„2020 წლის მარტში, როდესაც ქვეყანაში კარანტინი გამოცხადდა და პანდემიამ ყველას დღის წესრიგი შეცვალა, იმაზე დავფიქრდი, როგორ ახერხებდა სამედიცინო სექტორი მე-19 საუკუნეში სხვადასხვა ვირუსთან გამკლავებას“ - ამბობს ანა ბაქანიძე, ავტორი კრებულისა „მედიცინა ძველ თბილისში“, რომელიც ახლახანს დაიბეჭდა და მასში თავმოყრილია ის მთავარი ამბები, რომლებიც ძველ თბილისში, მედიცინის დარგში ხდებოდა და იმდროინდელი პრესის პირველ გვერდებზე იბეჭდებოდა.
რას არ შეხვდებით იმ დროის გაზეთებში: ცნობებს საავადმყოფოებისა თუ კერძო მკურნალების შესახებ, ახალი სამკურნალო თუ ჰიგიენური საშუალებების რეკლამებს, მიხეილის საავადმყოფოს, საფერშლო სკოლის, საბებიო ინსტიტუტის, საბავშვო საავადმყოფოს, ,,სამშობიარო ღოშპიტალის’’ გახსნის ამბავს. პრესა წერდა,რომ თბილისს უკვე ჰქონდა მეტეხის სატუსაღოს სამკურნალო, ავლაბრის "სასიფილაქტიკო საავადმყოფო" და პირველი "სტომატოლოგიური ოთახებიც".
ცნობებს იმ დროს გავრცელებული დაავადებების, ქოლერის, ჭირის, ჭლექის, ქუნთრუშას, ყივანახველას, მუცელას, ყვავილის, წითელას, სიფილისის, კეთრის, მალარიის, ტიფის, ხუნაგის შესახებ და მოსახლეობისთვის მოცემულ რჩევებსაც ამ დაავადებათა სამკურნალოდ.
„ყველაზე საინტერესო, ალბათ, მაინც პანდემიებთან ბრძოლის მეთოდები იყო. მაგალითად, 90-იან წლებში, ქოლერის პანდემიის დროს, თანამედროვე საკარანტინე სივრცეების მსგავსად, მაშინდელ თბილისშიც შეიქმნა დაავადებულთა თავშესაფრები, სადაც, დაავადების სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში, მოქალაქეები გადაჰყავდათ. პრესა კი წერდა დაავადების სიმპტომატიკისა და პრევენციის გზების შესახებ ამბებსა და და რეკომენდაციებს ზუსტად ისე, როგორც ეს დღეს, კორონავირუსის პანდემიის დროს ხდება“, - მოგვითხრობს ანა ბაქანიძე.
ძველი ამბებიდან განსაკუთრებით ამაღელვებელი და დასამახსოვრებელი ანასთვის ექიმი ქალების და მათი წარმატების ისტორიები აღმოჩნდა - გურიაში ცხოვრობდა თურმე თვითნასწავლი ექიმი სახელად ანა დოლიძე, რომელიც ურთულეს სამედიცინო მანიპულაციებს სპეციალური განათლებისა და აღჭურვილობის გარეშე ატარებდა. მერე კი მის საქმიანობას დიდი აღფრთოვანებით განიხილავდნენ კავკასიის სამედიცინო საზოგადოების წევრები და ექიმები.
„შეუძლებელია არ ვახსენო მარიამ ბაქრაძეც, ქართველი ქალი, რომელმაც 1897 წელს დაამთავრა პარიზის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი, 1 წლის თავზე დისერტაციაც დაიცვა და პარიზშივე, პასტერის სადგურში დაიწყო მუშაობა. მეოცე საუკუნის დასაწყისში მარიამ ბაქრაძე თბილისში დაბრუნდა და ათწლეულების განმავლობაში ინფექციურ განყოფილებას ხელმძღვანელობდა“...
ასი წლის წინაც, ეპიდემიების დროს, ტარდებოდა ქალაქის დეზინფექცია, თბილისის ქუჩები ირწყვებოდა მტკვრის წყლით, იქმნებოდა ახალგაზრდული დასები ინფიცირებულთა დასახმარებლად. 1883 წელს თბილისის სანიტარული კომისიის გადაწყვეტილებით, ქალაქი რამდენიმე სანიტარულ ნაწილად დაყოფილა, ზედამხედველობა კი ჩაბარდა ერთ ექიმსა და ერთ მზრუნველს ჩააბარეს...
იცით, რას წერდა, მაგალითად, „დროება“ ქოლერით ავადმყოფების წამლობაზე?
„როცა პარიჟში ხოლერა იყო, ერთს იქაურს ლაზარეთში მიიყვანეს ხოლერით ავათმყოფი, რომელიც, ის იყო, სულის დალევას აპირებდა; ყოველი ღონისძიება მოიხმარეს, მაგრამ იმის უკეთ ყოფნას არა ეშველა რა; ავათმყოფმა დაიწყო სიკვდილთან ბრძოლა. ამ დროს დოკტორმა ლორასიმ ნება სთხოვა თავის ამხანაგებს, რომ ავათმყოფზედ ერთიღა საშუალება კიდევ ეცადნა. იმან მომაკვდავს ხელი გაუჭრა და ერთნაირის მასრით ოთხასი გრამი წყალი შეასხა იმის ტანში იმ რიგათ, რომ წყალს ტანში ჰაერი არ შეყოლოდა, წყალი იყო კაცის სისხლზედ ათი გრადუსით უფრო ცხელი. ავათმყოფს ერთი ტერმომეტრი პირში ჩაუდეს და მეორე მუცელზედ დაადვეს. ტერმომეტრმა ჯერ ოცდა ექვსი გრადუსი აჩვენა მომაკვდავის კაცის სითბო და, როცა დოქტორმა ლორასიმ წამლობა გაათავა, მაშინ ტანის სითბო ოცდა ათი გრადუსი შეიქნა. ერთის სიტყვით მომაკვდავს ტანის ნამდვილი სითბო ისევ დაუბრუნდა; ათმინუტს შემდეგ ავათმყოფმა ლაპარაკი დაიწყო და მეორე დღეს სრულებით მორჩა" (დროება, N43, 1866 წელი).
ამავე „დროებას“ დიდი სტატია მიუძღვნია „თამბაქოს მოქმედებაზე კაცის სხეულზე“, სადაც წერდა:
„კაცმა რომ აიღოს რამდენიმე ფოთოლი თამბაქოსა დაფხშვნას და ჩაყლაპოს, ან არა, წყალში ჩაყაროს და იმის წვენი დალიოს, ცოტა ხანს შემდეგ იმას მოელის საშინელი სისუსტე და ფეხზე ვეღარ დადგება; ჯდომაც ვეღარ შეეძლება და მეტი ღონე არა აქვს, უნდა წამოწვეს, ამისთვის რომ თავბრუ დაესხმება თვალები აერევა და მანჭვა-გრეხასაც მოჰყვება. ამ სახით მოწამლულს კაცს რომ დავაკვირდეთ, შევნიშნავთ, რომ ტანზე კანი გაცივებული აქვს, მაჯა დასუსტებული აქვს, შუბლზე და ტანზე ცივი ოფლი დაასხამს, მძიმეთ სუნთქამს, ახრიალებს, თვალის კაკლები გაუდიდდება, კუჭი ასტკივდება საშინლათ, დააწყებინებს საქმებას წინ და უკან. რასაკვირველია, ამ გვარი ავათმყოფი დიდხან აღარ იცოცხლებს, სახსრები გაუშეშდება და მოკვდებაო“.
ერთი იმ დროის განცხადებაცა ვნახოთ:
„საექიმო უწყების“ სიტყვით, წელს მედიკო-ხირურგიის აკადემიაში შესულა მარტო 184 ახალი სტუდენტი, მაშინ როდესაც 1867 წელსა 270 შევიდა და შარშან 395. – „პეტერბურღის უწყებაები“ აბრალებს ამას ვითომ შემვიწროებელს, ახალს, კანონებს. (დროება, N43, 1869 წელი);
ამ ცნობის წაკითხვისას კი შეიძლება გეგონოთ, რომ დილანდელ საინფორმაციო გამოშვებას უყურებთ:
„ამბობენ, რომ ქალაქში ხოლერამ იკლოო, ამ დღეებში აქ გვარიანათ აგრილდა და ეს კარგი ამბავი იმის გამო უნდა იყოს. (დროება, N38, 1870 წელი). გუბერნიის ექიმი უფ. კარპოვიჩი აცხადებს ,,კავკაზში’’, რომ 17 სექტემბრიდგან ვიდრე 21-მდი თფილისში ხოლერით, მომკვდარა: თვითონ ქალაქში - 38, ქალაქის ლაზარეთში - 26, სამხედრო ლაზარეთში - 25; ავათმყოფი ყოფილა: ქალაქის ლაზარეთში - 38, სამხედრო ლაზარეთში - 31, მორჩენილა: ქალაქის ლაზარეთში - 6, სამხედრო ლაზარეთში - 24. (დროება, N38, 1870 წელი);
„დარჩით სახლში“, პირბადე და დაიბანეთ ხელები - 100 წლის წინ
„თფილისის მედიცინის საზოგადოებაში იყო მოლაპარაკება ხოლერის თაობაზე. ახლა ეს საზოგადოება აცხადებს, რომ რადგან ჯერაც არ მოსპობილა თფილისში ზოგიერთი ხოლერის ნიშნები, ამიტომ ვურჩევთ ყველას განსაკუთრებითი ყურადღება მიაქციონ ფეხის ადგილების სიწმინდეს და თუ სადმე ყვანა აქვთ, იქ ფეხის-ადგილში უთუოთ რკინის კუპაროსი ასხანო, თორემ შესაძლებელია, რომ გაზაფხულზე ისევ ნამდვილი ხოლერა დაგვიბრუნდესო“ (დროება, N49, 1870 წელი).
ქალაქის საავათმყოფოს დრო და დრო განცხადებას ავრცელებდა, მათთვის, ვისაც შვილების ყვავილზე აცრა სურდა და ამცნობდა, როდის უნდა მიემართათ საავადმყოფოსათვის:
„აქ აუცრიან ყვავილს ექიმის ხელმძღვანელობით. ღარიბებს მუქთად აუცრიან ყვავილს და ვისაც შეუძლიან, ექვსი შაური უნდა შეიტანონ. (დროება, N79, 1878 წელი)“.
პრესა მაშინაც წერდა, რომ ავადმყოფობის გავრცელება ქალაქის მოსახლეობას ძალიან აშინებდა და ყველა ცდილობდა ქალაქგარეთ წასვლას:
„ბევრი ემზადება აბასთუმანში და ბორჯომში წასვლას; კოჯორში, როგორც ამბობენ, ყველა სახლები უკვე დაჭერილია“. (დროება, N97, 1878 წელი).
გაზეთები სასწრაფოდ დაწერდნენ ხოლმე ახალ ამბავს თუ ქალაქში ვინმე ახალი მკურნალი გამოჩნდებოდა - ინტერესი განსაკუთრებით იდიდ იყო, თუ ეს მკურნალი ექიმი რომელიმე მაშინ გავრცელებული სენსა სწამლობდა. ასეთი ყოფილა ვინმე მარტიროზ ახნაზაროვი:
„რომელიც, ამბობენ ძალიან არჩენს ჭიასაო (სოლიტერს). გაზ. ,,კავკაზში’’ იწერება ერთი ვიღაც, რომ 16 ივლისს მივიღე იმის წამალიო და დღეს 28 ივლისს, სრულებით განთავისუფლდი ამ საძაგელ ავათმყოფობისგანო. მოგეხსენებათ, რომ ახლანდელი ნასწავლი ექიმები ძალიან ძნელად არჩენენ ჭიისაგან ავათმყოფს და თუ მართალია რასაც ამ ახნაზაროვზე სწერენ, ძალიან კარგი იქნება, რომ ჩვენმა მედიცინის საზოგადოებამ მიაქციოს ამას ყურადღება და, თუ შეიძლება, შეიძინოს იმისგან ამ ავათმყოფობის წამლობა“ (დროება, N163, 1880 წელი).
ასევე ნახეთ „ჩვენი ექიმები“ პირველ რესპუბლიკაში და მანამდეერთი სტატია ქალაქის ექიმებისთვისაც მიუძღვნიათ, სადაც წერენ, რომ თბილისში „ასზე მეტი ექიმი ითვლება“, მაგრამ ეს საკმარისი არ არის მაზრის მოსახლეობისათვისო.
„ჯერ აქაც ვგრძნობთ უექიმობას, - რაღა უნდა იყოს მაზრაში, სადაც ოც-და-ათი ათას მცხოვრებლებში, რამდენიმე ასი ვერსის სივრცეზე გაფანტულებზე მხოლოთ ერთი ექიმი ითვლება და ისიც ისეთი, რომელსაც ხშირად ხალხის ენა არ ესმის, რომელმანც ხალხის საჭიროება, ხასიათი, ჩვეულება და ცხოვრება არ იცის, რომელიც პეტერბურღიდამ გადმოვარდნილა და სადმე მიყრუებულს უეზდში მსახურებს! „ - წერდა „დროება“ 1881 წელს.
ესეც ცნობა ახალი ბებიაქალის თბილისში ჩამოსვლისა:
1878 წლის „დროების“ ერთ-ერთი ნომერი გვამცნობს, რომ „თფილისის საბებიო ინსტიტუტში, ეგზამენების შემდეგ, პირველად გამოუშვეს კურს-შესრულებულ ნასწავლი ბებია-ქალები“ - სიხარულის მიზეზი ის იყო, „ამ ფრიად სასარგებლო სასწავლებელში“ 25 ქალს შეუსრულებია კურსი და ეს ნასწავლი ბებიაქალები კავკასიის სხვადასხვა გუბერნიის და „უეზდის“ ქალაქებში დაიწყებდნენ მუშაობას.
„ მშობიარე ქალებს ისე არ გაუჭირდებათ ხეირიანი ბებიის შოვნა, როგორც ახლა უჭირთ და იძულებულნი არ იქნებიან სოფლის ბებიებსა და ექიმებს მიმართონ“, - ვკითხულობთ „დროებაში“.
„ივერია“, (1886 წელი, #138) აქვეყნებს ამბავს, რომ თურმე:
„ნავთლუხის სამკურნალოდგან ავად-მყოფების ნარეცხი წყალი ქუჩაში გუბდება და მთელი ტბა სდგას თურმე ამ ჭუჭყიანის წყალისა. ამ გუბეში ნაგავსა ჰყრიან და საზარელი სუნი სდგას თურმე მთელს ქუჩაზედ. ქალაქის გამგეობას ყურადღება მიუქცევია და ამ დღეებში აპირობს რითიც კი შეიძლება მოსპოს ეს სიბინძურე“.
თმისა და ბალნის მოსაცილებელ ფხვნილებს მაშინაც აქტიურად არეკლამებდნენ:
ესეც ერთი იმ დროის რეკლამა-განცხადება:
„დაიბეჭდა და ისყიდება წერა-კითხვის სამართველოში და ჩარკვიანის წიგნის მაღაზიაში ახალი ქართული წიგნი: დარიგება, თუ როგორ უნდა მოუარონ დედებმა ძუძუმწოვარ ყმაწვილებს. ფასი ერთი შაური“ (ივერია, N242, 1888 წელი).
ახალი ამბების რუბრიკაში ხშირად იბეჭდება ცნობები ქუჩაში დატოვებული ჩვილების შესახებ.
„ივერია“ წერს, როგორ იპოვა პოლიციამ „ძველის ინსტიტუტის გზაზედ, სვეჩნიკოვის სახლის კარებთან“ მიგდებული ყმაწვილი „მამათა სქესისა“, რომელიც, ორიოდე დღის დაბადებული იყო. ბავშვი საბებიო ინსტიტუტში გაუგზავნიათ.
ექიმებს თბილისიდან უცხოეთში გზავნიდნენ და ესეც ცნობებად იბეჭდებოდა.
„კავკასიის სამკურნალო მმართველობამ გაჰგზავნა ბერლინს ჭლექის წამლობის შესასწავლად უფროსი კორდინატორი ტფილისის საქალაქო საავადმყოფოსი ბ-ნი გაუდელინი. გაუდელინი გაიგზავნა სამის თთვის ვადით და მიეცა გზის ხარჯად 900 მან. იმ ფულიდან, რომელიც შესწირა ამ საავადმყოფოს განსვენებულმა მკურნალმა ლიბაუმ“,- ივერია, 1890 წელი, N249).
კორონავირუსის პანდემიის დასაწყისში პირბადეების გაძვირების ამბავი ხომ გახსოვთ? ეს ცნობა, „ივერიიიდან“, ცოტათი მაგ ამბავსაც გაგახსენებთ:
„გუშინ ჩვენს გაზეთში გვქონდა დაბეჭდილი, რომ ზოგიერთა აფთიაქის პატრონებმა თანხმობა გამოაცხადეს ღარიბ მცხოვრებლებს ხოლერის დროს ნახევარ ფასად მიჰყიდონ წამლებიო. ახლა შევიტყვეთ, რომ ასეთივე თანხმობა ყველა აფთიაქების პატრონებმა გამოაცხადეს“ (ივერია, N126, 1892 წელი).
ასევე ნახეთ ქრისტეს ლახვარი ეპიდემიის წინააღმდეგქოლერის პრევენციისთვის კი, ასი წლის წინათ, აი, რა გადაუწყვეტიათ:
„ქალაქის გამგეობამ გადაწყვიტა, თუ ვინიცობაა ტფილისში ხოლერა გაჩნდა, 18 კარავი დასდგას სხვა-და-სხვა ადგილებში ხოლერით ავადმყოფთათვის“ (ივერია, N127, 1892 წელი):
„ხოლერიან ავადმყოფთათვის შენობები უკვე გაუკეთებიათ ტფილისში. შენობებს ბრეზენტით დახურავენ. ავადმყოფების თეთრეულს მტკვრის პირას გარეცხამენ და სადეზინფექციო წამლებით აპკურებენ. საავადმყოფოს უფროსებად დანიშნული არიან მკურნალნი: ისტამანოვი და ადამოვი“.
ქოლერა დიდი სალაპარაკითო თემა იყო პრესისთვის - როგორც დღეს, მაშინაც ყოველდღე ბეჭდავდნენ ცნობებს, რამდენი დაავადდა და რამდენი გარდაიცვალა.
„ტფილისის მიხეილის სამკურნალოში ამ დღეებში გარდაიცვალა ერთი ხოლერით ავადმყოფი ახნაზაროვი. მიზეზი ისა ყოფილა, რომ ახნაზაროვს სამკურნალოშივე მკვახე ხილი უჭამია. ამის გამო სამკურნალო სამმართველომ განკარგულება მოახდინა, სასტიკად აკრძალულ იქმნას ყოველგვარ ხილის მიტანა სამკურნალოშიო“ (ივერია, N173 , 1893 წელი).
გადამდებ სენთა ქალაქის საავადმყოფოშიო, წერდა 1900 წელს „ივერია“, „1-ლ ივნისს ავად ყოფილა ყელჭირვებით - 3 და ყვავილით - 1. მთელის თვის განმავლობაში ყველანი გასაღებულან და ამჟამად საავადმყოფოში ავადმყოფები აღარ არიანო“...