რუსეთის დუმის დეპუტატი ოთარ არშბა და მისი მეუღლე საქართველოში უძრავი ქონების 8 ობიექტს ფლობენ

ოთარ არშბა

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი, სათათბიროს სამანდატო საკითხების, ეთიკისა და დეპუტატების შემოსავლების კონტროლის კომისიის თავმჯდომარე, პარტია „ედინაია როსიას“ უმაღლესი საბჭოს წევრი ოთარ არშბა და მისი მეუღლე მარია ზენაიშვილი საქართველოში „ეხო კავკაზა“-ს ცნობით, უძრავი ქონების 8 ობიექტს ფლობენ.

ინფორმაციის თანახმად, 2020 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, რომელიც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საიტზეა გამოქვეყნებული, დეპუტატი წილობრივად (1/2 ნაწილი) 74,18 კვადრატული ფართის ბინის მესაკუთრეა. მისი მეუღლის საკუთრებაშია 7 ობიექტი: მიწის 4 ნაკვეთი, ინდივიდუალური ბინათმშენებლობისთვის (საერთო ფართით 20 318 კვადრატული მეტრი), ორი საცხოვრებელი სახლი და ბინა (საერთო ფართი 1506,38 კვადრატული მეტრი).

დეპუტატის დეკლარირებული წლიური შემოსავალი 2020 წელს 17 434 672, 38 რუბლი იყო (დაახლოებით 229 ათასი ამერიკული დოლარი).

„ეხო კავკაზა“ ღია წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ოთარ არშბა სოხუმში დაიბადა, ბავშვობა კი ბათუმში გაატარა. იგი რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატია 2003 წლიდან, 1994 წლამდე სახელმწიფო უსაფრთხოების ორგანოებში მუშაობდა.

2021 წლის 12 აპრილს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ოთარ არშბა რუსეთსა და დე ფაქტო რესპუბლიკას შორის ე.წ. სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა.

„ეხო კავკაზას“ თანახმად, ოთარ არშბას ოჯახი, კერძოდ, მისი შვილი ინგა არშბა ბათუმში სასტუმრო Colosseum Marina-ს ფლობს. ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო 2015 წელს გაიხსნა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოჯახს ინვესტიციის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.