საქართველოში ვიზიტის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა თავად განაცხადა 19 აპრილს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ქართველი პოლიტიკოსების მიერ შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერის დასრულდების შემდეგ:
„სიამოვნებით მინდა განვაცხადო, რომ ხვალ ჩამოვდივარ საქართველოში ყველა თქვენგანთან შესახვედრად, აგრეთვე იმისთვის, რომ გამოვხატო ნდობა და თქვენთან ერთად განვიხილო, როგორ გადავდგათ მეტი ნაბიჯი ერთად საქართველოსა და ევროკავშირს შორის კავშირების გასაძლიერებლად. მოუთმენლად ველი თქვენთან ხვალინდელ შეხვედრას. მადლობა და საუკეთესოს გისურვებთ“.
„ეს შეთანხმება არ არის ფინიშის ხაზი. ეს შეთანხმება არის საწყისი წერტილი თქვენი მუშაობისა საქართველოს დემოკრატიის კონსოლიდაციისთვის“ - ასე აფასებს შარლ მიშელი მიღწეულს - „ეს არის კრიზისის მოგვარების ჭეშმარიტად ევროპული გზა“, - აღნიშნა მან.
შარლ მიშელმა მადლობა გადაუხადა ხელმოწერის ცერემონიის ყველა მონაწილეს:
„ყველა თქვენგანს გიხდით მადლობას თქვენი მონდომებისა და სიმამაცისთვის, რომ საქართველოს ინტერესებისთვის გვერდზე გადადეთ თქვენი განსხვავებები“.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მადლიერება გამოხატა დიპლომატიური გუნდის მიმართ მათი დაუღალავი შრომისთვის.
შარლ მიშელმა მიმართა საქართველოს პრემიერმინისტრსა და პოლიტიკურ ლიდერებს - „მადლობელი ვარ პრემიერმინისტრის, მისი ხედვისა და თქვენი, პოლიტიკურო ლიდერებო და ოპოზიციის არჩეულო წევრებო, თქვენი სიმამაცისა და გაბედული პოლიტიკური არჩევნის გამო“.
„მადლიერი ვარ თქვენი სიბრძნის“, - განუცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტს:
„ჩვენ მჭიდრო კონტაქტი გვქონდა ამ ხნის განმავლობაში. თქვენ მიზიარებდით რჩევას და ეს იყო ძალიან სასარგებლო ჩემთვის“.
შეთანხმების მედიაციის პროცესი, შარლ მიშელის პირველი ვიზიტის დროს, 2021 წლის 1 მარტს დაიწყო.
2 უშედეგო რაუნდის შემდეგ 18 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ახალი წინადადება შესთავაზა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს - „სამომავლო გზა საქართველოსთვის", რომლითაც მისი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ 31 მარტს წარდგენილ დოკუმენტში დაზუსტდა ორ ძირითადი შეუთანხმებელი პუნქტი - პოლიტიზებულ მართლმსაჯულებასა და ახალ არჩევნებთან დაკავშირებით.
19 აპრილს ორბელიანების სასახლეში იმყოფებოდნენ და დოკუმენტს ხელი მოაწერეს „გირჩიდან“ ვახტანგ მეგრელიშვილმა, „მოქალაქეებიდან“ ალეკო ელისაშვილმა, „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ გიორგი ვაშაძემ, „გირჩი-მეტი თავისუფლებიდან“ ზურაბ ჯაფარიძემ, „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ, „ლელოდან“ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ.
დოკუმენტს ინდივიდუალურად შეუერთდნენ ენმ-ის წევრი სალომე სამადაშვილი და „ევროპული საქართველოს" ყოფილი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე.
შეთანხმებას მმართველი პარტიიდან ხელი მოაწერეს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალკვაძემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა.