დღეს მოქალაქეების ნაწილი სწორედ „ენკას“ ბაზასთან, ავტომობილებში გაათევს ღამეს, ნაწილი კვლავ დაიცავს ხეობაში ერთადერთ გადარჩენილ კარავს გუმათჰესთან.
ხეობაში კვლავ გრძელდება გადაადგილების შეზღუდვა. სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს აფრთხილებენ, რომ მათ წინააღმდეგ შესაძლოა გამოიყენონ ძალა. აქციის მონაწილეები ხან გზის გახსნას ცდილობენ, ხან შემოვლითი გზების ჩაკეტვას. ხელისუფლება ისევ არ დგამს ნაბიჯებს ვითარების განსამუხტად. კომპანია „ენკას“ დირექტორი საჯარო დებატებში იწვევს პროტესტის გამოკვეთილ ლიდერს, ვარლამ გოლეთიანს. აქტივისტები ამბობენ, რომ მათ კითხვები ხელისუფლებასთან აქვთ და არა კერძო კომპანიის დირექტორთან. ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა რიონის ხეობაში გადაადგილების და პროტესტის უფლების შეზღუდვაზე საუბარს „ანგაჟირებას” უწოდებს, რიონის ხეობის მცველები კი თავის მხრივ ამბობენ, რომ თურნავასთან დიალოგის სივრცე ამოწურულია და ამ ეტაპზე პრემიერთან სურთ შეხვედრა.
აქტივისტების, ხელისუფლების და კომპანიის წარმომადგენლების განცხადებები დიალოგზე, განხილვებსა და ხეობის მომავალზე ვერ ქმნის შექმნილი კრიზისიდან გამოსვლისთვის საჭირო გარემოს - ხელისუფლება ამბობს, რომ ულტიმატუმების ფონზე დიალოგი არ იქნება, კომპანია ხელშეკრულების პირობების განხილვას კარვების ფონზე არ აპირებს, რიონის ხეობის მცველები დღეს უკვე ალაპარაკდნენ იმაზე, რომ მათმა პროტესტმა შესაძლოა თბილისში გადაინაცვლოს და გაფართოვდეს.
ამ ეტაპზე ნამახვანჰესის გარშემო გაერთიანებულ მოქალაქეებს არ სურთ რიონის ხეობის დატოვება - ისინი მიიჩნევენ, რომ იქ ყოფნით ფიზიკურად აჩერებენ ჰესის სამშენებლო სამუშაოებს და იქიდან უფრო კარგად აჩვენებენ ხელისუფლების მანკიერ ბუნებას.
კომუნიკაციის პრობლემა, უკანონოდ გადაკეტილი გზები, დიდი რაოდენობით სამართალდამცველები და მოქალაქეები გამოსავლის ძიებაში ღია ცის ქვეშ, წვიმაში პოლიციის კორდონებთან ის კადრებია, რასაც ხალხი ხედავს მაშინ, როცა რიონის ხეობის მცველების პროტესტს უყურებს.
„ჩვენი ფუნქციაა, საზოგადოებამ ნახოს, რომ მშვიდობიან ხალხს, რომელსაც უნდათ გადაადგილება, ეს ეკრძალება. განმარტებასაც კი არ აკეთებენ, ვინც ამ რთულ კლიმატურ პირობებში დგას [აქციაზე], რატომ არ ეძლევა გადაადგილების საშუალება. სრულ აბსურდამდე დავიდა. გადავა ეს აქციები თბილისში და ეს იქნება ყველასთვის უფრო რთული - ჩვენ კი არ გადავიტანთ, ორგანიზატორები, თვითონ გადავა აქციები. მათი ეს არაკანონიერი, არასწორი მოქმედებები გამოიწვევს ამას”, - უთხრა დღეს გუმათჰესთან შეკრებილ მოქალაქეებს ვარლამ გოლეთიანმა მაშინ, როცა მათ მოუწოდა, წასულიყვნენ კომპანია „ენკას“ ბაზასთან და გადაეკეტათ შემოვლითი გზები, რომლითაც სამართალდამცველები და კომპანიის მანქანები გადაადგილდებიან.
გასცდება თუ არა პროტესტი რიონის ხეობას?
შეიცვლის თუ არა ადგილს კიდევ ერთხელ იძულებით ნამოხვანიდან გუმათში გადმოტანილი საპროტესტო მოძრაობა და გახდება თუ არა უფრო ის მასშტაბური, თუნდაც სხვა აქტივისტებთან თანამშრომლობით, ჰკითხა რადიო თავისუფლებამ ნამახვანჰესის პროტესტის ერთ-ერთ აქტიურ მონაწილეს, მირზა ნოზაძეს. ის ამბობს, რომ ხეობის მკვიდრების და ხელისუფლების ურთიერთობის დინამიკის მიხედვით, გამორიცხული აღარ არის, პროტესტმა ადგილი შეიცვალოს და მაგალითად თბილისში გადმოვიდეს, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამის სურვილი რიონის ხეობის მცველებს არ აქვთ.
„ვიაზრებთ პასუხისმგებლობას, რაც მოყვება ამ აქციის თბილისში გადატანას. თბილისში ეს აქცია აუცილებლად გაცდება ნამახვანის პროტესტს და იმ კონრეტულ მოთხოვნებს. არ გვინდა, დავამძიმოთ ისედაც რთული პოლიტიკური კრიზისი და ძალიან არ გვინდა, ამ ჭეშმარიტმა, რეალურმა, არამართულმა სამოქალაქო წრემ კიდევ მეტად დავამძიმოთ ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ხელისუფლება იქცევა უგუნურად. ჩვენ ამის სურვილი არ გვაქვს, მაქსიმალურად ვაგორებთ ამ პროცესს”, - ამბობს მირზა ნოზაძე და განმარტავს, რომ ისინი ემიჯნებიან პოლიტიკურ პარტიებს და მოწოდებებს, პარტიულ სიმბოლიკას, თუმცა კარს არავისთვის კეტავენ და ყველას, მიუხედავად პოლიტიკური გემოვნებისა, შეუძლია გახდეს პროტესტის თანამონაწილე.
ვისთან შეიძლება დიალოგი?
„აქტივისტები თვლიან, რომ საუბრის სივრცე აღარ არსებობს, აყენებენ პირობებს. მე როგორც ვხვდები, მთავრობის წევრზე ნაკლები რანგის ადამიანებთან საუბარი არ უნდათ და ბოლოს პრემიერ-მინისტრი ახსენეს”, - თქვა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ დღეს, რიონის ხეობის პროტესტზე საუბრისას. მას აქტივისტებთან კომუნიკაციის წარუმატებელი გამოცდილება აქვს. როცა ხეობაში ჩავიდა, უთხრეს, რომ მის იქ ჩასვლამდე ორჯერ იყო სპეცრაზმი. თავად კი შეხვედრა, სადაც ხელშეკრულების პირობები უნდა განეხილათ, რამდენიმე წუთში, განხილვის გარეშე დატოვა.
„როგორც ჩანს, ჩვენი მხრიდან ის ფორმატი გაგებული იყო, როგორც საქმიანი, სამუშაო შეხვედრა, ხოლო მეორე მხრიდან სხვა მოლოდინი იყო ამასთან დაკავშირებით. მაგრამ, თუკი აქტივისტებს გულწრფელად სურთ მიიღონ პასუხები მინისტრებისგან, ჩვენი სპეციალისტებისგან, ჩვენი კარი მათთვის ღიაა”, - ამბობს ეკონომიკის მინისტრი, თუმცა მასთან საუბარი არ სურთ თავად პროტესტის მონაწილეებს. მათი მოთხოვნა ნათია თურნავას გადადგომა და პრემიერთან შეხვედრაა.
„თურნავასთან საუბრის სივრცეს ჩვენ ვერ ვხედავთ. თურნავასთან დიალოგი ვერ გვექნება”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ვარლამ გოლეთიანმა. ის დღეს საჯარო დიალოგში გამოიწვია კომპანია „ენკას“ დირექტორმა მერაბ ლომინაძემ.
ასევე ნახეთ ნამოხვანში ადგილი, სადაც "რიონის მცველების" კარვები იდგა, ტრაქტორით დაამუშავეს„ვარლამსა და მის სამეგობროს მოვუწოდებ, რომ შევხვდეთ, დავსხდეთ, გნებავთ, კამერებით, გნებავთ, კამერების გარეშე. ეს არ ნიშნავს პროტესტის შეწყვეტას, მაგრამ აუცილებელია დიალოგის დაწყება, აუცილებელია მხარეების მოსმენა და პირდაპირ ვიტყვი, მე მაქვს ვარლამთან კითხვები, თუ მას არ აქვს ჩემთან, მე მაქვს მასთან კითხვები…” - ეს გზავნილი ჰქონდა ნამახვანჰესის მშენებელი კომპანიის დირექტორს. „ვარლამი და მისი სამეგობრო” კი თვლის, რომ მათ კითხვებზე მოპასუხე არა კერძო კომპანია, არამედ ის საჯარო მოხელეები არიან, ვინც კერძო კომპანიასთან, მათი აზრით, ქვეყნის ინტერესების საზიანო ხელშეკრულება გააფორმა და ადგილობრივ მოსახლეობასთან წარმატებული კომუნიკაცია ვერ უზრუნველყო.
„თუ ეს არის კითხვები, რომელიც ეხება გარემოს დაცვას, სეისმოლოგიას, სოციალურ პაკეტს, ამ შემთხვევაში მე პირდაპირ გეუბნებით, რომ ეს არის კითხვები ჩვენთან და არა სახელმწიფოსთან, მაგრამ თუ მათ დღის წესრიგში არის პოლიტიკური ელფერის შემოტანა ამ პროცესებში, მაშინ ჩვენ ვერაფერს ვიზამთ. ეს ხსნის იმ გარემოებას, თუ რატომ არ უნდა ვარლამსა და მის გარემოცვას, დაგვისხდნენ ჩვენ და გავიაროთ ყველა ტექნიკური დეტალი“, - ამბობს მერაბ ლომინაძე.
„ჩვენ კითხვებს არ ვუსვამთ "ენკას". "ენკას" დირექტორი "ენკას" დირექტორად დაინიშნა თუ სახელმწიფოს წარმომადგენლად?” - კითხულობს მირზა ნოზაძე, პროტესტის მონაწილე.
„,ყველა ჩავხსნათ და დავუჯდეთ მხოლოდ ლომინაძეს დიალოგში, არაფრის მომცემი არ იქნებოდა. ჩვენ კითხვები დოკუმენტებთან დაკავშირებით გვაქვს, შესაბამისად, კითხვების ადრესატები არიან ამ დოკუმენტებზე ხელისმომწერი, გადაწყვეტილების მიმღები და პასუხისმგებელი ხალხი”, - ამბობს ვარლამ გოლეთიანი.
პრემიერ-მინისტრის აპარატიდან, რომელთან შეხვედრის სურვილიც მათ აქვთ, აქციის მონაწილეებს არავინ დაკავშირებია. ყველაზე ინტენსიური კომუნიკაცია აქციის მონაწილეებს სამართალდამცველებთან აქვთ - სამხარეო პოლიციის უფროსი რიონის ხეობის ბინადრებს მეორე დღეა კამერების წინ აფრთხილებს, რომ თუკი სამართალდამცველებს არ დაემორჩილებიან, მათ წინააღმდეგ პოლიცია პროპორციულ ძალას გამოიყენებს, აქტივისტები კი ითხოვენ, გაიხსნას გზა და მიეცეთ ნამოხვანში დაბრუნების საშუალება. ხელისუფლების მხრიდან უკანდახევამდე, ყოველდღე აქტივისტები იხევენ უკან სამართალდამცველების კოლონებთან. ისინი თვლიან, რომ ასე პროტესტის მშვიდობიან ბუნებას აჩვენებენ. უკანდახევის ფარგლებში, ხეობაში მიმავალი შემოვლითი გზები, რომელიც დღის 4 საათის გადაწყვეტილებით უნდა ჩაეკეტათ, გახსნილია.