პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერის, თაკო ჩარკვიანის შეფასებით, თითქმის ბოლომდე მიყვანილ ბრძოლას განუდგა ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც მზად არის ხელი მოაწეროს ხელისუფლებასთან შეთანხმების ტექსტს. ეს ტექსტი ოპოზიციურ პარტიებს 18 აპრილს გამართულ შეხვედრაზე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სახელით წარუდგინეს.
„მაპატიეთ გამოთქმისთვის, მაგრამ პარლამენტში შეტანტალება რას უშველის? რა დროს პარლამენტში შესვლაა, როცა ოლიგარქიულ რეჟიმს თითქმის უკვე ვათმობინებდით წართმეულ სახელმწიფოს. საით მიექანებით? რა დროს რყევაა? რას მელაპარაკებიან, ვის ატყუებენ?
სახელმწიფო ინტერესების გამო შევდივართო და ამ შეთანხმებით ელემენტარულად სასამართლოს კლანის პრობლემა ვერ მოიხსნება. ჩემი მიზანი იყო ის, რაც ამ დოკუმენტში არ წერია. ტექსტში გაუმჯობესდა პოლიტპატიმრების საკითხზეო... მაგრამ ქუჩაში მე პოლიტპატიმრების გამო ხომ არ გამოვსულვარ?! ძირითადი საკითხი ხომ არჩევნები იყო?!
ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას მოხსნაზეც კი არ არის ლაპარაკი... ახლა ამაზე ხელის მოწერა იქნება?! ჩემი პოზიცია არ არის რადიკალური - მე სახელმწიფოს დამცველის პოზიციიდან ვლაპარაკობ. ასე გაღიზიანებული იმიტომ ვარ, რომ შეთანხმების ხელმოწერა გაუხანგრძლივებს ოლიგარქს ჯდომასა და ყოფნას ქვეყნის სათავეში“, - უთხრა რადიო თავისუფლებას თაკო ჩარკვიანმა.
ჩარკვიანის პარტია - „კანონი და სამართალი“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გიორგი ვაშაძის „სტრატეგია აღმაშენებლთან“ ერთად მონაწილეობდა. თუკი „სტრატეგია აღმაშენებელი“ ხელს მოაწერს შეთანხმებას, თაკო ჩარკვიანის თქმით, მათი გზები აუცილებლად გაიყოფა. ამასთან, ის გამორიცხავს პარლამენტში შესვლას - „არა, გამორიცხულია, მე ვერ მნახავთ ასეთ გაყალბებულ პარლამენტში“.
თაკო ჩარკვიანი ფსევდოოპოზიციას უწოდებს „ლელოს“, რომელმაც, 18 აპრილს გამართული შეხვედრის შემდეგ, ასევე თანხმობა განაცხადა შეთანხმების ტექსტზე ხელმოწერასთან დაკავშირებით.
„მანამდე ტალახის სროლა მიდიოდა ელისაშვილზე და ვიღაცეებზე და ამათმა („ლელოს“ ლიდერებმა) ბოლო მომენტში რა ქნეს, ხომ ნახეთ?! გაპონის საქმე გააკეთა „ლელომ“. სულ ვამბობდი, რად გვინდა ეს ფსევდოოპოზიცია-მეთქი... ამას ჯობდა, გვყოლოდა ოთხი მყარი, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოპოზიციური ძალა, რომელიც კბილებით გაიტანდა მიზანს“, - ამბობს თაკო ჩარკვიანი.
იგი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ გააგრძელებს ბრძოლას იმისათვის, რომ ქვეყანას ჩამოშორდეს „სასამართლოს კლანი და ოლიგარქიული მმართველობა“. მისი შეფასებით, შეთანხმებაზე ხელის არმოწერა არა ანტიდასავლური, არამედ პირიქით, სწორედ დასავლური სვლა იქნება.
„დასავლეთი როდესაც გეტყვის შენ, რომ შენს ქვეყანაში სასამართლოს კლანი მართავს და ოლიგარქი გყავს სახელმწიფოს მმართველად, მეტი რაღა უნდა გითხრას?! დანარჩენს შენ თვითონ უნდა მიხვდე და იმოქმედო, რომ სახელმწიფოს ძირგამომთხრელი ეს ორი კომპონენტი არ გქონდეს“, - ამბობს თაკო ჩარკვიანი.
18 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ახალი წინადადება შესთავაზა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს - "სამომავლო გზა საქართველოსთვის", რომელიც მისი წარმომადგენლის, ქრისტიან დანიელსონის მიერ 31 მარტს წარდგენილ დოკუმენტში აზუსტებს ორ ძირითად შეუთანხმებელ პუნქტს - პოლიტიზებულ მართლმსაჯულებასა და ახალ არჩევნებთან დაკავშირებით.
ოპოზიციური პარტიების ერთმა ნაწილმა, მათ შორის - „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და „ლელომ“, განაცხადა, რომ ხელს მოაწერს შეთანხმების ტექსტს.