საქართველოს პარლამენტის წევრი, სალომე სამადაშვილი გუშინ გაკეთებული განცხადების შემდეგ, რომ პარტიაში მისი "ადგილი აღარაა", პარტიის დატოვების საკითხზე დამატებით განმარტებებს სოციალური ქსელის საშუალებით ავრცელებს. მისი თქმით, ამით ამ საკითხზე არსებულ ყველა კითხვას უპასუხა.
"ამ ეტაპზე, მე ცხადია, აღარ ვაგრძელებ პოლიტიკურ საქმიანობას ენმ-ის სახელით. რაც შეეხება პარტიის ოფიციალურად დატოვების განაცხადს, ცხადია, დაველოდები ჩემი მეგობრის, ნიკა მელიას გათავისუფლებას. მექნება მასთან, როგორც პარტიის თავმჯდომარესთან, საუბარი და ამის შემდგომ მივიღებთ ოფიციალურ, ცივილიზებულ გადაწყვეტილებას. იმედია, რომ ყველა შეკითხვას ვუპასუხე", - აღნიშნავს სამადაშვილი.
სალომე სამადაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" პოზიციები მას შემდეგ დაშორდა ერთმანეთს, რაც პარტიამ უარი თქვა ხელი მოეწერა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაციით შემოშავებულ შეთანხმების საბოლოო დოკუმენტზე. სამადაშვილი აღნიშნავდა, რომ ხელმოწერა ქვეყნის ევროპული მომავლისთვის მნიშვნელოვანი იყო და დოკუმენტს ინდივიდუალურად შეუერთდა. შეთანხმებაზე ხელის მოწერის შემდეგ მან სოციალურ ქსელში დაწერა:
"სასაცილოდ და ინფანტილურად გამოიყურება ენმ-ის პოზიცია - მელიას გამოშვების გარეშე არ მოვაწერთ ხელს ამ დოკუმენტს, მაგრამ სხვებმა მოაწერონ, მელია და რურუა გამოაშვებინონ, მერე, ვინც მოაწერს, იმათ "მოღალატეს" დავუძახებთ. ოღონდ, მელიას გამოსვლის შემდეგ თვითონაც აპირებენ პარლამენტში შემოსვლას. უხერხულია, მხოლოდ ამას ვიტყვი. ტალახს მაინც არ ვისვრი. ამ გაუგებრობაში ჩემი ადგილი აღარაა. წარმატებები".