გიორგი ვაშაძე ლაპარაკობს ამნისტიის კანონის მიღების გეგმაზე

ორბელიანების სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მონაწილეობით გამართული ვახშმის დასრულების შემდეგ „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მედიასთან ილაპარაკა ამნისტიის შესახებ კანონის მიღების სავარაუდო ვადებზე.

როგორც ვაშაძემ თქვა, მათ მოისმინეს პროცედურები შარლ მიშელის თანდასწრებით. „სამშაბათს ყველანი ერთად დაარეგისტრირებენ ამნისტიის კანონს. როგორც კი ეს კანონი დარეგისტრირდება, ამის შემდეგ იქნება შეწყალების აქტი მიღებული", - თქვა მან და განმარტა, რომ პრეზიდენტი გიორგი რურუას შეიწყალებს სამშაბათს.

როგორც ვაშაძე ამბობს, მისი განხილვისა და მიღებისთვის ერთი კვირა არ იქნება საკმარისი.

„მივიღეთ თანხმობა ბატონი თალაკვაძისგან, პარლამენტის თავმჯდომარისგან, რომ მაქსიმალურად შევიწროებულ ვადებში მოხდება ამ კანონის მიღება", - აღნიშნა ვაშაძემ. როგორც ის ამბობს, მისთვის უცნობია, ამის შესახებ ნიკა მელია ინფორმირებული არის თუ არა.

შეკითხვაზე, ამნისტია შეეხება თუ არა 20 ივნისის აქციის დაშლაში მონაწილე პოლიციელებს? ვაშაძე პასუხობს: „ამაზე ვიმსჯელებთ. ამაზე გეტყვით, რომ ჩემთვის დამნაშავე არის არა პოლიციელი, არამედ ვინც დავალება გასცა. შეეხება მხოლოდ იმ ადამიანებს, ვინც უკვე არის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული და კონკრეტულად ვიცით, რა მუხლით არიან". მან დაამატა, რომ გადაწყვეტილების მიმღებზე, მათ შორის, გიორგი გახარიაზე (რომელიც არ არის ბრალდებული) ამნისტია არ შეეხება.

გიორგი ვაშაძის თქმით, ასევე იგეგმება საკონსტიტუციო და სხვა საკანონმდებლო ცვლილებების პროექტების მომზადება.

2 უშედეგო რაუნდის შემდეგ, 18 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ახალი წინადადება შესთავაზა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს - „სამომავლო გზა საქართველოსთვის“, რომლითაც მისი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ 31 მარტს წარდგენილ დოკუმენტში დაზუსტდა ორ ძირითადი შეუთანხმებელი პუნქტი - პოლიტიზებულ მართლმსაჯულებასა და ახალ არჩევნებთან დაკავშირებით.

დოკუმენტს „ქართულ ოცნებასთან" ერთად ხელი მოაწერა ოპოზიციის ნაწილმა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ნიკა მელიას გათავისუფლებამდე არ აპირებს მასზე ხელმოწერას.