ენა ენაში

როცა ერთი ენა ცდილობს შეაღწიოს მეორე ენაში, ეს ბუნებრივი პროცესია, როგორსაც აკვირდებიან და სწავლობენ ენათმეცნიერები, მაგრამ, როცა ერთი ენა, ადმინისტრაციული მეთოდებით და ძალადობით, ცდილობს დაიკავოს მეორე ენის ადგილი, აქ უკვე აშკარად პოლიტიკურ განზრახულობასთან გვაქვს საქმე. 1978 წლის 14 აპრილს სწორედ ამგვარ მცდელობას - ერთი ენის მეორეთი ძალადობრივად ჩანაცვლებას აღუდგა წინ ქართველი ხალხი.

1978 წლის 14 აპრილს, ერთი შეხედვით, აშკარა, საქვეყნოდ ცნობილი ანტიგმირები არ ჰყავს. როგორც იტყვიან, გადამწყვეტ მომენტში ყველამ ივარგა: ივარგეს ახალგაზრდებმა, სტუდენტებმა, მათმა ლექტორებმა, ინტელექტუალთა ნაწილმა და, როგორც საქართველოს მაშინდელმა ლიდერმა, კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველმა მდივანმა, ედუარდ შევარდნაძემ რადიო თავისუფლებისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, მანაც კი შეიტანა თავისი წვლილი საქვეყნო საქმეში, როცა ჯერ ცკ-ს ოდიოზური მდივნის, მიხაილ სუსლოვისა, და გენერალური მდივნის, ლეონიდ ბრეჟნევის, გადარწმუნება სცადა, შემდეგ კი ვნებათაღელვის საგნის - კონსტიტუციის პროექტის - შესწავლისა და განხილვის ინიცირება მოახდინა, თუმცა, როგორც აკაკი ბაქრაძე იხსენებს 1978 წლის მარტ-აპრილის მოვლენებს, სინამდვილეში ბევრად უფრო რთული ვითარება იყო, რადგან ქვეყნის მაშინდელ ადმინისტრაციულ და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, მათ შორის პირველ პირსაც, კონსტიტუციის 75-ე მუხლთან დაკავშირებით, ასეთი პოზიცია ეკავა: "ახალი კონსტიტუცია დიდ პერსპექტივებს უშლის წინ ქართველ ხალხს და იგი დიდი მონაპოვარია. „სახელმწიფო ენის“ ჩაწერა არ შეიძლება, იმიტომ რომ ლენინი იყო მისი წინააღმდეგი. ასე რომ, 75-ე მუხლი არ შეიცვლება. იმედია, ქართველი ხალხი ერთსულოვნად დაუჭერს მხარს ახალ კონსტიტუციას და მისი მიღება საზეიმო ვითარებაში ჩაივლის".

რა გადაწყდა 1978 წლის 14 აპრილს?

„იმართება კი სსრკ კონსტიტუციის შესაბამისად?“ - რიტორიკულად იკითხა აკაკი ბაქრაძემ ერთ თავის სტატიაში, რომელშიც ნეგატიური პასუხის დასაბუთებად იქვე მოიტანა საბჭოთა კონსტიტუციით აღიარებული ერების თვითგამორკვევის ფიქტიური უფლება და მასთან დაკავშირებით შალვა შარაშიძის (თაგუნა) მიერ გამოთქმული ეპიგრამა:

ერების თვითგამორკვევა ლოზუნგად ჰქონდათ ქცეული,

ყოველი ერი მოთხარეს, ვინც ნახეს გამორკვეული!

სსრკ კონსტიტუცია, 1977 წ.

საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას, მართალია, ფიქტიურად, მაგრამ მაინც ჰქონდა თავისი კონსტიტუცია მიღებული 1922, 1927, 1937 წლებში. ქართული ენის სახელმწიფო სტატუსი ყველა მათგანში იყო აღიარებული, მაგრამ მორიგ, 1978 წლის, კონსტიტუციის პროექტში ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი ჩამოართვეს.

„საქართველოს სსრ უზრუნველყოფს ქართული ენის ხმარებას სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანოებში, კულტურულ და სხვა დაწესებულებებში და ახორციელებს სახელმწიფო ზრუნვას მისი ყოველმხრივი განვითარებისათვის. საქართველოს სსრ-ის ყველა ამ ორგანოსა და დაწესებულებაში, თანასწორუფლებიანობის საფუძველზე, უზრუნველყოფილია თავისუფალი ხმარება რუსული, აგრეთვე, სხვა ენებისა, რომლებითაც მოსახლეობა სარგებლობს. რაიმე პრივილეგიები ან შეზღუდვები ამა თუ იმ ენის ხმარებაში არ დაიშვება“, - ეწერა კონსტიტუციის პროექტის 75-ე მუხლში.

საბჭოთა კონსტიტუციის ამ რედაქციით ქართულს ჩამოერთვა სახელმწიფო ენის სტატუსი, ხოლო რუსულს და სხვა ენებს ქართულის თანაბარი უფლებები მიენიჭა.

მოსკოვში მიღებულმა ამ გადაწვეტილებამ ბევრი აღაშფოთა საქართველოში, თუმცა საბჭოთა ინტელიგენციაში ბევრი იყო ისეთი, ვინც ფიქრობდა, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდა, რომ ერთი ტერმინი - „სახელმწიფო ენა“ - იცვლებოდა მეორე, იდენტური ტერმინით - „რესპუბლიკის ენით“ და რომ პროექტი აკანონებდა ქართული ენის ფართო, შეუზღუდავი სარგებლობის უფლებას საზოგადოებრივი, სახელმწიფოებრივი და კულტურული ცხოვრების ყველა სფეროში.

1978 წლის 31 მარტს „ლიტერატურულმა საქართველომ“ გამოაქვეყნა სტატია „ქართველ მწერალთა ხმა“ - მწერალთა სახლში გამართული შეხვედრის რეპორტაჟი, რომელშიც ქართველი მწერლები ძირითადად იწონებდნენ კონსტიტუციის პროექტის სადავო 75-ე მუხლს, არადა, სწორედ ამ შეხვედრაზე გაკეთდა უმწვავესი კრიტიკული განცხადებები, რომელთა შინაარსი, პათოსი და სულისკვეთება თავმოყრილია აკაკი ბაქრაძის სიტყვით გამოსვლაში 24 მარტს, საქართველოს კპ ცკ სხდომათა დარბაზში გამართულ განხილვაზე:

აკაკი ბაქრაძე

„მნიშვნელობა რომ არ ჰქონდეს, არავინ მოსკოვში არ ამოიღებდა ძველი კონსტიტუციიდან მუხლს, სადაც ქართული ენის სახელმწიფოებრიობაზეა ლაპარაკი და არ ჩაწერდა ახალ 75-ე მუხლს. მაშასადამე, არსებობს ჩანაფიქრი, რაც ქართული ენის წინააღმდეგ არის მიმართული. საქართველოს სსრ კონსტიტუციის პროექტი საფუძველს უყრის ქართველი ხალხის გარუსების საქმეს. ბევრი ამბობდა, რომ ეს შემთხვევითია, აქ დაშვებულია შეცდომა, ეს გაუგებრობაა, სტილისტური შეცდომაა და ა. შ. კონსტიტუციის პროექტს შემთხვევითი ადამიანები არ ადგენენ. ისინი ასე იოლად არ უშვებენ შეცდომებს, გაუგებრობებს, შემთხვევითობებს... მათ შესანიშნავად იციან, რას აკეთებენ, რატომ და რა მიზნით. ამიტომ სრულიად აშკარად და პირდაპირ უნდა ვუთხრათ - ჩვენ წავიკითხეთ საქათველოს სსრ ახალი კონსტიტუციის პროექტი და მივხვდით მის ნამდვილ აზრს და რაკი მივხვდით, მაშასადამე, პასუხიც უნდა მივაგოთ ახალი კონსტიტუციის პროექტის შემდგენლებს“.

სწორედ „პასუხის მიგება“ იყო 14 აპრილის მრავალათასიანი სახალხო მსვლელობა [ტრანსპარანტებით: აი, ია! ქართული ენა - სახელმწიფო ენა! ილიასა და აკაკის ენა - სახელმწიფო ენა! დედაენა!] მთავრობის სახლისკენ, სადაც კონსტიტუციის პროექტს განიხილავდნენ და სადაც, როგორც ედუარდ შევარდნაძე იხსენებდა წლების შემდეგ, სარისკო, მაგრამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო:

ედუარდ შევარდნაძე, საქართველოს კპცკ მდივანი 1978 წელს

„უკვე მესმოდა: დედა ენა! დედა ენა! მაშინ მე თავი გავწირე, გამოვაცხადე, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება ქართული ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის შენარჩუნების შესახებ. მიკროფონი ხომ ჩართული იყო, მაგრამ ბავშვებს ეს არ სჯეროდათ”.

სამაგიეროდ „ბავშვებმა“ დაუჯერეს აკაკი ბაქრაძეს, რომელმაც შეკრებილებს აუწყა, რომ მოსკოვიდან მართლა მოვიდა მიმართვა და რომ კონსტიტუციაში აუცილებლად დარჩება მუხლი მშობლიური ენის სახელმწიფო სტატუსის შესახებ.

ო, ენავ ჩემო: სუპი პლიტაზე რომ დავდგი, ვიზაკუსკე კუხნაში

როგორი იყო ქართული ენის ფაქტობრივი მდგომარეობა?

რუსეთის იმპერიაში, რომლის შემადგენლობაში საქართველო 1801-1917 წლებში იმყოფებოდა, რუსულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული, ადგილობრივი ენები კი, მათ შორის ქართული, არა მხოლოდ სახელმწიფო დაწესებულებებიდან, არამედ სასწავლებლებიდან და საზოგადოებრივი ცხოვრებიდანაც იდევნებოდა. სცოდავდნენ ქართველებიც.

ილია ჭავჭავაძე

„ჩვენს ენას ჩვენში მოედანი არა აქვს სავარჯიშოდ. ჩვენი ეგრეთ-წოდებული მაღალი საზოგადოება, ნამეტნავად ქალაქში, თავის სამარცხვინოდ თაკილობს თავის დედა-ენით ლაპარაკსა. ნათქვამია, თევზი თავიდამ აყროლდებაო, სწორედ ეგრე მოგვდის ჩვენც, ჩვენს ეგრეთ-წოდებულ მაღალ საზოგადოებას თუ დავაკვირდებით. ცოცხალი ლაპარაკი, ის დარბაისლური ქართული საუბარი, ის საამური ქართულის სიტყვის მიხვრა-მოხვრა, ის სიმდიდრე ქართულის სიტყვიერებისა აღარ ისმის, აღარ არის. გადაგვავიწყდა ყოველივე, რაც ენის შვენებას შეადგენს, რადგანაც ჩვენი აზრი ჩვენის ენით აღარ მოძრაობს, ჩვენი გული ჩვენის ენით აღარ თბება“, - წერდა ილია ჭავჭავაძე 1879 წლის „შინაურ მიმოხილვაში“.

რუსეთის მეფის ტახტის დამხობის შემდეგ ბოლშევიკებმა თავდაპირველად ყველა ენა თანასწორი გახადეს (უდამწერლობო ენებისთვის ანბანებიც კი შექმნეს), მაგრამ XX საუკუნის 30-იანი წლებიდან, რატომღაც, ენთუზიაზმი გაუქრათ და კვლავ რუსული ენა გამოარჩიეს. რუსული, როგორც სავალდებულო საგანი, საბჭოთა კავშირის ყველა სკოლაში პირველი კლასიდან ისწავლებოდა. შესაბამისად, რუსული ენა, ფაქტობრივად, ასრულებდა სახელმწიფო ენის როლს სსრკ-ს მთელ ტერიტორიაზე.

ქართული ენის პრობლემებზე წერდა იუმორისტული ჟურნალი "ტარტაროზი", 1928 წელს, N128

„80-იანი წლებისთვის რუსული უკვე იყო ფაქტობრივი სახელმწიფო ენა, ასევე ეროვნებათაშორისი ენა მთელ საბჭოთა კავშირში. რუსული ენის პრესტიჟმა ამ დროისთვის უმაღლეს საფეხურს მიაღწია. ოფიციალურ დაწესებულებებში, მართვა-გამგეობაში ის ერთადერთი და შეუცვლელია. რუსულის ცოდნის გარეშე შეუძლებელია დასაქმება, პროფესიული წინსვლა. შესაბამისად, მოკავშირე რესპუბლიკებში მკვეთრად იზრდება რუსულენოვანი სკოლების რაოდენობა და მოსწავლეების რიცხვიც სულ უფრო მატულობს მათში. ორენოვნების დონე თანდათანობით იზრდება“, - წერს ნინო მარკოზია ნაშრომში “ენობრივი სიტუაცია XX საუკუნის 80-იანი წლების საქართველოში“.

სწორედ 80-იანი წლებისთვის მიაღწია პიკს რუსული ენის ექსპანსიამ, რომელაც შეაღწია საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. ქართული მეტყველება წალეკა როგორც რუსულმა ბარბარიზმებმა და კალკებმა, ასევე უცვლელად გადმოტანილმა რუსულმა სიტყვებმა:

„ფართუკმა“ შეცვალა „წინსაფარი“, „ატვიორტკამ“ – „სახრახნისი“, „სპიჩკამ“ – „ასანთი“, „ჩაინიკმა“ – „ჩაიდანი“, “პროსტინამ“ – „ზეწარი“, „პერაშკმა“ – „ღვეზელი“, „ჩაინიკმა“ – „ჩაიდანი“, „პადიეზდმა“ - სადარბაზო და ა.შ.

ქართლოს კასრაძე

შემთხვევით არ არის, რომ, რუსული ბარბარიზმების დამკვიდრების გამო, ქართული ენის პედაგოგს ამასხარავებს ცნობილი მწერალი და იუმორისტი ქართლოს კასრაძე ჟურნალ „ნიანგში“:

”- თქვენ, აღმზრდელო პედაგოგო, დღეს ნამდვილად ინანებთ! –
ქართულ ენის გაკვეთილზე რატომ დაიგვიანეთ?
- ბოჟე მოი, ბოჟე მოი!.. გენაცვალოთ ვასასი!
დღეს ვიყიდე შტუჩნი პური, ვიჩინა და კალბასი,
გარჩიცა და ხალადეცი, კულიოკი პესოკი,
კაპუსტა და მარკოვკები, პეტრუშკა და ჩესნოკი!..

ბიჭს ვუყიდე კასეტები, `ჟუვაჩკა” და„”ქემელი”,
მოვიარე ნახალოვკა, კიროჩნი და ზემელი!..
სუპი პლიტაზე რომ დავდგი, ვიზაკუსკე კუხნაში,
ბეზ ჩეტვერტზე გამოვვარდი პლაშჩიანად ქუჩაში!..
პერეულკებზე დავრბოდი, ვსდევდი ტაქსის მაშინებს,
ზვანოკი ვერ გავიგონე, ვიგავორით მაშინებთ?” - ქართლოს კასრაძე, „ქართული ენის პედაგოგი“, „ნიანგი, №14, 1989

ქართულ ენაში რუსული ლექსიკური ერთეულების შეჭრის პრობლემა, XX საუკუნის 80-იანი წლების მსგავსად, ასევე აწუხებდათ XIX საუკუნის საქართველოშიც. ჯერ კიდევ ილიას „ივერია“ წერდა, უცხო სიტყვების ხმარებას უნდა ვერიდოთ შეძლებისამებრო.

„ყველა ენას და, რა საკვირველია, ქართულსაც აფუჭებს და რყვნის უცხო სიტყვების ხმარება არა დედა-ენის, არამედ უცხო გრამატიკის მოთხოვნილებისამებრ. სწერეთ ოღონდ ისე, როგორც დედა-ენის გრამატიკა, მისი ბუნება და აგებულება მოითხოვს და უცხო სიტყვების ზომიერი ხმარება ჩვენ ენას ვერას დააკლებს, ვერ შეჰბღალავს, რადგან ყოველი სიტყვა დაექვემდებარება დედა ენის გრამატიკას, მის დარჯაკში გაივლის და ისე მოიქნება, როგორც ყოველი ქართული სიტყვაა მოქნილი“.

1990 წლის დადგენილება "ქართული ენის დღის" დაწესების შესახებ

თუმცა ერთია ენის ფაქტობრივი მდგომარეობა და სულ სხვა - მისი იურიდიული სტატუსი, რომლის შეცვლა და დაკნინება (რაც კიდევ უფრო მეტად გააუარესებდა ფაქტობრივ მდგომარეობას) არ დაუშვა საქართველოს საზოგადოებამ შორეულ 1978 წლის 14 აპრილს. 12 წლის შემდეგ კი, ედუარდ შევარდნაძის სამშობლოში დაბრუნებამდე არასრული ორი წლით ადრე, ასევე ქართული ენის სასარგებლო გადაწვეტილება მიიღო საქართველოს კომუნისტური პარტიის ცკ-ს ბოლო მდივანმა და უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარემ, გივი გუმბარიძემ, რომელმაც, 1990 წლის 12 აპრილის დადგენილებით, 14 აპრილი „ქართული ენის დღედ“ გამოაცხადა.