სახელმწიფო, რომელსაც მხოლოდ  დასჯა ეხერხება

ევროსაბჭოს ახალი კვლევის თანახმად, საქართველო პატიმრების რაოდენობით ევროპაში მესამეა - ყოველ 100 ათას ადამიანზე თითქმის 264 პატიმარი მოდის.

ეს კვლევა, პატიმრებთან მომუშავე ექსპერტების აზრით, კიდევ ერთხელ ააშკარავებს ძირეულ პრობლემებს, როგორც პენიტენციურ დაწესებულებებში, ისე მთლიანად სახელმწიფოს სისხლის სამართლის პოლიტიკაში.

ევროსაბჭოს კვლევებში უკანასკნელი ორი წელია, საქართველოს პოზიციები უმჯობესდება: 2019-ში მეორე, 2018-ში კი ქვეყანა პირველ ადგილზე იყო, 100 000 ადამიანზე პატიმრების რაოდენობით. ამასთანავე, საერთო რაოდენობა ქვეყანაში მნიშვნელოვნად აღარ შეცვლილა 2012 წლის ამინისტიის შემდეგ, როდესაც ციხეები მსჯავრდებულთა თითქმის ნახევარმა დატოვა.

სახალხო დამცველის თანახმად, 2020 წლის აპრილში საქართველოს 9471 პატიმარი ჰყავდა

უფლებადამცველები განმარტავენ, რომ დღეს ამნისტია ფაქტობრივად სახელმწიფოს ერთადერთი ბერკეტია პატიმრების რაოდენობის შესამცირებლად. ამავე დროს, პატიმრების ჭარბი რაოდენობა კრიმინალის ზრდით არ აიხსნება. შესაბამისად, საჭიროა პოლიტიკის ცვლილება - ხელისუფლებამ კანონის დამრღვევ ადამიანებს ციხის ალტერნატივა უნდა შესთავაზოს, იმაზე გაცილებით ხშირად, ვიდრე ამას ახლა აკეთებს - ამბობენ უფლებადამცველები.

რატომ გვყავს ამდენი პატიმარი?

ციხეების გადატვირთულობას სახალხო დამცველის 2020 წლის ანგარიშიც ასახავს.

“სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ გარდა ერთჯერადი აქტისა, მნიშვნელოვანია, როგორც პენიტენციურ სისტემაში, ასევე სისხლის სამართლის პოლიტიკაში დაინერგოს მიდგომა, რომელიც გააქტიურებს სასჯელის მოხდის ვადამდე ადრე გათავისუფლების მექანიზმებს, არასაპატიმრო სასჯელებსა და არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებებს” - ნათქვამია ანგარიშში.

ამ მიდგომების დანერგვა სახელმწიფომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით და სხვადასხვა საერთაშორისო დოკუმენტებზე ხელის მოწერით იკისრა. თუმცა უფლებამცველები ამბობენ, რომ რეფორმები ძალიან ნელა მიმდინარეობს და მაინც იმაზე ბევრად მეტი პატიმარი გვყავს, ვიდრე ჩვენნაირ ქვეყანას უნდა ყავდეს. ევროპული სტანდარტი 100 ათას ადამიანზე - 100-150 პატიმარია. ამასთანავე, სისხლის სამართლის პოლიტიკა ადამიანის რეაბილიტაციის და რესოციალიზაციის ნაცვლად დღემდე მის დასჯაზეა ორიენტირებული. (ოღონდ ეს ყველას არ ეხება. წლიდან წლამდე, საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოში სამართალდამცველთა დაუსჯელობაზე მიუთითებენ).

“30 წელი გავიდა რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და საქართველო დამოუკიდებელი გახდა. არ ვიცი, შესაძლოა ამას მართლა სჭირდება ის, რომ მოსესავით 40 წელი გვატარონ უდაბონში და კიდევ 10 წელი გვაშორებს იქამდე, სანამ საბჭოთა წარსული ერთხელ და სამუდამოდ იქცევა წარსულად“ - ამბობს “ადამიანის უფლებათა ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორი, ალეკო ცქიტიშვილი.

ამასთანავე, მისი შეფასებით, მართალია, ქვეყანას ოფიციალურად ევროპისკენ და ევროპული ღირებულებებისკენ სწრაფვა აქვს გაცხადებული, მაგრამ საქართველოში სისხლის სამართლის პოლიტიკა დღემდე ვერ განთავისუფლდა საბჭოთა ინერციისგან. მიზეზი ისაა, რომ პოლიტიკოსები, კანონმდებლები და გადაწყვეტილების მიმღები სხვა პირები რეტროგრადულად უყურებენ იმას, თუ რის გამო უნდა, ან არ უნდა გავიმეტოთ ადამიანი ციხისთვის.

რატომ არ უნდა გვყავდეს ამდენი პატიმარი?

“ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის“ თავმჯდომარის, ტატო ქელბაქიანის გათვლებით, ამჟამად შესაძლებელია დაახლოებით 3 ათასი პატიმარი არ იმყოფებოდეს ციხეში და ალტერნატიულ სასჯელს იხდიდეს. არაძალადობრივი დანაშაულის ჩამდენთათვის პატიმრობა შეიძლება ჩანაცვლდეს: პირობითი მსჯავრით, შინაპატიმრობით, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით.

ამით საზოგადოება ერთდროულად ბევრ კურდღელს დაიჭერს: ადამიანი არ დაკარგავს სოციალურ კავშირებს, დაიზოგება თანხა მის შენახვასა და კვებაზე. სახელმწიფოს კი მაინც შეეძლება მისი გაკონტროლება,

“კონტროლის მექანიზმები გარეთაც შეიძლება იყოს სხვადასხვა სიმძლავრის. მაგალითად შიდაპატიმრობა, ან იმის კონტროლი რომ არ გავიდეს რაღაც ადგილებში, ან პერიოდულად ნარკოტესტების ჩაბარება. მოკლედ, უამრავი ფორმა არსებობს, რომელთაგანაც ახლა მხოლოდ პრობაცია მუშაობს” -ამბობს ტატო.

უფლებდამცველები წლებია საუბრობენ, რომ სახელმწიფო უფრო უნდა ითვალისწინებდეს იმ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზიანს, რომელიც ადამიანს ციხეში ყოფნის დროს ადგება. გარდა ამისა, ბოლო წლებში, პატიმრებთან მომუშავე ორგანიზაციები და სახალხო დამცველი აცხადებენ, რომ ციხეებში კვლავ დაბრუნდნენ ე.წ. “მაყურებლები”.

ტატო ქელბაქიანის თქმით, “ციხეში კრიმინალური სუბკულტურის გაძლიერება იმის რისკებს ზრდის, რომ ადამიანი კრიმინალი გახდეს”.

“თანამშრომლების გადინება”

კრიმინალური სუბკულტურის გაძლიერებას ექსპერტები იმასაც უკავშირებენ, რომ ციხეებში, მათი შეფასებით, კატასტროფულად ცოტა თანამშრომელია. ევროსაბჭოს ანგარიშის თანახმად, საქართველოზე უარესი ვითარება მხოლოდ თურქეთშია.

ტატო ქელბაქიანი განმარტავს, რომ ეს სტატისტიკა აჩვენებს საერთო სურათს და კონკრეტული მაგალითები გაცილებით მძიმეა. ციხის თანამშრომლებს რთულ პირობებში უწევთ მუშაობა, რის გამოც ვაკანსია გაცილებით მეტია, ვიდრე დასაქმებულების რაოდენობა.

“არის ადგილები, სადაც ბალანსი დაცულია. მაგალითად, ქალთა და ბავშვთა დაწესებულებები, მცირე ზომის დაწესებულებები, მაგრამ მანდ ჯამში დაახლოებით 400 ადამიანია. ყველაზე პრობლემური ვითარება არის დიდი ზომის დაწესებულებებში, ე.წ. ზონებში. მანდ 4 1-ზე კი არა, გაცილებით უარესი თანაფარდობაა. დაახლოებით არის 2000-მდე პატიმარი და დღის განმავლობაში, საუკეთესო შემთხვევაში 50 თანამშრომელიც შეიძლება არ იყოს - ამბობს იგი - ზონებში, რაც არ უნდა ბევრი თანამშრომელი გყავდეს, ყველაფრის კონტროლს მაინც ვერ შეძლებს, ისეთი ინფრასტრუქტურაა. სამუშაო ოთახიც კი ვერ ექნება, რომ დაჯდეს.”

კანონის თანახმად, პატიმრების უსაფრთხოებაზე ზრუნვა სახელმწიფოს ერთადერთი მოვალეობა არაა. მან შეძლებისდაგვარად, უნდა გაითვალისწინოს პატიმრების საჭიროებები, უნარ-ჩვევები და შესათავაზოს მათ რეაბილიტაციის და რესოციალიზაციის პროგრამები. თუმცა, ალეკო ცქიტიშვილის შეფასებით,სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმარება “მხოლოდ ქაღალდზე არსებობს”. ეს რომ შეიცვალოს, აუცილებელია, პატიმრებთან გაცილებით მეტმა ადამიანმა იმუშავოს.

“სოციალური მუშაკები აღნიშნავდნენ, რომ იმდენად ბევრ პატიმარზე ზრუნვა აკისრიათ, რომ ძალიან სქემატური და ფორმალური ხდება მათი მუშაობა. აღარაფერს ვამბობ, ისეთ შემოქმედებითი ინსტრუმენტზე, როგორიცაა არტ-თერაპია. მისი გამოყენება საერთოდ შეუძლებელი ხდება”, - აცხადებს ალეკო ცქიტიშვილი.

"დასჯა დახმარების ნაცვლად"

ანგარიშის თანახმად, პატიმრების 26% სასჯელს ნარკოდანაშაულისთვის იხდის.

“დასჯა დახმარების ნაცვლად” - უფლებადამცველები აცხადებენ, რომ სახელმწიფოს ეს მიდგომა ნათლად ჩანს ნარკოპოლიტიკის მაგალითზე.

წლებია, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს ხელისუფლებას მოუწოდებენ, ჩაატაროს მისი ძირფესვიანი რეფორმა, რადგანაც ციხეში ჩასმით ნარკოტიკებზე დამოკიდებულ ადამიანს ვერ დაეხმარები.

“ივნისში საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო თავისუფლების აღკვეთა ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების იმ ოდენობით შეძენა-შენახვისათვის, რაც მოსახმარად არის გამოუსადეგარი. “თუმცა ნარკოპოლიტიკის რეფორმა… კვლავ პარლამენტშია გაყინული”, - წერს ორგანიზაცია.” - ნათქვამია 2020 წლის Human Rights Watch-ის ანგარიშში.

წლის დასაწყისში პარლამენტში მიღებული ამნისტიის კანონით საპატიმროების დატოვება 800-ზე მეტ პატიმარს ეხებოდა. მათგან თითქმის 700 ნარკოდანაშაულისთვისაა გასამართლებული.

“სოციალური სამართლიანობის ცენტრის” მართლმსაჯულების პროგრამის დირექტორის, გურამ იმნაძის თქმით, ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ხელისუფლება პრობლემის არსებობას აღიარებს და მართალია “ქართული ოცნებას” წინამორბედთან შედარებით ნაკლებად ხისტი ნარკოპოლიტიკა აქვს, მაგრამ მისი შინაარსი უცვლელია.

გურამი განმარტავს, რომ ხელისუფლება ისევ არ ზრუნავს ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირებაზე, მმართველი მხრიდან კი გვესმის დამაკნინებელი განცხადებები არა ნარკოტიკების, არამედ ნარკომომხმარებლების შესახებ.

“ნარკოტიკების მოხმარებას და მასთან დაკავშირებულ რისკებს სჭირდება დასჯის ნაცვლად სხვა მექანიზმები. პირველ რიგში პრევენცია და სოციალური-სამედიცინო მხარდაჭერა. სასჯელი უნდა იყოს უკიდურესი ზომა, რომელიც გავრცელდებოდა ორგანიზებულ დანაშაულზე, გასაღებაზე და ა.შ. სისხლის სამართლებრივი მექანიზმები სწორედ ამისთვის უნდა იყოს გამოყენებული” - აცხადებს იგი.

ნარკოპოლიტიკის რეფორმის მომხრეებს მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებას უბრალოდ არ აღმოაჩნდა შესაბამისი პოლიტიკური ნება და ხედვა. ამასთანავე, გურამ იმნაძე არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, ხელისუფლებას უბრალოდ არ სურს, დაკარგოს მოქალაქეებზე კონტროლის ის მექანიზმები, რასაც ამჟამინდელი ნარკოპოლიტიკა აძლევს.

***

2006 წლის იანვარში იმჟამინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა „ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა“ ყველა დანაშაულის, მათ შორის ნარკოდანაშაულის მიმართ. ხუთ წელიწადში პატიმრების რაოდენობა 2,5-ჯერ გაიზარდა.

2011 წელს საქართველო ევროპაში პირველი და მსოფლიოში მეოთხე იყო 100 ათას მოსახლეზე პატიმრების რაოდენობით (547).

ევროსაბჭოს ახალი კვლევის მიხედვით, საქართველო უპირობო ლიდერი მხოლოდ ერთ, დადებით კომპონენტშია - პატიმრების რაოდენობა უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში განახევრდა - 2010 წელთან შედარებით, 2020-ში კლება 54,8% იყო.