შარლ მიშელი: ჩვენი თანამშრომლობა დაფუძნებულია საერთო ინტერესებზე

შარლ მიშელი, ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტი

თბილისში მყოფმა ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ევროკავშირ-საქართველოს თანამშრომლობა საერთო ინტერესებზეა დაფუძნებული.

„ევროკავშირი გახლავთ საქართველოს უდიდესი დონორი. 200-ზე მეტი მიმდინარე პროექტი არსებობს", - განაცხადა შარლ მიშელმა. მისი თქმით, ეს პროექტები მიმართულია ეკონომიკურ განვითარებაზე, სოფლის მეურნეობაზე, განათლებასა და ინფრასტრუქტურაზე.

„ჩვენი მზაობა, ჩვენი მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება. რასაკვირველია, მას შემდეგ, რაც ვიხილავთ ზემოაღნიშნული რეფორმების გაძლიერებას და გაღრმავებას. რასაკვირველია, ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ. განსაკუთრებით, რთული რეგიონული სიტუაციის ფონზე“, - განაცხადა შარლ მიშელმა, რომელმაც ისაუბრა ასევე უკრაინის საზღვრებთან არსებულ სიტუაციაზე და ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას:

„ჩვენ კარგად ვხედავთ რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერებას უკრაინის საზღვარზე და კარგად ვხედავთ, რა მდგომარეობა გახლავთ ყირიმში, ვინაიდან ყირიმი უკანონოდაა ანექსირებული. ევროკავშირმა, რასაკვირველია, გადადგა კონკრეტული ნაბიჯები კრიზისის განმუხტვის მიზნით. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ევროკავშირის ვალდებულება და მზადყოფნა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ კვლავ რჩება ურყევი“, - აღნიშნა შარლ მიშელმა. მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტთან საუბრის თემა იყო ასევე ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების გაძლიერება:

„დღეს ვისაუბრეთ იმ მიზანზე, რომელიც უკავშირდება ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების გაძლიერებას საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან და მე მივესალმები იმ იდეას, რომელიც უკავშირდება საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ლიდერების შეკრებას, რათა განხილულ იქნეს ზემოაღნიშნული შეთანხმება“, - აღნიშნა შარლ მიშელმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოში დღეს, 20 აპრილს 15 საათისთვის ჩამოვიდა. საქართველოს პრეზიდენტის გარდა გარდა, იგი შეხვდა ასევე პრემიერ-მინისტრს. დაგეგმილია შეხვედრები პარლამენტის თავმჯდომარესა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტი საქართველოში ხვალ დილით დასრულდება.

საქართველოში ვიზიტის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა თავად განაცხადა 19 აპრილს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ქართველი პოლიტიკოსების მიერ დოკუმენტზე "სამომავლო გზა საქართველოსთვის" ხელმოწერის დასრულების შემდეგ:

„სიამოვნებით მინდა განვაცხადო, რომ ხვალ ჩამოვდივარ საქართველოში ყველა თქვენგანთან შესახვედრად, აგრეთვე იმისთვის, რომ გამოვხატო ნდობა და თქვენთან ერთად განვიხილო, როგორ გადავდგათ მეტი ნაბიჯი ერთად საქართველოსა და ევროკავშირს შორის კავშირების გასაძლიერებლად. მოუთმენლად ველი თქვენთან ხვალინდელ შეხვედრას. გმადლობთ და საუკეთესოს გისურვებთ“.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების მედიაციის პროცესი, შარლ მიშელის პირველი ვიზიტის დროს, 2021 წლის 1 მარტს დაიწყო.

2 უშედეგო რაუნდის შემდეგ, 18 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ახალი წინადადება შესთავაზა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს - „სამომავლო გზა საქართველოსთვის“, რომლითაც მისი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ 31 მარტს წარდგენილ დოკუმენტში დაზუსტდა ორ ძირითადი შეუთანხმებელი პუნქტი - პოლიტიზებულ მართლმსაჯულებასა და ახალ არჩევნებთან დაკავშირებით.

19 აპრილს ორბელიანების სასახლეში იმყოფებოდნენ და დოკუმენტს ხელი მოაწერეს: „გირჩიდან“ ვახტანგ მეგრელიშვილმა, „მოქალაქეებიდან“ ალეკო ელისაშვილმა, „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ გიორგი ვაშაძემ, „გირჩი-მეტი თავისუფლებიდან“ ზურაბ ჯაფარიძემ, „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ, „ლელოდან“ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ.

დოკუმენტს ინდივიდუალურად შეუერთდნენ ენმ-ის წევრი სალომე სამადაშვილი და „ევროპული საქართველოს“ ყოფილი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე.

შეთანხმებას მმართველი პარტიიდან ხელი მოაწერეს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა. დოკუმენტი ხელმოწერებისთვის ღიაა.