„ქართული ოცნების“ წინააღმდეგ გაერთიანებული ოპოზიციური პარტიები, რომლებიც 15 მაისს საქართველოს დედაქალაქში საპროტესტო აქციას გეგმავენ, დღეს, 15 აპრილს, კახეთში ჩავიდნენ. პარტიების ლიდერები ამბობენ, რომ მოსახლეობას პროტესტის გამოხატვის აუცილებლობაში არწმუნებენ, რათა15 მაისის აქცია იყოს მასშტაბური.
თბილისში 15 მაისს დაგეგმილ აქციამდე ზუსტად ერთი თვით ადრე ოპოზიციურმა პარტიებმა რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრები კახეთიდან დაიწყეს. პირველი გასვლითი შეხვედრა კახეთის რეგიონალურ ცენტრში, თელავში, გაიმართა. დედაქალაქიდან თელავში ჩასული პოლიტიკოსები დღის პირველ ნახევარში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეიკრიბნენ. შეხვედრის დაწყების წინ სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებით ილაპარაკა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბოტკოველმა. მისი განცხადებით, „ხალხთან ურთიერთობის ფორმატით მიღწეული იქნება ყველა მიზანი“.
„ჩვენ ყველა ერთად უნდა გავხდეთ ქვეყნის მხარდამჭერები, ამიტომ თითოეული რესურსი, მათ შორის თელავში უნდა იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ მეტი ადამიანი დავარწმუნოთ, რამდენად მნიშვნელოვანი დღე იქნება 15 მაისი. ვფიქრობ, სხვადასხვა პარტიების კოორდინირებული მუშაობა საკმაოდ კარგ შედეგს მოგვცემს“, - ასე მიმართა გიორგი ბოტკოველმა "ენმ"-ის ოფისში შეკრებილ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერებს.
დღეს თელავში იყო ჩასული გიგი უგულავაც, რომელმაც პარტია "ევროპული საქართველო" რამდენიმე დღის წინ დატოვა. ამბობს, რომ პარტიული კუთვნილება ყველამ გვერდით უნდა გადადოს და ქვეყანა ბიძინა ივანიშვილისგან გაათავისუფლოს.
Your browser doesn’t support HTML5
„ეს ყველაფერი ასე ვეღარ გაგრძელდება და ჩვენი მიზანიც არის, რომ ველაპარაკოთ ყველა ადამიანს, ვისაც სურვილი აქვს. გასაგებია, რომ აქციაზე „ქართული ოცნების“ მომხრე არ მოვა და არც უნდა მოვიდეს, რადგან მმართველი პარტიის არსებითად წინააღმდეგი აქციაა 15 მაისს, მაგრამ ყველამ, ვინც იმედგაცრუებული და გაბრაზებულია, უნდა გავაერთიანოთ ძალისხმევა. გაერთიანებული ბრაზი მოგვცემს შესაძლებლობას, რომ შევიკრიბოთ და ერთად შევცვალოთ ის, რისი ცვლილებაც აუცილებელია ქვეყნის განვითარებისთვის“.
თელავში ჩასული ოპოზიციური პარტიების წევრები ქალაქის ქუჩებში და აგრარულ ბაზარში მოსახლეობასაც შეხვდნენ. მათ ადგილობრივებს ჰკითხეს, როგორ ცხოვრობენ და რა საჭიროებები აქვთ. მათ 15 მაისს დაგეგმილი აქციის შესახებაც მიაწოდეს ინფორმაცია და მხარდაჭერა სთხოვეს. ადგილობრივთა ერთი ნაწილი ამბობს, რომ ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციაში აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას, თუმცა ნაწილმა თქვა, რომ აპოლიტიკურია, არც ერთ პარტიას არ უსმენს და არც აქციაში მონაწილეობას აპირებს.
ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი არ აღიარებს 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს. მათ უარი თქვეს საპარლამენტო მანდატებზე და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. მიმდინარე წლის 15 მაისს ოპოზიციას თბილისში აქცია აქვს დაანონსებული, მანამდე კი რეგიონებში გასვლით შეხვედრებს გამართავენ. ისინი ამბობენ, რომ მოსახლეობას შექმნილ პოლიტიკურ კრიზისსა და კრიზისიდან გამოსვლის გზებზე ინფორმაციას მიაწვდიან. თელავის შემდეგ რომელ ქალაქში გაიმართება ოპოზიციის შეხვედრა, ეს დღეს არავის უთქვამს, თუმცა თქვეს, რომ 15 მაისამდე კახეთში კიდევ დაბრუნდებიან და სხვა მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდებიან.