაცია. რამდენიმე ქვეყანა ინდომებს და ახერხებს იქიდან ბავშვების გაყვანას, მათ შორის, რუსეთიც - თუკი იქ ბავშვების ნათესავები ან ოჯახის წევრები ეგულება.
მარეხი ამ ბანაკში რუსული ენის ცოდნის გამოც მოხვდა. წრე უნდა შეკრულიყო - ციხეებში ბანაკში მცხოვრები ქალების არასრულწლოვან შვილებთან და ქმრებთან შეხვედრა უწევდა, მათი მდგომარეობის გაგება და ცოლებამდე და დედებამდე წერილების მიტანა.
„ჩეჩენი, ჩერქეზი, პანკისელი ქისტების ცოლები, ვინც რუსულად ლაპარაკობდნენ, გულმოდგინედ ასწავლიდნენ ბავშვებს რუსულად წერას. რომ ნახეს, რომ მეც ვლაპარაკობდი მათ ენაზე, თითქოს უფრო კეთილგანწყობილები იყვნენ“.
ტერორიზმის საფრთხის გამო, ბანაკში მობილური ტელეფონი არავის აქვს.
ფაქტია, რომ იქ ძალიან სჭირდებათ ადამიანებს ოჯახური კავშირების აღდგენის მხრივ დახმარება. თუნდაც ერთი პატარა წერილი შვილისგან, ცნობა, რომ ცოცხლები არიან.
ციხეში შესვლა არც საერთაშორისო წითელი ჯვრის დელეგატებისთვის არის ადვილი და იქ მოსახვედრად უამრავი დაბრკოლების გადალახვაა საჭირო. თან, მთავარი პირობა ისიცაა, რომ პატიმართან შეხვედრას წითელი ჯვრის თანამშრომლის გარდა არავინ უნდა ესწრებოდეს. არც კამერები უნდა იყოს. ეს მაშინ, როცა იქაურ პირობებზე ეკითხები და ინფორმაციას აგროვებ. თუ სამედიცინო დახმარების გაწევაა საჭირო, მაშინ სხვა წესებია დასაცავი.
მაგრამ ორივე შემთხვევაში, შიში, რომ უცებ ვინმე რამეს დაგიშავებს, მაინც არსებობს.
„კარგად მახსოვს ეს განცდა, პირველად რომ კაცების ციხეში შევედი. დიდი საკანი, სადაც ასობით პატიმარია, მათ შორის, "დაეშის" წევრი ბევრი უცხოელიცაა. თან ექიმი გვახლდა, რომელსაც რამდენიმე პაციენტი უნდა ენახა. დარაჯიც გვახლდა, რომელსაც სახე დაფარული ჰქონდა, უსაფრთხოების მიზნით. გაგვაფრთხილეს, ისე დადექით, რომ თქვენს უკან პატიმარმა არ გაიაროსო, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო - სიღრმეში მივდიოდით და კარს უფრო და უფრო ვშორდებოდით. რამდენიმე სახიფათო მომენტი მახსოვს, ან იქნებ მე მგონია, რომ ასე იყო, რადგან დაძაბული ვიყავი. ბევრი თვალებში არც გიყურებდა, რადგან სახე არ გვქონდა დაფარული. ბევრს არც უხაროდა ჩვენი დანახვა და გამოხატავდა კიდეც არაკეთილგანწყობას".
მაგრამ საბოლოო ჯამში, მათი დიდი ნაწილი მაინც ირჩევს, წითელ ჯვარს დაელაპარაკოს იმ მარტივი მიზეზით, რომ ერთადერთია, ვინც მათთან დახმარების მიზნით მიდის.
ის მოზარდი ბიჭებიც დაელაპარაკნენ - არასრულწლოვანების ციხეში, სამი ძმა, რომლებსაც თვეების განმავლობაში არც დედა ჰყავდათ ნანახი და არც ახალი იცოდნენ მასზე რამე. ერთი ძმა დაიმალა, მეორე მარეხს დაელაპარაკა, მესამემ კი გასაღების ხელნაკეთი საკიდი უსაჩუქრა. დედასთან, ბანაკში წასაღები წერილიც დაწერეს.
ამ წერილებში მხოლოდ ოჯახის ამბები უნდა ეწეროს. სანამ ადრესატამდე მივა, მას კითხულობენ ციხეში, თუ რამე საეჭვოა, ტექსტი სწორდება და მხოლოდ ერთი ან ორი თვის მერე შეიძლება დედას ჩაბარდეს. მაგრამ ისინი მოლოდინს მიჩვეულები არიან.
„წამოსვლის წინ, მთელი ბოლო თვე სულ ბანაკში მუშაობაში გავატარე, და ერთ-ერთი რასაც ვაკეთებდით, ქმრებს და ცოლებს შორის ან დედა-შვილს შორის, წერილების გაცვლა-გამოცვლა იყო. ქალები გრძელ რიგში დგებოდნენ და თავიანთ წერილს ელოდნენ. სახე არ უჩნდათ, ამიტომ გამოკითხვით უნდა დაგვედგინა ნამდვილად ამ წერილების ადრესატები იყვნენ თუ არა. იმ დღეებიდან ყველაზე ემოციურ მომენტად ის მახსოვს, როცა იმ სამი ძმის დედა ვიპოვეთ. სწორედ ამ ბანაკში იყო და მათი წერილი გადავეცი. თუმცა წერილზე მეტად მე მისმენდნენ, როცა ვეუბნებოდი, როგორ იყვნენ მისი შვილები. ასე იკვრებოდა წრე“.
სირიიდან რომ დაბრუნდა, მაშინ უკვე იცოდა, რომ მომდევნო მისიაში ესმასაც წაიყვანდა.
მარეხმა ისიც იცის, რომ ეს მისთვისაც და ესმასთვისაც კარგი გამოცდილება იქნება, იმიტომ რომ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში მარტო შენ კი არ ეხმარები სხვებს, ეს სამსახურიც გეხმარება გახდე უფრო ძლიერი, უფრო დამოუკიდებელი, ცოტა უფრო უკეთესიც და იმ იმედით დაადგე ყველა ახალი მისიის გზას, რომ შენი საქმით უფრო მშვიდობიან და დაცულ სამყაროს ქმნი.