ეკონომიკის მინისტრი: დღეს ვიმსჯელებთ [ნამახვანჰესის პროექტზე] ექსპერტთა საბჭოს ფორმირებაზე

ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას დღეს, 16:30-ზე სასტუმრო „შერატონში“ დაგეგმილ შეხვედრაზე, სადაც ნამახვანჰესის მშენებელი კომპანია „ენკა“ მის მიერ ჩატარებული კვლევების პრეზენტაციას და ექსპერტებისთვის მათ გაცნობას გეგმავს. ეკონომიკის მინისტრის თქმით, დღეს შედგება შეხვედრა, რომელზეც მოწვეულია ყველა ის სპეციალისტი, არასამთავრობო ორგანიზაცია თუ სამეცნიერო წრეების წარმომადგენელი, ვინც საჯაროდ გამოხატა ინტერესი ან გამოთქვა გარკვეული წუხილი „ნამახვანი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებით.

„შეხვედრაზე გვექნება შესაძლებლობა, ვიმსჯელოთ ექსპერტთა საბჭოს ფორმირებაზე, რომელიც უახლოეს პერიოდში შეიქმნება და რომელიც დააორგანიზებს პროცესს, რომ მოხდეს კვლევების დამუშავება, სხვადასხვა დაინტერესებული პირისგან რეკომენდაციების და კომენტარების მიღება. საბოლოო ამოცანაა, მივიღოთ უკეთესი პროექტი, გავზარდოთ მის მიმართ ნდობის ხარისხი მოსახლეობაში, სამეცნიერო წრეებში, ექსპერტებს შორის და არასამთავრობო სექტორს შორის. დარწმუნებული ვარ, გაცილებით ფართო წრეა იმ ექსპერტების, ვინც ინტერესს გამოხატავს პროექტის მიმართ და მინდა ვთქვა, რომ პროცესი ღიაა ყველასთვის“, - განაცხადა ნათია თურნავამ. საბჭოს შემადგენლობაში გაერთიანდებიან ჰიდროლოგები, გეოლოგები, სეისმოლოგები, გარემოს დაცვის სპეციალისტები.

ინფორმაცია ამ შეხვედრის შესახებ ეკონომიკის სამინისტრომ დღეს, 12:07 წუთზე გაავრცელა, შემდეგ რადიო თავისუფლებამ გამოაქვეყნა კომპანია „ენკასგან“ მიღებული სია საბჭოს წევრების, მოგვიანებით კი კომპანიამ განმარტა, რომ სია, რომელიც მათგან მივიღეთ, არ არის დადასტურებული და საბჭოს ფორმირება შეხვედრაზე მოხდებოდა.

ასევე ნახეთ "ენკა" ნამახვანჰესის პროექტზე კვლევებს გადასცემს ექსპერტთა საბჭოს - ვინ შედის საბჭოში [სია]