„კარტოგრაფების საქმე“ სტრასბურგში გაიგზავნა

ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ საჩივრით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს. საჩივარი მოამზადა დავით ჯანდიერმა, რომელიც წარმოადგენს მომჩივნის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. საჩივარი მომზადდა ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას წარმომადგენლებთან თანამშრომლობის ფარგლებში, „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით.

საჩივარი კონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევას ეფუძნება და უკავშირდება მომჩივნების დაკავებას და პატიმრობაში ყოფნის პერიოდს 2020 წლის 7 ოქტომბრიდან 2021 წლის 28 იანვრამდე. საჩივარში ყურადღებაა გამახვილებული კონვენციით დაცული, თავისუფლების უფლების შეზღუდვაზე კონვენციის საწინააღმდეგო მიზნით, კერძოდ, მომჩივანთა დაკავებაზე მმართველი პარტიის პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე.

ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. ივერი მელაშვილის ინტერესებს იცავენ გიორგი მშვენიერაძე და ედუარდ მარიკაშვილი, ხოლო ნატალია ილიჩოვას - ნესტან ლონდარიძე, სულხან კომახიძე და გიორგი მახარაძე.

კარტოგრაფების საქმეზე სახალხო დამცველმა ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა, პოლიტიკური მოტივი, დაადგინა და თავისი მოსაზრება სასამართლოს მეგობრის სტატუსით საქალაქო სასამართლოს გაუგზავნა. არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ამ საქმეს მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მაგალითად მიიჩნევს და აქცენტს აკეთებს გამოძიების დაწყების დროზე, რაც წინასაარჩევნო პერიოდს დაემთხვა და ასევე ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ამ საქმეზე გაკეთებულ განცხადებებზე.

ასევე ნახეთ "კარტოგრაფების საქმე" - გამოძიების ქრონოლოგია