აშშ-ის ელჩი ვაშინგტონში მიემგზავრება საკონსულტაციოდ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოთხოვნის შემდეგ

ელჩი ჯონ სალივანი

რუსეთში აშშ-ის ელჩი, ჯონ სალივანი, კონსულტაციებისთვის ვაშინგტონში მიემგზავრება, მაგრამ უახლოეს კვირებში კვლავ დაბრუნდება მოსკოვში. აშშ-ის საელჩოს პრესსამსასურის ცნობით, ელჩი სალივანი აშშ-ში მოინახულებს თავის ოჯახს და შეხვდება პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წევრებს, აშშ-სა და რუსეთს შორის მიმდინარე ვითარების განსახილველად. მაგრამ რუსეთში დაბრუნდება, მალევე, პრეზიდენტების, ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის ნებისმიერ შესაძლო შეხვედრამდე.

მანამდე გამოცემა Axios-ის წყაროები იტყობინებოდნენ, რომ სალივანი არ აპირებდა რუსეთის დატოვებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რეკომენდაციის მიუხედავად.

მას შემდეგ, რაც 16 აპრილს აშშ-მა რუსეთის მიმართ ახალი სანქციებისა და რამდენიმე რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სალივანს კონსულტაციებისათვის სამშობლოში გამგზავრება შესთავზა. ანალოგიური რეკომენდაციით ამერიკელ დიპლომატს მიმართა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ აშშ-ის სანქციების პასუხად, მოსკოვი მიიღებდა შესაბამის ზომებს, მათ შორის, ისეთებს, რომლებსაც შეუძლიათ გაართულონ მოსკოვში მდებარე აშშ-ის საელჩოს საქმიანობა.

15 აპრილს აშშ-მა რუსეთის 32 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევისა და მასშტაბური კიბერთავდასხმის გამო.

ბაიდენის თანახმად, სანქციები პასუხია რუსეთის მიერ უკვე ჩადენილ ქმედებებზე, რადგან აშშ არავის მისცემს არჩევნებსა და დემოკრატიულ პროცესებში ჩარევის უფლებას.

ამის პასუხად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, 16 აპრილს განაცხადა, რომ რუსეთი გააძევებს ათ ამერიკელ დიპლომატს.