ლესბოსელი წყვილი მეზობელ მამაკაცს თავდასხმაში ადანაშაულებს

ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის“ ცნობით, 20 აპრილს, საღამოს, საბურთალოს რაიონში, იქ მცხოვრებ ლესბოსელ წყვილსა და ერთ-ერთი მათგანის არასწულწლოვან შვილს თავს მეზობელი მამაკაცი დაესხა - თავდასხმა, როგორც „თბილისი პრაიდში“ ამბობენ, სიძულვილით იყო მოტივირებული.

ოჯახი საღამოს საათებში შინ დაბრუნდა. სადარბაზოსთან ავტომობილის გაჩერება სცადეს. ამ დროს იქვე იმყოფებოდა მათივე სადარბაზოში მცხოვრები დაახლოებით 35 წლის მეზობელი, რომელიც, როგორც წყვილი აცხადებს, ნასვამი იყო.

„თბილისი პრაიდის“ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ როგორც კი დაზარალებულებმა მანქანა გააჩერეს, მეზობელი მათ მიუახლოვდა, მანქანას ფეხი მიარტყა და შემდეგი ტექსტების ყვირილი დაიწყო: წადით აქედან ლესბიანკებო”, „წაეთრიეთ ამ სახლიდან, აქ თქვენი ადგილი არ არის”, „აქ თქვენ მანქანას ვეღარ გააჩერებთ”. გინება რამდენიმე წუთს გაგრძელდა.

გოგონებმა ბავშვი უსაფრთხოების მიზნით მანქანაში დატოვეს, თავად კი გადმოვიდნენ ავტომობილიდან. ამის შემდეგ მოძალადე ერთ-ერთს მიუახლოვდა, შეაფურთხა და განაგრძო ჰომოფობიური შეურაცხყოფა. ყვირილზე შეგროვდნენ სხვა მეზობლებმაც, თუმცა არც ერთ მათგანს მსხვერპლებისთვის დახმარება არ აღმოუჩენია.

,,მოგვიანებით მოძალადემ ჯიბიდან ამოიღო დასაკეცი დანა, გაშალა და წყვილს ემუქრებოდა. ერთ-ერთმა მსხვერპლმა მოახერხა პოლიციის გამოძახება და აღნიშნული ინცინდენტის ტელეფონით გადაღება. იმის მიუხედავად, რომ მოძალადეს ვიდეოს განადგურების მცდელობა ჰქონდა, წყვილმა მოახერხა მტკიცებულების აღდგენა. მოძალადემ პოლიციის თანდასწრებით კიდევ ერთხელ შეაფურთხა ერთ-ერთ დაზარალებულს, ესროლა მას სიგარეტის ნამწვი და განაგრძობდა შეურაცხყოფას. პოლიციელებმა სცადეს მოძალადის დაკავება, თუმცა პირველ ცდაზე ეს შეუძლებელი აღმოჩნდა და დამატებით ორი ეკიპაჟის გამოძახება გახდა საჭირო", - წერს „თბილისი პრაიდი“.

პოლიციამ, თავდამსხმელი, წინააღმდეგობის გაწევის მიუხედავად, ადგილზევე დააკავა.

შსს-ში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს, რომ საქმე ამ ეტაპზე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე (იძულება), 151-ე (მუქარა) და 284-ე (კომპიუტრულ სისტემაში უნებართვო შეღწევა) მუხლებით. ლესბოსელ ქალებს პროკურატურამ უკვე მიანიჭა დაზარალებულების სტატუსი.

როგორც დაზარალებულები აცხადებენ, ჰომოფობიური ინციდენტები მოძალადის მხრიდან დაიწყო მას შემდეგ, რაც მან გაიგო რომ ერთ-ერთი მათგანი მუშაობს ლგბტ ორგანიზაცია „თბილისი პრაიდში“.

ერთ-ერთ ქალს მანქანაში ედო მისი სამსახურეობრივი სავიზიტო ბარათები, სადაც მითითებული იყო მისი სახელი, გვარი, პოზიცია, ორგანიზაციის სახელი.

მნიშვნელოვანია გამოძიების ეტაპზე სათანადო ყურადღება მიექცეს დანაშაულის მოტივს, რადგან სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისთვის გათვალისწინებულია მეტად მძიმე სასჯელი, ხოლო მოტივის დადგენა წარმოადგენს საგამოძიებო ორგანოების ვალდებულებას, რომელის არ შესრულების შემთხვევაში სასამართლო მოკლებული იქნება მეტად მკაცრი სასჯელის დანიშვნის შესაძლებლობას“, - ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„თბილისი პრაიდის“ წარმომადგენელი თამაზ სოზაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღმაშფოთებელს უწოდებს სამართალდამცავი უწყებების რეაგირებას გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულების მიმართ და ამბობს, რომ ყოველ ჯერზე, როცა იკვეთება სიძულვილის ნიშნები, ლგბტქ თემის წევრებს მუდმივად უწევთ საქმეში პირადი კონტაქტების ჩარევა მხოლოდ იმიტომ, რომ დაიწყოს გამოძიება:

„ამ საქმეში ჩვენ ჩავერიეთ და რას უნდა ელოდონ სხვა ქალები, რომლებსაც სამართლის პოვნა სურთ? ვისაც ნაცობები არ ჰყავს? რისი იმედი უნდა ჰქონდეთ რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს?“, - გვეუბნება თამაზ სოზაშვილი.

მისი დაკვირვებით, პოლიციის მხრიდან რეაგირება მსგავს დანაშაულებზე განსაკუთრებით მოისუსტებს ბოლო პერიოდში და ისეთი წარმოდგენა იქმნება, თითქოს პოლიცია განზრახ ქმნის ვითარებას, რომ ყველას გაუქრეს მიმართვის სურვილი.

გარდა ამისა, დაუსჯელობის სინდრომი არის ის, რაც მუდამ ახალისებს სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულს. როგორ შეიძლება ადამიანს მისი ორიენტაციის, გენდერის ან სამსახურის გამო მოსაკლავად დასდევდნენ ღია მუქარით და ამაზე სახელმწიფი უწყებებს რეაგირება არ ჰქონდეთ?“

თამაზ სოზაშვილი აქცენტს სვამს იმაზეც, რომ ლესბოსელ ქალებზე თავდასხმის შემთხვევაში მომხდარის მიმართ დამოკიდებულებას განსაზღვრავდა ისიც, რომ ისინი ქალები იყვნენ და თან არაჰეტეროსექსუალი ქალები.

ესეც სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ იზრუნოს იმაზე, რომ საზოგადოებაში არსებული ეს ნეგატიური განყობები ლგბტ თემის მიმართ როგორმე შემცირდეს და მათ მიმართ მიმღებლობა გაიზარდოს“.

"თბილისი პრაიდი" მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

  • - საქმე გამოიძიოს ადეკვატურად, დროულად და ეფექტურად;
  • - გამოკვეთოს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ნიშნები;
  • - საქმის გამოძიება წარმართოს შესაბამისი ცოდნისა და მგრძნობელობის მქონე პირებმა, რათა თავიდან არიდებულ იქნას მსხვერპლთა, მათ შორის არასრულწლოვანის მეორადი ვიქტიმიზაცია;
  • - უზრუნველყოს მსხვერპლთა ფიზიკური უსაფრთხოება.

ასევე მოუწოდებს შსს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტს:

განახორციელოს ეფექტური ზედამხედველობა გამოძიების პროცესზე და უზრუნველყოს ჰომოფობიური სიძულვილის დანაშაულის ნიშნების გამოკვეთა.