რატომ არ მიდის მსხვერპლი

წადი! დროზე გაეცალე მოძალადეს! - ეს არის პირველი, რაც შეიძლება ურჩიო ძალადობის მსხვერპლს, მაგრამ ეს რჩევა ვერ იქნება უნივერსალური ყველასთვის. ძალიან ხშირად, მოძალადეები სწორედ მაშინ მიმართავენ ძალადობის განსაკუთრებულ ზომებს, როდესაც ხვდებიან, რომ შესაძლოა, მსხვერპლმა გაქცევა სცადოს.

„ნაციონალური კოალიცია ოჯახში ძალადობის შესახებ“ წერს, რომ გამოკვლევის თანახმად, რომელიც პარტნიორების მკვლელობისთვის გასამართლებულ კაცებს შორის ჩატარდა, ირკვევა, რომ ქალთა მკვლელობის დიდი ნაწილი ჩადენილია სწორედ იმ მომენტში, როდესაც ისინი მოძალადისგან გაქცევას ცდილობდნენ.

მოძალადესთან თანაცხოვრების მიზეზები კომპლექსურია და მეტწილად ეფუძნება განცდებს და შიშს, რომელიც მსხვერპლს დარჩენას აიძულებს. მაგალითად, შიში, რომ მოძალადემ შეიძლება მოკლას, შესაძლოა, ზიანი მიაყენოს ან დაუხოცოს მისი საყვარელი ადამიანები, წაართვას შვილები. მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამ პროცესში ეკონომიკური დამოუკიდებლობის არქონაც.

მსხვერპლი კარგად იცნობს საკუთარ მოძალადეს და იცის, რამდენად შორს შეუძლია წავიდეს და რა ზიანი შეიძლება მიაყენოს იმისათვის, რომ მსხვერპლმა თავის დაღწევა ვერ შეძლოს.

ბარიერები, რომლებიც მსხვერპლს მოძალადესთან დარჩენას აიძულებს

  • შიში, რომ გაქცევის მცდელობის შემთხვევაში, მოძალადის ქმედებები გაცილებით სასტიკი გახდება და შესაძლოა, ლეტალურად დასრულდეს;
  • ოჯახი, გარშემომყოფები, რომელთა დახმარების იმედიც არ აქვს;
  • მარტოხელა დედობის შიში;
  • ფინანსური დამოუკიდებლობის არქონა;
  • არ აქვს ცოდნა, ვის შეიძლება მიმართოს დახმარებისთვის;
  • შიში, რომ მოძალადემ შესაძლოა შვილები წაართვას;
  • არ აქვს წასასვლელი, არ ჰყავს ოჯახი, მეგობრები, რომლებიც დახმარების აღმოჩენას შეძლებენ;
  • არ აქვთ ინფორმაცია ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრების არსებობის შესახებ ან იციან, რომ თავშესაფრებში მხოლოდ ლიმიტირებული დროის გატარება შეუძლიათ;
  • შიში, რომ მოძალადისგან წასვლის შემთხვევაში, მათი ერთადერთი „გამოსავალი“ უსახლკარობაა;
  • მცდარი განცდა, რომ მიუხედავად ოჯახში ძალადობისა, ბავშვებისთვის უმჯობესია ორივე მშობელთან ერთად იზრდებოდეს;

დამატებითი სოციალური ბარიერები

  • შიში, რომ სახლიდან წასვლის შემთხვევაში, დაკარგავს შვილზე ზრუნვის უფლებას;
  • მოძალადისგან წასვლის შემდეგ, ვერ უზრუნველყოფს ბავშვების ფინანსურ კეთილდღეობას;
  • „კეთილისმსურველების“ რჩევები, რომ ყველა გზით ეცადოს „გადაარჩინოს“ ოჯახი;
  • განცდა, რომ სამართალდამცავები ვერ აღმოუჩენენ სათანადო დახმარებას და ოჯახში ძალადობას განიხილავენ არა როგორც სისხლის სამართლის დანაშაულს, არამედ „ოჯახურ კამათს“, რომელიც ოჯახშივე უნდა „მოგვარდეს“;
  • განცდა, რომ ოჯახში ძალადობის შემთხვევის გასაჯაროვების შემდეგ, შესაძლოა, არ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე და არ დაიწყოს გამოძიება. ან თუკი საქმე აღიძრება, მოსამართლემ არ გამოიტანოს გამამტყუნებელი განაჩენი;
  • შიში, რომ სასჯელის მოხდის შემდეგ, მოძალადე მსხვერპლთან დაბრუნდება და გააგრძელებს ძალადობას;
  • განცდა, რომ მოძალადე „ზოგადად კარგი ადამიანია“, მაგრამ როდესაც გარკვეული მიზეზების გამო ბრაზდება, შესაძლოა „წყობიდან გამოვიდეს“;

კანონმდებლობა

ოჯახში ძალადობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით ჩადენილი დანაშაულია.

ოჯახში ძალადობა ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე;

იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ;
ბ) არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;
გ) ორი ან მეტი პირის მიმართ;
დ) ჯგუფურად;
ე) არაერთგზის

ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე,

ოჯახში ძალადობის მხვერპლთათვის სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილია სახელმწიფო თავშესაფარი, სადაც მსხვერპლთა განთავსება ხდება 3 თვემდე ვადით.

ოჯახში ძალადობის შესახებ ფაქტის ცნობის საფუძველზე, შემთხვევის ადგილზე გადის შესაბამისი ეკიპაჟი. იმ ადგილებში, სადაც არ ვრცელდება საპატრულო პოლიციის სამოქმედო კვადრატი, გამოძახებაზე გადის უბნის ინსპექტორი. ძალადობის ფაქტის დაფიქსირებისას, პოლიციელი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, მსხვერპლის უსაფრთხოების დაცვის და ძალადობის განმეორების თავიდან აცილების მიზნით გამოსცეს შემაკავებელი ორდერი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს 2020 წელს, საქართველოს მასშტაბით აღრიცხული აქვს და შემაკავებელი ორდერი აქვს გამოწერილი ოჯახში ძალადობის 12 489 შემთხვევაზე. მათგან 2587 ფიზიკური ძალადობის, 9503 კი ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევაა.

ოჯახში ძალადობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე 112 ან 116 006