22 პარტია გოგი წულაიას წინააღმდეგ პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობს

22 პოლიტიკური პარტია პოლიტიკოს გოგი წულაიას მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს და მის წინააღმდეგ პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობს. ქალზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებული წულაიას მხარდამჭერ განცხადებას ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაცია "საფარის" ხელმძღვანელი, ბაია პატარაია "საშინელს" უწოდებს.

22 პოლიტიკური პარტია წულაიას დაპატიმრებას ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობით გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოხატულ პოზიციას უკავშირებენ. ხელმომწერ პარტიებს შორის არიან: "ნაციონალური მოძრაობა", "ევროპული საქართველო", "სტრატეგია აღმაშენებელი", "სამართლიანობისთვის" (ეკა ბესელიას პარტია), "ლეიბორისტული პარტია", "გირჩი - მეტი თავისუფლება" და ა.შ. ხელმომწერებს შორის არ არის "ლელო".

"ამ განცხადებით არ ვაპირებთ ავტომატურად ეჭვქვეშ დავაყენოთ მომჩივანის მიერ გამოთქმული ბრალდებები, მაგრამ ის ფაქტი რომ პროკურატურის მოთხოვნით და მორჩილი სასამართლოს დასტურით, გოგი წულაიას აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა როცა ანალოგიური ბრალდებების დროს პრაქტიკულად არასდროს აღმკვეთი ღონისძიების ეს ფორმა არ გამოიყენება, უდავოდ მიუთითებს შერჩევით სამართალსა და ხელისუფლების პოლიტიკურ მოტივზე.

ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს რამდენად საშიშია ქართული ოცნების ხელისუფლება საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, რადგან ის ემსახურება ოლიგარქის ოჯახის პირად ინტერესებს და მზადაა შურისძიების იარაღად იქცეს სწორედ ამ ოჯახის წევრთა ხელში", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ბაია პატარაია კი აცხადებს, რომ წულაიას ბრალზე უტყუარი მტკიცებულებები არსებობს, მათ შორის, აღიარების დამადასტურებელი ჩანაწერი.

"შერჩევითი სამართალი ის კი არ არის წულაია რომ დააპატიმრეს, არამედ ის, რომ ჯიშკარიანი არ დააპატიმრეს. წულაიას მიუდგნენ არა დამსჯელობითად, (როგორც ამას გვასაღებენ პარტიები), არამედ სტანდარტულად... დაუჯერებელია, რომ პარტიები ირიბად ითხოვენ მოძალადის შეწყნარებას მართლმსაჯულების მხრიდან, იმის ნაცვლად, რომ ითხოვდნენ ყველა მოძალადის დასჯას.

ეს განცხადება არის მიზოგინური და დისკრიმინაციული ქალი მსხვერპლების მიმართ და საშინელებაა, რომ ამ პარტიებში ხმა არავინ ამოიღო ამ განცხადების წინააღმდეგ; პრეტენზიები კი აქვთ ქალთა უფლებების დაცვაზე", - აცხადებს პატარაია.

პოლიტიკური პარტიების განცხადების ხელმომწერები არიან:

  1. ახალი ქრისტიან დემოკრატები
  2. გამარჯვებული საქართველო
  3. გირჩი-მეტი თავისუფლება
  4. ევროპული დემოკრატები
  5. ევროპული საქართველო
  6. ემსახურე საქართველოს
  7. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
  8. ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა
  9. ეროვნულ დემოკრატიული პარტია
  10. თავისუფალი საქართველო
  11. კანონი და სამართალი
  12. ლეიბორისტული პარტია
  13. მოძრაობა დროა
  14. პროგრესი და თავისუფლება
  15. სამართლიანობისთვის
  16. სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის
  17. საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება
  18. სახელმწიფო ხალხისათვის
  19. სტრატეგია აღმაშენებელი
  20. ქართული არჩევანი
  21. ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა
  22. ქრისტიან კონსერვატული პარტია

პოლიტიკოსი გოგი წულაია ძალადობის ბრალდებით 17 მარტს დააკავეს. მოგვიანებით მას ბრალდება დაუმძიმდა. საქართველოს პროკურატურამ ბრალი გოგი წულაიას 18 მარტს წარუდგინა. ბრალდება ითვალისწინებს ძალადობით ჩადენილ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას (სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილი), რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა გოგი წულაია მას შემდეგ დააკავეს, რაც მან ნაქირავებ ბინაში ნაცნობ ქალზე იძალადა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ძალადობაში ბრალდებულ გოგი წულაიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ის ამ დრომდე პატიმროებაში რჩება.