ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ კონსტრუქციული დიალოგისთვის ხელისუფლებამ 3 პირობა უნდა შეასრულოს

რიონის ხეობის მცველების მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრა დასრულდა. შეხვედრიდან გამოსულმა ვარლამ გოლეთიანმა თქვა, რომ შეხვედრამ კონსტრუქციული დიალოგის შესაძლებლობა გააჩინა. რამდენიმესაათიანი შეხვედრის შემდეგ აქტივისტმა თქვა, რომ მოლაპარაკებების გასაგრძელებლად აუცილებელია სამი პირობის შესრულება.

"ვფიქრობ, გადავდივართ კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში. დათმობითი სულისკვეთება იგრძნობდა. დავაყენეთ სამი პირობა დიალოგისთვის: შეწყდეს რეპრესიული პოლიტიკა და გამოლაგდნენ პოლიციელები, შეწყდეს სამშენებლო სამუშაოები და დავაბრუნოთ კარვები. ამ პირობებზე ველოდებით მათგან პასუხი. მათ გვითხრეს, რომ არ შეუძლიათ ამ მომენტში პასუხი გაგვცენ. მათ პასუხზე ვართ დამოკიდებული... ამის შემდეგ დავიწყებთ კონსტრუქციულ დიალოგს სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით", - თქვა გოლეთიანმა.

მისი თქმით, რამდენიმე დღეზეა საუბარი და პრემიერის ჯანმრთელობა სახელდება. გოლეთიანი ამბობს, რომ შეხვედრაზე გათვალისწინებულია მათი მოთხოვნა, არ მისულიყო ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა.

ნამახვანჰესის პროტესტი რამდენიმე დღეა გუმათში გრძელდება - პოლიციას კვლავ შეზღუდული აქვს გადაადგილება, პროტესტის მონაწილეები წვიმის მიუხედავად ღია ცის ქვეშ დგანან და ითხოვენ, მიეცეთ ნამოხვანისკენ გადაადგილების შესაძლებლობა.

ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტი რიონის ხეობაში 170 დღეზე მეტია გრძელდება. 12 მარტს ადგილზე პროტესტის მონაწილეებთან შესახვედრად ჩავიდნენ ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და გარემოს დაცვის მინისტრი ლევან დავითაშვილი. შეხვედრა დაწყებიდან რამდენიმე წუთში დატოვეს მინისტრებმა. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ მათ შეურაცხყოფა კიდევ ერთხელ მიაყენეს.

ნამახვანის კასკადის პროექტი გულისხმობს ორი დამოუკიდებელი ჰესის მშენებლობას რიონის ხეობაში: ქვემო ნამახვანის ჰესი (333მვ) და ზემო ნამახვანი (100მვ). კასკადის წლიური გამომუშავება - 1,500.00 გგვტ.სთ, ეს წლიური მოხმარების 12%-ია.

ნამოხვანჰესის საწინააღმდეგო პროტესტი 2020 წლის ოქტომბერში დაიწყო. მას შემდეგ, ყოველ ღამეს რიონის ხეობაში გაშლილ კარვებში ათევენ ჰესის მოწინააღმდეგეები.

აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია. ისინი ხელისუფლებისგან თურქულ კომპანია „ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებას, თავად თურქული კომპანიისგან კი რიონის ხეობიდან გასვლას ითხოვენ.