საქართველოს მთავრობის ინიციატივით, კომპანია „ენკა“ ნამახვანჰესის პროექტის არსებულ კვლევებს გადასცემს ექსპერტთა საბჭოს, რომელიც სპეციალურად კვლევების ხელახლა გადახედვისა და განხილვის მიზნით შეიქმნა. კვლევები, რომელსაც კომპანია „ენკა“ დღეს, დღის 16:30 საათზე, სასტუმრო „შერატონში“ დაგეგმილ შეხვედრაზე გადასცემს საბჭოს წევრებს, განთავსებულია კომპანიის ვებგვერდზე და ისინი დაინტერესებული პირებისთვის სიახლეს არ წარმოადგენს. სახელმწიფომ ნამახვანჰესის ინვესტორ კომპანიას დამატებითი კვლევების ვალდებულებაც დააკისრა, თუმცა ისინი ჯერ არ დასრულებულა.
საბჭოს შემადგენლობაში არიან ჰიდროლოგები, გეოლოგები, სეისმოლოგები, გარემოს დაცვის სპეციალისტები, მათ შორის, ორგანიზაციები: „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა“, „მწვანეები“, „განახლებადი ენერგიების ასოციაცია“ და სხვა.
საბჭოს სრული სია ასეთია:
- გურამ ნიკოლაშვილი, ჰიდროალიანსი
- დავით მირცხულავა
- რევაზ არველაძე
- არჩილ მოწონელიძე
- პაატა ცინცაძე
- ლეონტინა გალდავა
- გრიგოლ ხელიძე
- ივანე ნონიევი
- მალხაზ მიმინოშვილი
- ედიშერ კაცაძე
- ნინო ჩხობაძე
- აკაკი ფანჩულიძე
- მედგარ ჭელიძე
- იოსებ ცაბაძე
- ნიკოლოზ ინაშვილი
- ომარ ქუცნაშვილი
- თამაზ ჭელიძე
- ნინო წერეთელი
- ალექსანდრე მირცხულავა
- ზურაბ გორჯოლაძე
- ბაადურ უკლება
- ანზორ ჭითანავა
- თეა გოდოლაძე
რიონის ხეობაში ნამახვანჰესის საწინააღმდეგო პროტესტი თითქმის ნახევარი წელია გრძელდება, 3 აპრილის შემდეგ კი ხეობაში შეზღუდულია გადაადგილება. 11 აპრილიდან პროტესტმა სოფელ ნამოხვანიდან, სადაც აქტივისტების კარვები პოლიციამ დაშალა, სოფელ გუმათში გადაინაცვლა, სადაც სამართალდამცველებს რკინის მესერი აქვთ აღმართული.
15 აპრილს, ღამის საათებში პრემიერ-მინისტრის დავალებით შეხვედრა გაიმართა აქციის მონაწილეებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის - ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები არსებით მსჯელობამდე მოითხოვენ, გავიდეს ხეობიდან პოლიცია და მოიხსნას შეზღუდვები გადაადგილებაზე. 16 აპრილს არასამთავრობო სექტორმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ნამახვანჰესის კრიზისის გაღრმავება ეროვნულ უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებს.
ასევე ნახეთ საპატრიარქო, გია გაჩეჩილაძე და სხვა ახალი აქტორები ნამახვანჰესის პროტესტში
*მასალის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში, 14:46 წუთზე რადიო თავისუფლებას დაუკავშირდა კომპანია ენკას წარმომადგენელი განმარტების მისაცემად, რომ მათ მიერ მოწოდებული საბჭოს შემადგენლობის სია არის პირველადი და საბჭოს შემადგენლობა ამ სიის მიხედვით შეხვედრაზე განისაზღვრება.