მერკელი, მაკრონი და ზელენსკი რუსეთს მოუწოდებენ, შეწყვიტოს სამხედრო ძალის თავმოყრა უკრაინის საზღვართან

უკრაინის, გერმანიის და საფრანგეთის ლიდერებმა რუსეთს მოუწოდეს, გაიყვანოს თავისი ჯარი უკრაინის მიმდებარე ტერიტორიიდან რეგიონში მზარდი დაძაბულობის ფონზე.

უკრაინის და საფრანგეთის პრეზიდენტებს, ვოლოდიმირ ზელენსკის და ემანუელ მაკრონს შეუერთდა გერმანიის კანცლერი ანგელა მერეკელი და სამმა ლიდერმა ერთობლივად გამოხატა საერთო შეშფოთება უკრაინის საზღვართან და ანექსირებულ ყირიმში რუსეთის ჯარების თავმოყრის გამო. ეს ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელიც გამოქვეყნდა სამეულის ვიდეოკონფერენციის შემდეგ.

უფრო ადრე ზელოენსკიმ განაცხადა, რომ მზად არის ოთხეულის შეხვედრისთვის რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მონაწილეობით.

ზელენსკიმ ასევე თქვათ, რომ მისი აზრით, სამშვიდობო მოლაპარაკება შესაძლებელია და პუტინის და აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შეხვედრას გარკვეული პრობლემების მოგვარება შეეძლებოდა.

პარიზის შეხვედრის მიზანი იყო ე.წ. „ნორმანდიული ოთხეულის“ შეხვედრის მომზადება. ამ ფორმატით შეხვედრები აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის გარშემო გერმანიის, რუსეთის, უკრაინის და გერმანიის ლიდერების მონაწილეობით უკვე რამდენჯერმე გაიმართა.

2015 წლის თებერვალში „ნორმანდიულმა ოთხეულმა“ ხელი მოაწერა მინსკის სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც დონბასში ცეცხლის შეწყვეტასა და კონფლიქტის პოლიტიკურ მოწესრიგებას ითვალისწინებდა, თუმცა საბრძოლო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს. ბოლო სამი კვირის განმავლობაში ორივე მხრიდან იქ სულ მცირე 12 სამხედრო და სამოქალაქო პირი დაიღუპა.