ადიგენში მომხდარი დაპირისპირების მონაწილე 7 წლის შემდეგ ცნეს დაზარალებულად

ადიგენის სოფელ მოხეში, სადავო შენობის გარშემო განვითარებული მოვლენების დროს დაკავებული თემურ მიქელაძე, პროკურატურამ შვიდი წლის შემდეგ დაზარალებულად ცნო.

ორ სამართალდამცველს კი ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით ან იარაღის გამოყენებით.

ბესიკ აფრიამაშვილი და გიორგი პეტაშვილი მოხეში მომხდარ ინციდენტს იძიებდნენ. ისინი რამდენიმე წელია შსს-ში აღარ მუშაობენ. სასამართლომ თითოეულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, 4 000 ლარის ოდენობით შეუფარდა. გიორგი პეტაშვილის ინტერესებს ნოდარ აკოფაშვილი იცავს. უფლებადამცველმა ბრალის წარდგენამდე ორივე პირი გამოკითხა. ადვოკატის თქმით, შვიდი წლის შემდეგ ბრალის წარდგენა, გამოძიების ეფექტიანობაზე არ მიუთითებს, რადგან სისხლის სამართლის დანაშაული დაჩქარებულ ვადებში უნდა გამოიძიონ.

დაზარალებულის სტატუსი მოულოდნელი აღმოჩნდა თემურ მიქელაძისთვისაც. მისი თქმით, 2014 წელს, დაკავებისას პოლიციელებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და მისი კვალი მაშინვე აშკარა იყო. „შვიდი წლის წინ, როცა ადიგენის პოლიციიდან ბორჯომის წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადამიყვანეს, ისეთი დაზიანებები მქონდა, ექიმის გარეშე ვერ მიმიღეს. სისხლჩაქცევები, ყველაფერი მემჩნეოდა. ფიზიკური შეურაცხყოფა ადიგენში მომაყენეს. ჩემი ვარაუდია, რომ რადგან მოხეს ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელი ვიყავი, არ უნდა ვყოფილიყავი სიმართლის მხარეს, ალბათ ეს ინტერესი ჰქონდათ“, - ამბობს თემურ მიქელაძე.

ადგილობრივ მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის დაპირისპირება 2014 წელს მოხდა, როცა ადიგენის მერიამ სადავო შენობის რეაბილიტაცია, ბიბლიოთეკის მოსაწყობად დაიწყო. მუსლიმები ამბობდნენ, რომ წლების წინ შენობა მეჩეთი იყო, მართლმადიდებლები კი ამტკიცებდნენ, რომ ის ეკლესიაა და აქ მათი წინაპრები ლოცულობდნენ. დაპირისპირების დროს ინციდენტში მონაწილე პირები დააკავეს, მოგვიანებით კი გაათავისუფლეს. მათ შორის იყო თემურ მიქელაძეც, რომელიც ამტკიცებდა, რომ სამართალდამცველებმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ორმა კი სცემა. „ორჯერ პროკურატურაში ვიყავი დაკითხვაზე, ორჯერ ადიგენის პოლიციაში. ვიკითხებოდი როგორც ბრალდებული. ორივეჯერ სახაზინო ადვოკატი მყავდა. ეს იყო 2014 წელს“.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული კომისიის გადაწყვეტილებით, სოფელში ახალი მეჩეთი ცენტრიდან დაახლოებით 50 მეტრში აშენდა. სადავო შენობა კი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ გადავიდა.

მოხეში სადავო შენობის გამო, 2014 წელს გამართულ აქციაზე დაკავებულებიდან, თეიმურაზ მიქელაძესა და კიდევ სამ პირთან დაკავშირებით, სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტზე, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა სტრასბურგის სასამართლოს მიმართა.

საქმე წარმოებაში 2016 წელს მიიღეს. არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, სასამართლომ საქმე უკვე განიხილა და ახლა პასუხს ელოდებიან. წინასასამართლო სხდომა 15 ივნისს ჩაინიშნა. ადვოკატებს ორი თვე აქვთ, რომ საქმის მასალებს გაეცნონ და მტკიცებულებები მოიპოვონ.