საქართველოს პარლამენტის არჩეული დეპუტატი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ პოლიტიკა საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებას მოითხოვს და ევროკავშირის მედიატორობით მომზადებულ დოკუმენტზე ინდივიდუალური ხელმოწერით სწორედ ეს ნაბიჯი გადადგა. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შეთამხმების ხელმოწერაზე უარის თქმის პოზიციის შეფასებისას მან განაცხადა, რომ არ არის სწორი მორალური უპირატესობის პოზიციაში ჩადგომა:
„თუ "ნაციონალური მოძრაობა" გადაწყვეტს, რომ ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ იმ გზით, რაც არის ამნისტია, შევიდეს პარლამენტში, მაშინ ამნისტიის კანონპროექტის მიღებაში რატომ არ იღებს მონაწილეობას? მე არ ვაპირებ ჩავდგე მორალური უპირატესობის პოზიციაში, რომ არა, იცით, აი, თქვენ მოილაპარაკეთ, თქვენ მიიღეთ ამნისტიის კანონპროექტი და ამის შედეგად გამოვა ნიკა და მერე მე შევალ პარლამენტში. ეს ჩემთვის გაუგებარია... რატომ უნდა ვიყო იქ, სადაც არ მჯერა... არც იმ არგუმენტის მჯერა და, ჩემი აზრით, არ არის სწორი, რომ ამომრჩევლის აზრს ამოეფარო მუდმივად, იმიტომ რომ ამომრჩევლის აზრი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არსებობს ვითარება, როდესაც მათ შორის შენს ამომრჩეველს უნდა განუმარტო, რა ხდება“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. მისი განმარტებით, ამ ეტაპზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველს უნდა ესმოდეს, რომ ან ნიკა მელია ამნისტიის კანონის საფუძველზე გათავისუფლდება, ან იგი გაურკვეველი ვადით დარჩება საპატიმროში.
„პოლიტიკოსებს მუდმივად გვიწევს ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც შეიძლება არ არის ყველასთვის მისაღები, მაგრამ პასუხისმგებლობა უნდა აიღო და, მით უმეტეს, ასეთ პოლიტიკურ კრიზისში. ჩვენ ვართ სრულიად ანომალიურ პოლიტიკურ პროცესში, როდესაც გაბედული ნაბიჯების გადადგმაც გიწევს, შეიძლება არაორდინალური ნაბიჯების გადადგმაც გიწევს“, - განაცხადა „დილის საუბრებში“ სალომე სამადაშვილმა საკუთარი გადაწყვეტილების კომენტირებისას. მისი თქმით, ამ ეტაპზე აქტუალურია ნიკა მელიას გათავისუფლება და შემდგომი პროცესების დაგეგმვა:
„მე არ მინდა დაპირისპირებაში შესვლა, ამიტომ არ ვპასუხობ, ვცდილობ, რომ დიპლომატიურად მივუდგე ვითარებას, მაგრამ ერთი რამ შემიძლია ვთქვა, თუ გაგრძელდება ეს დაპირისპირება, ნამდვილად არ გამოვა გამარჯვებული ამ დისკუსიაში ის ხალხი, ვინც დღეს რაღაცნაირად ცდილობს, რომ პოლიტიკური ტალახი ესროლოს იმ ადამიანებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს ამ შეთანხმებას“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
19 აპრილს, „ქართულმა ოცნებამ“ და პარლამენტის მანდატების მქონე ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ ინიცირებულ დოკუმენტს, რომლის მიზანია საქართველოში ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი კრიზისის დაძლევა პარლამენტში ოპოზიციის შესვლის და საარჩევნო და სასამართლო რეფორმების განხორციელების, პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმული საკითხების მოგვარებისა და პარლამენტში ძალაუფლების განაწილების გზით. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ნიკა მელიას გათავისუფლებამდე დოკუმენტზე ხელმოწერას არ აპირებს, თუმცა შეთანხმებას ინდივიდუალურად მიუერთდა სალომე სამადაშვილი.
ასევე ნახეთ ვინ შედის პარლამენტში და ვინ რჩება გარეთ?„ამ ეტაპზე მე ცხადია, აღარ ვაგრძელებ პოლიტიკურ საქმიანობას ენმ-ის სახელით. რაც შეეხება პარტიის ოფიციალურად დატოვების განაცხადს, ცხადია, დაველოდები ჩემი მეგობრის, ნიკა მელიას გათავისუფლებას. მექნება მასთან, როგორც პარტიის თავმჯდომარესთან, საუბარი და ამის შემდგომ მივიღებთ ოფიციალურ, ცივილიზებულ გადაწყვეტილებას. იმედია, რომ ყველა შეკითხვას ვუპასუხე“, - განმარტა სალომე სამადაშვილმა 20 აპრილს სოციალური ქსელის საშუალებით. მანამდე მან დაწერა, რომ სასაცილოდ და ინფანტილურად გამოიყურება ენმ-ის პოზიცია, ხელი არ მოაწეროს დოკუმენტს მანამ, სანამ პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია და „მთავარი არხის“ დამფუძნებელი გიორგი რურუა არ დატოვებენ საპატიმროს.
„სასაცილოდ და ინფანტილურად გამოიყურება ენმ-ის პოზიცია - მელიას გამოშვების გარეშე არ მოვაწერთ ხელს ამ დოკუმენტს, მაგრამ სხვებმა მოაწერონ, მელია და რურუა გამოაშვებინონ, მერე, ვინც მოაწერს, იმათ "მოღალატეს" დავუძახებთ. ოღონდ, მელიას გამოსვლის შემდეგ თვითონაც აპირებენ პარლამენტში შემოსვლას. უხერხულია, მხოლოდ ამას ვიტყვი. ტალახს მაინც არ ვისვრი. ამ გაუგებრობაში ჩემი ადგილი აღარაა. წარმატებები“, - წერდა სალომე სამადაშვილი.
ასევე ნახეთ მელიას გათავისუფლების შემდეგ, სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერისკენ მოუწოდებს