„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, არ დაუშვან კანონპროექტის ინიცირება, რომელიც ითვალისწინებს ამნისტიის გავრცელებას 2019 წლის 20-21 ივნისს სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე. ორგანიზაცია განმარტავს, რომ დაუშვებელია ამნისტიის/შეწყალების გამოყენება სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ ადამიანის უფლებათა წინააღმდეგ ჩადენილ სერიოზულ დანაშაულებთან მიმართებით, მათ შორის, არაადამიანური/დამამცირებელი მოპყრობის დროს. საია-ში მიიჩნევენ, რომ შეთანხმების იმპლიმენტაცია უნდა მოხდეს საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საია იცავს 20-21 ივნისის აქციის დროს დაზარალებულ პირთა (როგორც დემონსტრანტების, ისე ჟურნალისტების) ინტერესებს როგორც ეროვნულ დონეზე, ისე ევროპულ სასამართლოში. 2019 წლის 20-21 ივნისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აქციის დაშლა აქციაზე მყოფი პირების უფლებების მასშტაბურ დარღვევაში გადაიზარდა. დაზარალებულთა მიმართ გამოყენებული ძალის უკანონობა და არაპროპორციულობა, დაკავების და შემდგომ პერიოდში არასათანადო მოპყრობა, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლა, აქტიური სპეციალური საშუალებების საკანონმდებლო რეგულირებასთან დაკავშირებული პრობლემები, და გამოძიების არაეფექტიანობა, თავისი არსით, იწვევს ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა), როგორც მატერიალური, ისე პროცედურული ასპექტის დარღვევას“, - აღნიშნულია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადების თანახმად, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვის წინააღმდეგ ჩადენილ სერიოზულ დანაშაულებში (იმის მიუხედავად, თუ ეროვნულ დონეზე რა კვალიფიკაციით იქნება საქმე წარმოებული), სახელმწიფოს წარმომადგენელ პასუხისმგებელ პირთა მიმართ ამნისტიის და შეწყალების გამოყენება არის საერთაშორისო სამართლის დარღვევა. საია-ში აღნიშნავენ, რომ საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, რომლებიც ამგვარ აკრძალვას ითვალისწინებენ, საქართველოს კანონმდებლობის განუყოფელი ნაწილია და კონსტიტუციის შემდეგ იერარქიით ყველაზე მაღლა დგას. შესაბამისად, საქართველო მათ შესრულებაზე ვალდებულია როგორც საერთაშორისო ორგანოების, ისე საკუთარი მოქალაქეების წინაშე.
19 აპრილს, „ქართულმა ოცნებამ“ და პარლამენტის მანდატების მქონე ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ ინიცირებულ დოკუმენტს, რომლის მიზანია საქართველოში ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი კრიზისის დაძლევა პარლამენტში ოპოზიციის შესვლის და საარჩევნო და სასამართლო რეფორმების განხორციელების, პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმული საკითხების მოგვარებისა და პარლამენტში ძალაუფლების განაწილების გზით.
პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებასთან დაკავშირებით, კერძოდ, დოკუმენტში წერია, რომ „საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე და ამ შეთანხმების განსახორციელებლად, ხელმომწერებმა ვალდებულება აიღეს, ამ შეთანხმების გაფორმებიდან ერთი კვირის განმავლობაში განიხილონ პოლიტიზებული მართლმსაჯულების ორი შემთხვევა, ამნისტიით ან / და ისეთი ნაბიჯებით, რომელიც ეკვივალენტური შედეგის მომცემი იქნება. კერძოდ, ხელშეკრულების ხელმოწერიდან ერთ კვირაში, პარლამენტში წარმოდგენილი მხარე შეიტანს ამნისტიის შესახებ კანონს 2019 წლის 19-21 ივნისის საპროტესტო აქციების შედეგად წარმოქმნილი ყველა დარღვევისა და განხორციელებული დასჯის შესახებ“.
2021 წლის 19 აპრილს საია-მ მედიაციის პროცესში ჩართულ მხარეებს მოუწოდა, ხელი მოეწერათ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ კომპრომისულ წინადადებაზე. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ შეთანხმება საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად უნდა შესრულდეს.
ასევე ნახეთ რა წერია პრეზიდენტ მიშელის ახალ წინადადებაში არჩევნებსა და პატიმრებთან დაკავშირებით